ალბანეთის ნაკრები სამწლიანი შესვენების შემდეგ აღდგა და რა მიზნებს ისახავს, ამის შესახებ მთავარი მწვრთნელი ანტონის კონსტანტინიდესი მოგვახსენებს:
- ამ ზაფხულს ალბანეთის ყველა ასაკის გუნდი ჩაერთო საკვალიფიკაციო შეჯიბრებებში, როგორც ვაჟებში, ასევე ქალებში. მათთან ერთად კი ეროვნული გუნდიც იბრძოლებს ევრობასკეტის საგზურისთვის.
მწვრთნელი კალათბურთელთა გამოცდილებაზეც მსჯელობს:
- მოთამაშეთა უმეტესობას ევროპულ დონეზე ასპარეზობის გამოცდილება არა აქვს. თუმცა სწორედ დღეს უნდა დავიწყოთ გუნდის შენება. ამ ზაფხულს შედეგები ჩვენთვის პრიორიტეტი არ იქნება, რადგან ძალიან ძნელია ასეთ ჯგუფში პირველ ან მეორე ადგილზე გასვლა. თუმცა სწორედ ეს შესარჩევი ეტაპი გვიჩვენებს, სად ვართ დღეს და რა გზით უნდა ვიაროთ.
რა ტაქტიკით ითამაშებენ "არწივები" დღევანდელ მატჩში?
- შესარჩევი ეტაპის ჩატარება ტანდაბალი ხუთეულით მოგვიწევს, სისწრაფის ხარჯზე ვეცდებით ფონს გასვლას. მობილურები უნდა ვიყოთ, დისციპლინირებულები, დაცვაში მწყობრად ვითამაშოთ, რათა საქართველოს ნაკრებს თავისუფლად თამაშის საშუალება არ მივცეთ. ოპონენტებს განსაკუთრებით ალბანეთში გაუჭირდებათ, - დასძენს კვიპროსელი მწვრთნელი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"