ნიკოლა ვუჩევიჩი: საქართველო გამოცდილი გუნდია, მაგრამ დავამარცხებთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ამ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩაერთვება. მისი მეტოქეები იქნებიან ჩერნოგორია, სლოვაკეთი და ალბანეთი. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა საჭირო.

მეორეადგილოსანიც გადის, თუმცა ყველა ჯგუფისა არა. ამიტომ, მხოლოდ პირველზე უნდა ვიფიქროთ. ამავე აზრზეა (ოღონდ სათავისოდ) ჩერნოგორიის ნაკრების ლიდერი, 25 წლის ნიკოლა ვუჩევიჩი, რომელმაც NBA-ში მეხუთე სეზონი ჩაამთავრა.

"2013 წლის შემდეგ ნაკრებს ვუბრუნდები. ეროვნული გუნდის ღირსების დაცვა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

ევრობასკეტი 2015-ის შესარჩევ ეტაპზე ჩვენმა ნაკრებმა წარუმატებლად იასპარეზა და ევროპის ჩემპიონატმა ჩერნოგორიის გარეშე ჩაიარა. ასეთი რამ
აღარ უნდა განმეორდეს".

იგი მეტოქეებზეც საუბრობს, უფრო სწორად, მეტოქეზე, მთავარ მოწინააღმდეგეზე - საქართველოს ნაკრებზე.

"ჩვენი ჯგუფის ყველა გუნდს დიდ პატივს ვცემ. თითოეულთან ბოლომდე მობილიზებულები გავალთ სათამაშოდ. ყველაზე უკეთ კი საქართველოს ვიცნობ.

ქართველებმა დიდებულად ითამაშეს ევროპის 2015 წლის ჩემპიონატზე. ამ გუნდში დიდი გამოცდილებაა, თუმცა გვყავს საკმარისი ტალანტი მის დასამარცხებლად.

ჩვენს გუნდს გრძელი სათადარიგოთა სკამი აქვს, დიდი გამოცდილების მქონე სამწვრთნელო შტაბი ჰვყავს. ევროპის ჩემპიონატზე უნდა გავიდეთ, ყველა სხვა გზა მოჭრილია".

ასე და ამგვარად, ვუჩევიჩს საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ საკმარისი მოტივაცია აქვს. ჩერნოგორიელებს NBA-ში კიდევ ერთი წარმომადგენელი ჰყავთ, ისიც ნიკოლა, ოღონდ პეკოვიჩი. თუმცა, სადღეისო ინფორმაციით, მას ტრავმა აქვს და შესარჩევ ეტაპზე ჩერნოგორიელებს ვერ დაეხმარება.

მონტენეგრო პეკოვიჩის გარეშეც ძლიერი გუნდი იქნება. ითამაშებენ ბოიან დუბლიევიჩი "ვალენსიადან", ბლაგოტა სეკულიჩი "ტენერიფედან", ნემანია რადოვიჩი "მურსიადან", მარკო ტოდოროვჩი "ბილბაოდან"... ეს სწორედ ის ტოდოროვიჩია, ერთი წლის წინათ თორნიკე შენგელიას მუშტი რომ მოხვდა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ბოგდან ტანიევიჩის გუნდში ითამაშებს ამერიკელი გამთამაშებელი ტაირის რაისი, რომელიც განვლილ სეზონში "ხიმკისთან" ერთად საქართველოში იყო. რაისი ევროლიგის 2014 წლის ფინალური ოთხეულის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული