საქართველო-ალბანეთი 86:47 - ხელოვნების გაკვეთილი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ამ ჯგუფში ჩვენთვის ყველაფერი რთულადაა. სამწლიანი უმოქმედობის შემდეგ პირველი ოფიციალური შეხვედრა სწორედ თბილისში ჩავატარეთ. ოთხი წამყვანი კალათბურთელი გვაკლია. მათ ნაკრებში თამაში იუარეს. ახალგაზრდებით, ნახევრად პროფესიონალებით ვცდილობთ ფონს გასვლას. მათ კი პირველივე მატჩში შენგელიას, სანიკიძის, ფაჩულიას წინააღმდეგ მოუწიათ მოედანზე გასვლა".

ეს სიტყვები ალბანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ანტონის კონსტანტინიდესს ეკუთვნის, რომელმაც დონეზე ლაპარაკისას "ორჯერ მაღლა ხართო", ახსენა. მწვრთნელმა რეალობა მშვენივრად შეაფასა, რასაც სტატისტიკაც გვიდასტურებს - საქართველოს ნაკრებმა ალბანელები თითქმის ორმაგი სხვაობით დაამარცხა (86:47).

ველოდით სხვაობაში ჩვენი რეკორდის გაუმჯობესებას, მაგრამ არცთუ ცოტა დაგვაკლდა.
2001 წელს აზერბაიჯანის ნაკრებს 60 ქულის სხვაობით ვძლიეთ, ალბანეთთან დაფიქსირებული +39 კი მესამე მაჩვენებელია.

Sportall.Ge

როდესაც მეტოქეზე ორი თავით მაღლა დგახარ, რთულია ითამაშო ისეთივე კონცენტრაციით, როგორც შენი ძალის მოწინააღმდეგესთან. თუმცა ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ქართველები მოდუნებულები გამოვიდნენ მოედანზე.

როგორც მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა აღნიშნა, გუნდის მთავარი ამოცანა დაცვაში მტკიცედ დგომა იყო. შეასრულა კიდეც - ალბანელები 50 ქულამდეც ვერ ავიდნენ. შეტევაში კი ჩვენს კალათბურთელებს მეტი თავისუფლება ჰქონდათ როგორც მწვრთნელისგან, ასევე მეტოქისგან და ამიტომაც ვიხილეთ ეფექტური "ალეი უპები", პასები, ჩატენვები...

მოკლედ, გულშემატკივარმა საქართველოს ნაკრების მხრიდან ლამაზი თამაში იხილა. დარბაზში 6 ათასი მაყურებელი იყო. ეს ცოტა არ არის, თუმცა 7 სექტემბერს ჩერნოგორიასთან სპორტის სასახლე გაივსება და სულ სხვაგვარ ქომაგობას უნდა ველოდოთ - ბურთის ჩაგდების ტაშით აღნიშვნა საკმარისი არ იქნება. ასე ტაშს თეატრშიც უკრავენ. ჩერნოგორიასთან ჩვენს ნაკრებს აი, ასეთი ქომაგობა სჭირდება:

"როდესაც მეტოქე უტევს, დარბაზში გამაყრუებელი ხმაური მას ფსიქოლოგიურადაც აფერხებს, კალათბურთელებს კომუნიკაციაში უშლის ხელს და კომბინაციების დალაგებაც უძნელდება. საქართველოს ნაკრებს საქმე გაცილებით უიოლდება, როდესაც თამაშში გულშემატკივარიც ბოლომდეა ჩართული", - ეს მაიკლ დიქსონმა გვითხრა.

შეკითხვა: დიქსონი?
საქართველოს ნაკრების განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია მაიკ დიქსონს. ეს მოსალოდნელიც გახლდათ, რადგან მას მუხლი აწუხებს და ალბანეთთან იოლ მატჩში მწვრთნელმა იგი დაასვენა.

"დღევანდელ შეხვედრაში საშუალება მოგვეცა, დიქსონი დაგვეზოგა. იგი შემდეგი მატჩებისთვის უფრო გვჭირდება", - აღნიშნა პრესკონფერენციაზე ილიას ზუროსმა.

შემდეგი გაჩერება: სლოვაკეთი
3 სექტემბერს საქართველოს ნაკრებს შესარჩევი ეტაპის საკვანძო მატჩი აქვს. სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ადგილობრივებს დავუპირისპირდებით, რომლებმაც პირველ ტურში მონტენეგროსთან სტუმრად 65:97 წააგეს.

მწვრთნელი გვამშვიდებს: "ალბანეთი მოვისტუმრეთ. ახლა უკვე სლოვაკეთზე ვფიქრობთ. მეტოქე კარგად გვყავს შესწავლილი. ვიცით, მძიმე ბრძოლა გველის, თუმცა საამისოდ მზად ვართ".

რიცხვი: 400
თორნიკე შენგელიამ დაამრგვალა. მან ოფიციალურ მატჩებში თავისი მეოთხასე ქულა სწორედ ალბანეთთან ჩააგდო. "ორთავიან არწივებთან" დაპირისპირებამდე მას 390 ქულა ჰქონდა მოგროვილი. სადღეისოდ კი 402 ქულამდე ავიდა. ეს თოკოსთვის 38-ე ოფიციალური შეხვედრა იყო ეროვნულ ნაკრებში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
GIO ცქიტიშVილმა შEმდეგი სეზონისთVის კარგად მინდა Mოვემზადოო და უარი თქვა თVითOნ
davit gogoberidze
13:02 01-09-2016
0
ეს ბაქიბუქი გვღუპავს ზუსტად. ვის ვეთამაშეთ იმის და მიხედვით განსაზღვრეთ ხარისხი. რა ხელოვნების გაკვეთილი?! მერე ამბიციები გვეზრდება უაზროდ.
წარმატებები ბიჭებს, ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო ხარისხზე.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული