ილიას ზუროსმა ეროვნული ნაკრები პოდჩეტრტეკში სრული დატვირთვით ავარჯიშა

AutoSharing Option
17 ივლისს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების საწვრთნელი კემპი ოფიციალურად გაიხსნა. სწორედ ამ დღეს ჩაატარა ეროვნული გუნდის ბერძენმა სპეციალისტმა ილიას ზუროსმა საკუთარი გეგმის შესაბამისად დატვირთული, პირველი სრულყოფილი ვარჯიში. 16 ივლისს, სლოვენიაში ჩასვლის დღეს კი ნაკრების წევრებმა მხოლოდ მსუბუქად ივარჯიშეს.

პოდჩეტრტეკის დარბაზში საღამოს 18:30 საათზე 14 კალათბურთელი შეიკრიბა. ნაკრებს შეუერთდა ნიკა მეტრეველი, რომელიც სლოვენიაში იტალიიდან ჩავიდა, სადაც საკუთარ კლუბ "იუვეკაზერტაში" სამედიცინო შემოწმება გაიარა. მეტრეველს და თორნიკე შენგელიას ზუროსის ვარჯიშებში მონაწილეობა არ მიუღიათ - ისინი დარბაზის ტრენაჟორებიან მხარეს იყვნენ და ინდივიდუალურად ემზადებოდნენ.

მწვრთნელების განკარგულებაში
მყოფი 12 კალათბურთელი თავდაპირველად ფიზმომზადების სპეციალისტმა გეორგიოს ვავეცისმა ავარჯიშა და ნაირგვარი მოთელვით მათ კუნთები დატვირთვებისთვის შეუმზადა. შემდეგ კი ზუროსის ჯერი დადგა, რომელმაც ნაკრების წევრები ნაირგვარ კომპონენტზე - დაცვაზე, შეტევაზე, სწრაფ პირველ შეტევაზე და რა თქმა უნდა, სროლებზე ავარჯიშა. ზუროსის ვარჯიშები განსხვავებული და სახალისო იყო. ზოგი კომპონენტი რთული გახლდათ და კალათბურთელებს მათ ზუსტად შესასრულებლად დიდი ძალისხმევა და სისხარტე სჭირდებოდათ.

ვარჯიში საჯარიმოებით ჩამთავრდა. ყველას უნდა ესროლა 2-ჯერ და თუ ჩააგდებდა, ვარჯიშს ასრულებდა, თუკი ვერა, რჩებოდა და ჯარიმის სახით, ვარჯიშში დარჩენილ მოთამაშეებთან ერთად მოედანს სირბილით ორჯერ კვეთდა. ბევრი სირბილი ბიჭებს არ მოუწიათ. უმეტესობამ ზუსტად შეასრულა საჯარიმოები და ვარჯიშიც 2 საათის თავზე დასრულდა.

დღეს, 18 ივლისს, საღამოს, ილიას ზუროსის გუნდი სრულ, გენერალურ ვარჯიშს ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება. 31 აგვისტომდე ეროვნულ გუნდს თვენახევრიანი მოსამზადებელი ეტაპი და 10 სპარინგ-მატჩი ელის. ზუროსის გუნდი პირველ ამხანაგურ მატჩს 2 აგვისტოს, პოდჩეტრტეკში, პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნაკრების შემადგენლობა,რომ დაასახელოდ გოიმობაა?
vaxvax
15:53 18-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული