სუპერლიგას, საქართველოს მთავარ და ასაკობრივ ნაკრებებს ახალი სპონსორი ჰყავს

AutoSharing Option
ფოტო: gbf.ge

"საქართველოს რკინიგზა" სუპერლიგის, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების ფინანსური მხარდამჭერია

"საქართველოს რკინიგზასა" და კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულებას ხელი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ, ხოლო "საქართველოს რკინიგზის" მხრიდან გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ მოაწერეს.

ფინანსური მხარდაჭერა გაწეული იქნება საქართველოს სუპერლიგის, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისათვის. გარდა ეროვნული ნაკრებისა მხარდაჭერა ვრცელდება 3 ასაკობრივ ნაკრებზე - 16, 18 და 20-წლამდელთა ნაკრებებზე.

"მხარდამხარ გამარჯვებისთვის" - საქართველოს რკინიგზა მხარს უჭერს კალათბურთის ფედერაციას და მოუწოდებს გულშემატკივრებს
უფრო მეტი ჩართულობისკენ, რადგან მნიშვნელოვანია უფრო მეტად მოხდეს კალათბურთის, როგორც სპორტის სახეობის პოპულარიზაცია ქვეყანაში.

მემორანდუმის ხელმოწერას ოფიციალური სტუმრებიც ესწრებოდნენ - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და "საქართველოს რკინიგზის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძე.

ხელმძღვანელები და ოფიციალური სტუმრები სიტყვით გამოვიდნენ, ხოლო ხელმოწერის შემდეგ ამ ღირსშესანიშნავ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარები გაკეთდა".

მამუკა ბახტაძე, "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი: "დღეს მემორანდუმი გავაფორმეთ საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან, ვფიქრობ რომ ეს დიდი პასუხისმგებლობა და საამაყო საქმეა ჩვენთვის. ჩვენ ქართულ კალათბურთთან უკვე 1 წელია ვთანამშრომლობთ და ეს დღეს უკვე ოფიციალურად ეროვნული ნაკრებების დონეზე ავიყვანეთ. წელს ჩვენ ეროვნულ ნაკრებს იცით, რომ აქვს დიდი გამოწვევა და ვფიქრობთ რომ ამ გამოწვევას ერთად გავუმკლავდებით და ქართველ გულშემატკივარს დიდ სიხარულს ვაჩუქებთ.

მიხეილ გაბრიჩიძე, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი: "მნიშვნელოვანი დღე არის საქართველოს კალათბურთის ისტორიაში, ასეთი ძლიერი კომპანია რომ მხარში დაუდგა ქართულ კალათბურთს. ასეთი პრეცედენტი ჯერჯერობით არ ყოფილა. პირველი წელი არ არის რაც "საქართველოს რკინიგზა" თანამშრომლობს კალათბურთთან.

იმედი მაქვს რომ ეს წელი წარმატებული იქნება როგორც საქართველოს რკინიგზასთვის, ასევე ჩვენი კალათბურთისთვის და მისი განვითარებისთვის".

ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი: "ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული სპონსორის შემოსვლა ქართულ სპორტულ სივრცეში, ბუნებრივია ეს ხელს შეუწყობს როგორც კალათბურთის, როგორც ეროვნული ნაკრების ასევე ასაკობრივი ნაკრებების და ეროვნული ჩემპიონატის დონის ამაღლებას.

ჩვენთვის მთავარი საფიქრალი და საზრუნავი არის ეროვნული ჩემპიონატი, რამეთუ ნაკრებმა აუცილებლად უნდა მიიღოს შესაბამისი შევსება. ფედერაციაც და სპორტის სამინისტროც ამაზე მუშაობს.

მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობას, რომ კალათბურთის ფედერაციას გვერდით დაუდგა. ეს არ არის პირველი შემთხვევა მათი მხრიდან - ისინი ქართულ სპორტს უანგაროდ ემსახურებიან და ეს მისასალმებელია. აგრეთვე მისასალმებელია, რომ ბოლო დროს გახშირდა სპონსორების შემოსვლა ქართულ სპორტში, ეს რაღა თქმა უნდა იმედს გვაძლევს და მთლიანობაში ხელს უწყობს ქართული სპორტის დონის ამაღლებას".

კოკა გუნცაძე, საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: "ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა ის ფაქტორი, ტრადიციები, სახელოვანი წარსული ჩვენი კალათბურთის, პოტენციალი და მისი მომავალი, დღეს არსებული წარმატებები, გავითვალისწინეთ ის ამოცანები რომლებიც დგას ჩვენი ეროვნული ნაკრების წინაშე და ის მთავარი ფაქტორი, რომ ჩვენი კალათბურთის გამარჯვება ჩვენი ხალხის გამარჯვებაა.

ცხადია ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება გავმხდარიყავით გენერალური სპონსორი ჩვენი ეროვნული გუნდების და მხარი დაგვეჭირა კალათბურთის ეროვნული ფედერაციისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები გააგრძელებს წარმატებებით სვლას საერთაშორისო სარბიელზე. ჩვენ გვერდით დავუდგებით მათ ამ საქმეში.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული