საქართველო-პორტუგალია 90:71 - სეზონი +19-ით გავხსენით

AutoSharing Option
პორტუგალიას რომ ვეთამაშებით, ყოველთვის გამარჯვებას ველით, ოღონდ ამჯერად სიტუაცია სხვაგვარი იყო: პორტუგალიელებთან მატჩი ჩვენი გუნდისთვის სეზონის გახსნითი შეხვედრა გახლდათ, ახალი მწვრთნელის მიერ დანერგილი ახალი სისტემა უნდა გამოგვეცადა და საკითხავი იყო, ყოველივე ეს პირველივე შეხვედრაში თუ მოგვცემდა შედეგს.

მოგვცა - პორტუგალია დამაჯერებლად დავამარცხეთ. სწორედ ამხანაგურ მატჩებში უნდა დაიხვეწოს ტაქტიკა, გუნდი ფორმაში შევიდეს, რომ ევროშესარჩევისთვის მზად ვიყოთ. პირველი ოფიციალური მატჩი ხომ 31 აგვისტოს გველის.

ასე და ამგვარად, პორტუგალიას 19 ქულის სხვაობით, 90:71 ვძლიეთ. საქართველოს ნაკრები ნამდვილად არ ჰგავდა გუნდს, რომელიც პირველ მოსამზადებელ
მატჩს ატარებდა, მეტოქესთან შედარებით ფიზიკურადაც კარგად გამოიყურებოდა და სროლის სიზუსტითაც გამოირჩეოდა. თავად განსაჯეთ: 42-დან 22 ორქულიანი, 17-დან 9 სამქულიანი (52.9%) და 24-დან 19 საჯარიმო გამოვიყენეთ.

* * *
რადგან მატჩის რეპორტაჟი არ განხორციელებულა, გულშემატკივრისთვის საინტერესო უნდა იყოს თვითმხილველის მონათხრობი. აი, რას წერს კალათბურთის ნაკრების პრესატაშე ირაკლი პერტაია:

"ქართველები 26 ქულით იგებდნენ და რომ მოენდომებინათ, ამაზე გაცილებით დიდი სხვაობითაც იმარჯვებდნენ, თუმცა არითმეტიკა და ქულათა სხვაობა ახლა ყველაზე ნაკლებად ადარდებს ილიას ზუროსსა და მის სამწვრთნელო შტაბს. ბერძენმა სპეციალისტმა საქმეში დაინახა იმ მუშაობის ნაყოფი, რაზეც 20 დღეა, სლოვენიაში შრომობს. დაცვითი და შეტევითი კომბინაციები, კონკრეტულ მოთამაშეთა მიერ აწყობილი ბურთის გათამაშებები და სხვა არაერთი საკალათბურთო მსხვილმან-წვრილმანი ზუროსმა ჩვენი გუნდის წევრებს არცთუ ურიგოდ შეასრულებინა.

ქართველებმა ისე დამაჯერებლად ითამაშეს, იმდენად კარგად შეუზღუდეს მეტოქეს სივრცეები, რომ ერთი პირობა პორტუგალიელებზე გვაფიქრებინეს, სამქულიანების გარდა, სხვა რამ თუ იციანო.

პირველ ტაიმში, სანამ მეტოქეს დაზვერავდნენ და ქმედით საწინააღმდეგო ტაქტიკას აირჩევდნენ, პორტუგალიელებმა პერიმეტრზე გაილაღეს და სამქულიანი სროლებით გადიოდნენ ფონს. ამან პირენეელებს მხოლოდ პირველ პერიოდში მოუტანა შედეგი, შემდეგ კი ზუროსმა დაცვა გადააწყო, ბიჭებს შესაბამისი დავალებები მისცა და შედეგიც მოიმკა.

თუკი საწყისი 10-წუთეული მხოლოდ 2 ქულით მოიგეს, მეორე პერიოდში ქართველების უპირატესობა აშკარა იყო და ეს ანგარიშშიც სწრაფად აისახა. მეორე მეოთხედი 22:13 მოვიგეთ, ხოლო მესამეში თამაშის ბედი გაირკვა. ზუროსის გუნდის უპირატესობამ 26 ქულას მიაღწია და დამშვიდებულ გულზე ბერძენ მწვრთნელს სხვა ტაქტიკა-სისტემების დამუშავების, ასევე, ნაკრების ახალბედების გამოცდის საშუალება მიეცა.

სასტარტო ხუთეულში 2 ნომინალური გამთამაშებელი იყო - გიორგი ცინცაძე და მაიკლ დიქსონი, თუმცა ამერიკელი ლეგიონერი უფრო ფრთაზე იყო გაწეული და მსროლელის ფუნქციებს ასრულებდა. ცინცაძე კი, როგორც სჩვევია, მახვილგონივრულად უძღვებოდა ჩვენი ნაკრების შეტევებს და შანსი რომ მიეცემოდა, თავადაც აგვირგვინებდა.

ვიქტორ სანიკიძე, რომელიც აქამდე უფრო ფარისკენ იწევდა და თავდამსხმელს პოზიციას უმაგრებდა, 3 ნომრად თამაშობდა. მისი დაყენებული შორი სროლები ნებისმიერი ნაკრებისთვის დიდი პრობლემა იქნება. სანიკიძე ფარზე მუშაობით უწინდელივით აღარ იტვირთებოდა, რაკი სამწამიან ზონას სრული დომინანტები ჰყავდა თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინის სახით. შენგელია, ფაქტობრივად, შეუჩერებელი იყო, შერმადინი კი ტაქტიკური თვალსაზრისით უდიდეს სამუშაოს ასრულებდა, მეტოქის დამცველთა ყურადღების მიქცევით შენგელიას და პერიმეტრზე დადარაჯებულ სხვა მოთამაშეებს უთავისუფლებდა ასპარეზს.

შესანიშნავად ჩაერთო თამაშში დუდა სანაძე, რომელმაც ყველა ის კომპონენტი შეასრულა, რასაც მისგან მწვრთნელები ითხოვენ. სანაძეს რომ სამქულიანების სროლასა და სწრაფ შეტევებში წუნი არ დაედება, ვიცით და მისგან უწინდელზე მეტი დაცვითი შემართება ვიხილეთ, რაც მას მეტოქეთათვის ერთიორად საშიშ მოთამაშედ აქცევს. 21 წუთში მითვლილი 14 ქულა, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა გვარიანი წილი იყო საქართველოს გამარჯვებაში. მის დარად, 14 ქულა მიითვალა შერმადინმაც".

* * *
საქართველოს ნაკრები დღეს მსუბუქად ივარჯიშებს. 4 აგვისტოს, დილას, მოსკოვში გაემგზავრება, სადაც 5 აგვისტოს ბელორუსს, 6-ში კი რუსეთს დაუპირისპირდება.

ნამატჩევს
იურიცა გოლემაცი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი):
- ეს იყო ახალი სისტემის, ახალი მწვრთნელის პირველი მატჩი და შედეგით კმაყოფილები უნდა ვიყოთ. როგორც აქამდე ითქვა, განსაკუთრებით, დაცვაში შეიცვალა ბევრი რამ და ვფიქრობ, კალათბურთელები კარგად იაზრებენ, რას ითხოვენ მწვრთნელები. ცხადია, შეცდომებიც იყო, მაგრამ ამის მიზეზი ისაა, რომ ეს გახლდათ ჩვენი პირველი მატჩი მიმდინარე სეზონში. თამაშიდან თამაშამდე შეცდომების რაოდენობა უნდა შევამციროთ.

- პორტუგალიასთან მატჩმაც დაგვანახა, რომ კალათბურთელები ფიზიკურად თავს კარგად გრძნობენ, რადგან აქამდე დიდი დრო დავუთმეთ ფიზიკურ მომზადებას.

- მეტოქემ ბევრი სამქულიანი ჩაგვიგდო, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის სანერვიულო, ვინაიდან პორტუგალიელებმა ეს თამაშის დასაწყისში გააკეთეს. შემდეგ მწვრთნელთა მითითებისა და ჩვენი კალათბურთელების გააზრებული მოქმედების შედეგად მოწინააღმდეგეს შორეული ტყორცნების თავისუფლად შესრულების საშუალება აღარ მისცემია.

- წინ კიდევ უფრო რთული მატჩები გველის. მიმაჩნია, რომ რუსეთი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია და სწორედ მოსკოვში, მასპინძლებთან და ბელორუსებთან მატჩში გამოჩნდება, სად ვართ დღეს. რა თქმა უნდა, ყველა შეხვედრის მოგება გვსურს, მაგრამ ჩვენთვის მთავარი მიზანი მაინც თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაა.

ამხანაგური მატჩი
2 აგვისტო, პოდჩეტრტეკი (სლოვენია)
საქართველო-პორტუგალია 90:71
24:22, 22:13, 25:12, 19:24
Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
შემდეგი თამაშ როდის იქნება ?
ამიკო
17:26 03-08-2016
0
ბურჯანაძემ რო დაცვაში ძაან მაგრად ითამაშა ეგ არაფერიი ?
jj bufon
17:56 03-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული