საქართველო VS სლოვაკეთი - ჩვენი ევროპა სლოვაკეთზე გადის!

AutoSharing Option
ფოტოზე: გიორგი შერმადინი და ზაზა ფაჩულია სლოვაკეთთან მატჩის წინ ვარჯიშზე
დღეს, 14 სექტემბერს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2017 წლის ჩემიონატის შესარჩევ F ჯგუფში ბოლოსწინა, მეხუთე შეხვედრას თბილისში, სლოვაკეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში 19:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

ილიას ზუროსის გუნდს ამ მატჩში გამარჯვება, პრაქტიკულად, გაუნაღდებს ევრობასკეტზე თამაშის უფლებს. თამაშის წინა დღეს საქართველოს ნაკრებმა სპორტის სასახლეში ღია ვარჯიში გამართა, ბერძენმა მწვრთნელმა და კალათბურთელებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით,
სლოვაკეთთან მატჩს საქართველოს ნაკრები ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. მიუხედავად იმისა, რომ თორნიკე შენგელია ოპტიმალურ ფორმაში არაა, მწვრთნელთა და თავად კალათბურთელის გადაწყვეტილებით, ის სლოვაკეთის წინააღმდეგ მაინც ითამაშებს, რადგან ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია.

დღესვე F ჯფუფის მეორე მატჩში ლიდერი მონტენეგრო აუტსაიდერ ალბანეთს უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 სთ-ზე დაიწყება.

* * *
- წარმატებები, ბატონო ილიას, - ასე დავემშვიდობეთ დარბაზის გასასვლელისკენ მიმავალ ნაკრების მწვრთნელ ილიას ზუროსს.
- მადლობა თქვენ და მადლობა გულშემატკივარს.

- ყველა ბილეთი გაყიდულია. ასე რომ, სლოვაკეთთანაც მონტენეგროსთან მატჩის მსგავსი ატმოსფერო იქნება...

- ძალიან მიხარია. გულშემატკივრები იმსახურებენ წარმატებებს, ისევე, როგორც კალათბურთელები.

- გუნდი მზადაა მოსაგებად?
- ყოველმხრივ მზადაა. მთავარი ის არის, რომ ჩვენი ნაკრების კალათბურთელები თამაშში გულს დებენ. მონტენეგროსთან მატჩსაც ყველაფერი შეალიეს, რისი გაღებაც შეეძლოთ. ეს ქომაგმაც დაინახა. სამწუხაროდ, ძალიან ცოტა დაგვაკლდა გამარჯვებამდე.

- მონტენეგროც სერიოზული გუნდია...
- ჩვენ და ბალკანელები ჯგუფის ფავორიტები ვართ და, ვფიქრობ, შესაბამის თამაშს ვუჩვენებთ. ევროპაზე გასვლას ორივე ვიმსახურებთ. საქართველო და მონტენეგრო არა მხოლოდ ამ ჯგუფის, მთელი შესარჩევის ორი საუკეთესო ნაკრებია.

ვინაღდებთ?
"14 სექტემბერს საქართველოს ნაკრებს ჯგუფის ყველაზე მთავარი მატჩი ელის. მისი მოგება აუცილებელია. უნდა დავივიწყოთ, რომ სლოვაკეთში 31 ქულის სხვაობით გვაქვს მოგებული. თბილისში კარგი გუნდი ჩამოვიდა და ჩვენც კარგად უნდა დავხვდეთ", - განაცხადა ჟურნალისტების ალყაში მყოფმა ზაზა ფაჩულიამ.

ალბათ, იკითხავთ, რატომაა ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი მაინცდამაინც სლოვაკეთთან თბილისური დაპირისპირება? პასუხი მარტივია - მოგებით პრაქტიკულად ევრობასკეტზე გავდივართ! თეორიულადაც რომ გავინაღდოთ, ბოლო ტურს უნდა დაველოდოთ.

- გავდივართ? რა შანსი რჩება საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მოსახვედრად

სლოვაკეთთან რაც შეიძლება დიდი სხვაობით უნდა გავიმარჯვოთ, რომ სხვა ჯგუფის მეორეადგილოსნებისთვის მიუღწეველნი აღმოვჩნდეთ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე 7 ჯგუფის გამარჯვებული და 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი გადის. სწორედ საუკეთესო მეორეებს შორის დავიმკვიდრებთ ადგილს დიდი სხვაობით მოგებით.

...თუმცა კალათბურთელები მეორე ადგილზე არც ფიქრობენ. როგორც მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა აღნიშნა, ალბანეთთან მატჩის შემდეგ ნაკრებმა დათქვა - მონტენეგროში უნდა მოვიგოთო.

- კოტე ტუღუში: ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ უნდა გავაკეთოთ!

ეს სულაც არ არის გადაუჭრელი ამოცანა, რაშიც თბილისური მატჩისასაც დავრწმუნდით.

სლოვაკეთი
როდესაც საქართველოსთან შინ 31 ქულის სხვაობით აგებ, თბილისში მოსაგებად ვერ ჩამოხვალ. თუმცა ალბანეთმაც დაგვანახვა, რომ თავდადებული ბრძოლით საქართველოს ნაკრებისთვის დიდი წინააღმდეგობის გაწევა შეიძლება. მით უმეტეს, სლოვაკებს ალბანელებზე უკეთესი გუნდი ჰყავთ და ტაქტიკასაც ისეთს შეარჩევენ, პირველი მატჩის მსგავსი სირცხვილი არ ჭამონ.

- მაინც როგორ ტაქტიკას? გგონიათ, ძნელი გამოსაცნობია? - სამქულიანებითა და შორეული ორიანებით დაგვბომბავენ. რატომ? - იმიტომ, რომ საქართველოს ნაკრების ფარქვეშ ვერ შევლენ. იქ ხომ ფაჩულია და შერმადინი არიან.

"სლოვაკებს ტანდაბალი, თუმცა ჩასხმული ცენტრი ჰყავთ, ბატკა. ბრატისლავაში იგი პერიმეტრზე ადიოდა და სამქულიანებს სტყორცნიდა. საერთო ჯამში, ვერც ფარქვეშ გამოუვიდათ რამე და ვერც პერიმეტრზე. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თბილისშიც იგივე განმეორდება. რომ არაფერი გამოუვიდეთ, ჩვენ უნდა დავაყენოთ მწყობრი დაცვა.

ვეცდებით, ზედმიწევნით შევასრულოთ მწვრთნელის მითითებები", - გვითხრა გუშინ გიორგი შერმადინმა.

ევრობასკეტი 2017. შესარჩევი. F ჯგუფი
საქართველო-ალბანეთი 86:47
მონტენეგრო-სლოვაკეთი 97:65
სლოვაკეთი-საქართველო 63:94
ალბანეთი-მონტენეგრო 73:113
სლოვაკეთი-ალბანეთი 69:60
საქართველო-მონტენეგრო 74:76
სლოვაკეთი-მონტენეგრო 62:99
ალბანეთი-საქართველო 64:84

ა გუნდი თ მ წ სხ ქ
1. მონტენეგრო 4 4 0 385/274 8
2. საქართველო 4 3 1 338/250 7
3. სლოვაკეთი 4 1 3 259/350 5
4. ალბანეთი 4 0 4 244/352 4

14 სექტემბერი
19:00 საქართველო-სლოვაკეთი
23:00 მონტენეგრო-ალბანეთი

17 სექტემბერი
21:00 ალბანეთი-სლოვაკეთი
23:00 მონტენეგრო-საქართველო

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
"qomagi"-ს. არ ვიცი, ეგ ციფრი(200 ბილეთი) რას ეყრდნობა. ამჟამად, 15 საათსა და 25 წუთზე გაყიდვაში დარჩენილია 1000(ათასი)-ზე მეტი ბილეთი. ძირითადად 10 ლარიანები. ეს ზუსტი ინფორმაციაა TKT.GE-სგან მიღებული. ასე რომ, მატჩზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ შეიძინონ ბილეთები ინტერნეტითაც და სალაროშიც.
ლაშა
15:26 14-09-2016
0
ყველა ბილეთი ნამდვილად არ არის გაყიდული, მაგრამ ამ მომენტისთვის მხოლოდ 200-მდე ბილეთია დარჩენილი
qomagi
12:22 14-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული