ვლადიმერ ბოისა: ეს ილიას ზუროსისთვის ცუდია, ჩვენთვის - კარგი...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ევრო-2017-ის შესარჩევი ეტაპისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

ახალ სპეციალისტს ყოველთვის სიახლეები მოაქვს. საკითხავია, რამდენად სასარგებლო იქნება ის გუნდისთვის. ზუროსმა გუნდში დააბრუნა იგორ კოკოშკოვის ფორმაციის ნაკრებიდან ამოვარდნილი ლაშა გამყრელიძე, ნიკა ცქიტიშვილი და ანატოლი ბოისა. არ მიიწვია ევროპის 2013 წლის ჩემპიონატზე სასტარტო ხუთეულის წევრი ლევან ფაცაცია...

საინტერესოა, რა პრინციპით შეირჩა შემადგენლობა, რატომ არ არის სანაკრებო სიაში ნატურალიზებული ამერიკელი და რას აპირებს სამომავლოდ ბერძენი მწვრთნელი...

იგი საქართველოში შეკრების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვა, მანამდე კი ვლადიმერ ბოისას მოსაზრება მოვისმინოთ.
იგი კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია და საქართველოში ვიზიტებისას ყოველთვის ილიას ზუროსის გვერდში იყო.

- ილიას ზუროსზე არჩევანი იმიტომ შევაჩერეთ, რომ გამოცდილი სპეციალისტია, კლუბების გარდა ნაკრებშიც უმუშავია.

იყო კიდევ ერთი მიზეზი - იგი ამჟამად კლუბში არ მოღვაწეობს და მხოლოდ სანაკრებო საქმიანობითაა დაკავებული. ეს მისთვის ცუდია, ჩვენთვის - კარგი. მას საშუალება ჰქონდა, საქართველოში ჩამოსულიყო და ადგილზე გასცნობოდა სანაკრებო რესურსს. ზუროსი ოთხჯერ იყო ჩვენთან და დაესწრო როგორც სუპერლიგის რეგულარული ეტაპის მატჩებს, ასევე პლეი ოფს. გაესაუბრა კალათბურთელებს, მწვრთნელებს და სწორედ ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება.

- იყო რამდენიმე კალათბურთელი, რომელთა გამოძახებასაც ველოდით...
- 2012 წელს იგორ კოკოშკოვის გადაწყვეტილებით, გუნდში ვერ მოვხვდით მე, ლაშა გამყრელიძე და ნიკა ცქიტიშვილი. ასეთი იყო ნაკრების თავკაცის მოსაზრება, რომელიც ზოგს არ მოგვეწონა, ზოგს - პირიქით.

ილიას ზუროსი გაეცნო ჩვენი კალათბურთელების შესაძლებლობებს და ამ ეტაპზე საჭიროდ ჩათვალა ის შემადგენლობა გამოეძახა, რომელიც გამოიძახა.

ფედერაცია, გულშემატკივარი პირველ რიგში სწორედ ილიას ზუროსს სთხოვს შედეგებზე პასუხს და მწვრთნელიც იმ შემადგენლობას ეყრდნობა, რომლითაც, თვლის, რომ შედეგს მიაღწევს.

- უნდა გკითხო შენს ძმაზე. ანატოლი ბოისა 2013 წლის შემდეგ დაუბრუნდა გუნდს...
- როგორც ძმას, ეს ძალიან მახარებს. ზუროსმა "ქუთაისის" მატჩებიც ნახა და ასე ჩათვალა საჭიროდ. როგორც უკვე აღვნიშნე, მწვრთნელი ჯერ საკუთარ თავზე, საკუთარ სამუშაოზე ფიქრობს და შემდეგ იმაზე, ვინ ვისი ძმაა და ა.შ.

- გუნდში ორი ახალგაზრდაა, გიგი გოგობერიშვილი და ლუკა ზაქრაძე.
- მათი მიწვევით ახალმა მწვრთნელმა თამამი გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს ნაკრებში ყოველთვის უნდა იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც სანაკრებო ატმოსფეროს, გუნდის სისტემას გაეცნობიან, გამოცდილებას მიიღებენ, რაც შემდეგ თავად უნდა გამოიყენონ ეროვნულ გუნდში თამაშისას.

- სიაში არ არის ნატურალიზებული კალათბურთელი. რა არის ამის მიზეზი?
- ჯერ საბოლოოდ არ გადაწყვეტილა, ვინ დაიცავს ჩვენი ნაკრების ღირსებას. ამიტომაც არ არის განაცხადში ამერიკელის გვარი.

- მაიკ ჯეიმსთან მოლაპარაკებები ისევ მიმდინარეობს?
- დიახ. გვსურდა, დროულად გადაგვეწყვიტა მისი დამატების საკითხი, თუმცა ეს ვერ ხერხდება... მისი თემა ჯერ არ არის დახურული.

- ბექა ბექაური და კახა ჯინჭარაძე სარეზერვოები არიანო, წერია პრეს-რელიზში. ეს რას ნიშნავს?
- წლეულს პირველად შეიქმნება საქართველოს "ბ" ნაკრები, რომელსაც დავით უსტიაშვილი უხელმძღვანელებს. ამ გუნდში ყველა ის კალათბურთელი ითამაშებს, რომლებიც ეროვნული ნაკრების კანდიდატებად მოიაზრებიან. "ბ" ნაკრები გამოსვლას მანამ დაასრულებს, ვიდრე პირველი გუნდი დაიწყებს. ამიტომ, თუ ვინმე თავს გამოიჩენს, ილიას ზუროსი თავისთან წაიყვანს. უახლოეს რეზერვად სწორედ ბექა ბექაურს და კახა ჯინჭარაძეს მიიჩნევს.

- ეროვნული ნაკრები როდის შეიკრიბება?
- შეკრება ოფიციალურ მატჩებამდე თითქმის ორი თვით ადრე დაიწყება - 11 ივლისს. მანამდე 5 დღით ადრე კი ილიას ზუროსი თბილისში ჩამოვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბექა ბექაურს მართლა ვემადლიერებით ქუთაისში, მართლა მაგარი ბიჭია, რაც მტავარია ბოლომდე მებრძოლია და ნაკრების კარი ნამდვილად უნდა გაიღოს მისთვმის. ანატოლი ბოისას რაც შეეხება ჩვენს საჩემპიონო სეზონშიც და მანამდეც ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წეტილია, გადახედეთ ვისაც გადაინტერესებთ მის სტატისტიკას და გეტყვით, რომ სტატისტიკასთან შედარებით კიდევ უარესად თამაშობს რეალობაში... და ამიტომაც მაპატიეთ, მაგრამ არ მჯერა, რომ ანატოლი ბოისა ვლადიმერ ბოისას ძმობის გამო კი არა, კარგი თამაშის გამოა მიწვეული
ქუთათური
12:13 11-06-2016
0
და კიდევ, იქ სადაც ლაშა გამყრელიძე იმსახურებს ნაკრებში თამაშს, ზაურ ფაშაევი ხომ საერთოდ უკონკურენტო იქნება. შევთავაზოთ ამ ბიჭს აზერბაიჯანის ნაცვლად საქართველოს ნაკრებში თამაში, არც მილიონები დაგვიჯდება მისი გადმობირება და მეორე ხუთეულში ძლიერი გამტამაშებელი გვეყოლება ძალიან, თუ პირველში არა. გამყრელიძეს მაინც ჯობია ბევრად
ქუთათური
12:18 11-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული