პოლონეთი-საქართველო 80:71 - ფოლები და დანაკლისი...

AutoSharing Option
პოლონეთის ნაკრებთან ქართველებს კარგი მოგონებები გვაკავშირებს. მწარეც რომ ტკბილად გახსენდებაო - ხომ ამბობენ, სწორედ ასეა ჩვენი საქმე.

გაგახსენებთ: საქართველოს ნაკრებმა თავის ისტორიაში პირველი ოფიციალური მატჩი 1995 წლის 24 მაისს სწორედ პოლონეთთან გამართა. დამარცხდა, მაგრამ საკვალიფიკაციო ეტაპი მაინც დასძლია. მეორე ოფიციალური შეხვედრა 2010 წლის 2 აგვისტოს ჩაატარა - თბილისში გორტატიან პოლონეთს უმასპინძლა და ყველასთვის მოულოდნელად 19 ქულით დაჯაბნა. სწორედ მაშინ თქვა მარცინ გორტატმა - ზაზა ფაჩულიამ გამანადგურაო. განმეორებითი მატჩი ვარშავაში ჩატარდა, 9 ქულის სხვაობით დავმარცხდით, რაც პოლონელებს ჩვენ გასასწრებად არ ეყოთ.
გავიდა სამი წელი და 2013 წლის ევრობასკეტზე გორტატი თავაწეული ჩავიდა: მედალი უნდა მოვიგოო. პირველივე მატჩში საქართველოს შეხვდა და - 84:67 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.

თუმცა, ამხანაგურად პოლონეთს რამდენჯერაც ვეთამაშეთ, იმდენჯერ დავმარცხდით...

* * *
25 აგვისტოს, ვლოცლავეცის ტურნირის ბრინჯაოს მედლისთვის მატჩში ქართველებმა მასპინძლებთან 9 ქულის სხვაობით დათმეს - 71:80. არადა, იყო მომენტი, ჩვენი გუნდი მოწინააღმდეგეს 18 ქულით ჩამორჩა. ბოლო პერიოდში თამაშის შემოტრიალება კი ვცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. რომ მოგვეგო, სწორედ ის იქნებოდა გასაკვირი...

რატომ? მიზეზი ორია: დაკარგვები თამაშისას და კალათბურთელების დანაკლისი.

პირველი - საქართველოს ნაკრებმა გუშინდელ შეხვედრაში 26 შეცდომა დაუშვა. ეს ძალიან ბევრია. განსაკუთრებით, იმ პირობებში, როდესაც პოლონეთმა მხოლოდ 12 შეცდომა დაუშვა. როდესაც დაკარგვებში ასეთი სხვაობაა, ან სამქულიანი უნდა ჩააგდო მეტოქეზე სამჯერ მეტი, ან ფარქვეშ არ შეუშვა... პოლონეთმა 8 სამიანი ჩააგდო, საქართველომ - 4. მოხსნებში სხვაობა უმნიშვნელო იყო - 31:29 საქართველოს სასარგებლოდ.

მეორე - სასტარტო ხუთეულის ოთხმა კალათბურთელმა მატჩი ვერ ჩაამთავრა. უფრო სწორად, ორმა ვერ ჩაამთავრა, ორიც მოედანზე ტრავმის გამო არ გამოჩენილა. თორნიკე შენგელია და მაიკლ დიქსონი ტრავმირებულები არიან და შეხვედრას თვალს სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდნენ.

ვიქტორ სანიკიძე და გიორგი ცინცაძე კი ჯარიმების გამო ვერ დაეხმარნენ გუნდს ბოლო წუთებზე.

მეორე პერიოდის ერთ-ერთ ეპიზოდზე საქართველოს ნაკრების პრესატაშემ ასეთი რამ დაწერა: "პოლონელმა მსაჯებმა საქართველო წასაგებად გაწირეს. მეორე პერიოდის დასრულებამდე 4 წუთით ადრე, როცა პოლონეთი 7 ქულას იგებდა, ერთ ეპიზოდში სანიკიძეს ჯარიმა და ტექნიკური მისცეს, გიორგი ცინცაძეს კი გაპროტესტებისთვის ერთბაშად 2 ტექნიკური და მოედნიდან გააძევეს. პოლონეთი-საქართველო 42:32, პირველი ტაიმის დასრულებამდე დარჩა 01:14 წუთი..."

* * *
წაგების მიზეზებზე რომ ვლაპარაკობთ, ერთ-ერთ მიზეზად შეხვედრის სტატუსი უნდა დავასახელოთ - ამხანაგური მატჩი იყო.

როგორც მოგახსენეთ, საქართველოს ნაკრებს ისედაც აკლდნენ სასტარტო შემადგენლობის კალათბურთელები და, როცა შესარჩევი ეტაპი კარსაა მომდგარი, სიფრთხილის გამოჩენა აუცილებელია. 5 დღეში ხომ სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი გველის - თბილისის სპორტის სასახლეში ალბანეთის ნაკრებს ვუმასპინძლებთ.

რაც შეეხება პოლონეთის ტურნირს, ბრინჯაოს მედალი მასპინძლებმა მოიგეს, ჩემპიონი კი ბელგია გახდა, რომელმაც ქულამწირ მატჩში შვედეთი დაამარცხა - 56:55.

პოლონეთის ტურნირი
25 აგვისტო, პოლონეთი
პოლონეთი-საქართველო 80:71
22:18, 16:15, 16:19, 17:8
პოლონეთი: ჩჟიჟი (5ქ), ლამპე (4ქ, 5მ), სლაგთერი (6ქ), ზამოისკი (12ქ), პონიტკა (17ქ), შევჩიკი (2ქ), ვაჩინსკი (16ქ), გიელო (3ქ), სოკოლოვსკი (3ქ), ჰრიციანიუკი (5ქ, 6მ), კოზარეკი (7ქ, 4პ), სკიბნიევსკი.
საქართველო: ლეჟავა (6ქ), ზაქრაძე (3ქ), ბოისა, ფაჩულია (17ქ, 8მ), ცინცაძე (8ქ), შერმადინი (15ქ, 7მ), სანაძე (8ქ), სანიკიძე (4ქ, 4მ), ბურჯანაძე (5ქ), ჯინჭარაძე, ბექაური (5ქ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ეს კაცი რაც უზახის კაი მცვრტნელიაო აგეტ პასუხი ვისაც არ გინდოდატ კოკოშკოვი
შოთა გუგეშაშვილი
18:57 26-08-2016
0
ხალხნო გაიგეტ ალბანეტს მოუგებტ ჩერნოგორიას აუცილებლატ უნდა მოუგოტ ერტი ტამასი
შოთა გუგეშაშვილი
08:36 27-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული