ზაზა ფაჩულია: "ოლ სტარის" გამოკითხვით ერთგვარ რეკლამას ვუწევ საქართველოს

AutoSharing Option
"ოლ სტარის" გამოკითხვის შუალედური შედეგების გამოქვეყნებას დიდი ხმაური მოჰყვა - დასავლეთის კონფერენციაში წინახაზელთა შორის დურანტის შემდეგ ზაზა ფაჩულია მეორეა.

ამ მოვლენასთან დაკავშირებით ამერიკელმა ჟურნალისტებმა ვრცელი ინტერვიუ ჩაწერეს. პირველი შეკითხვა ზაზამ არ დაასრულებინა:

- შედეგებმა ბევრი გააკვირვა...
- თქვენც?

- დიახ.
- მე ნამდვილად არ გამკვირვებია, რადგან გასულ წელსაც დაახლოებით იგივე განმეორდა. 14 წელია, ამერიკაში ვთამაშობ, გამოკითხვის შედეგებში აქაური ხმებიცაა, მაგრამ ბევრია საქართველოდან. ჩემს თანამემამულეებს აქვთ გამოცდილება და იციან, როგორ უნდა გააკეთონ სწორად. სწორედ ამიტომ არ მიკვირს.

- ფიქრობთ, რომ ხმები
მუდმივი ქართველი გულშემატკივრებისგანაა?

- ამ ამბის სილამაზე ის არის, რომ ყველაფერი ნატურალურადაა. არც შარშან, არც წლეულს არავისთვის მითხოვია მხარდაჭერა, რადგან სულ სხვა რამეზე ვარ კონცენტრირებული - თამაშზე, "გოლდენ სტეიტის" დახმარებაზე. ესაა ჩემი პრიორიტეტი. ყოველთვის ასე იყო. ჩემთვის მთავარია გუნდი, კალათბურთელები, რომლებიც ჩემ გვერდით თამაშობენ, ეს ორგანიზაცია, ეს ქალაქი... ეს ჩემს გუნდელებსაც ვუთხარი. დაიწყო გამოკითხვა და ყველაფერი ასე მოხდა.

მე მხოლოდ ის დამრჩენია, კმაყოფილი, მადლობელი ვიყო. მადლობელი ყველასი, ყველაფრისთვის. ეს ისეთი რამაა, რასაც ვერ იყიდი. სწორედ ამიტომაა სასიამოვნო და სასიხარულო. ნამდვილად არ ვფიქრობ "ოლ სტარზე", სახელზე, აღიარებაზე. ვფიქრობ გულშემატკივრებზე, რომლებისთვისაც ვთამაშობ.

არ ვამბობ, რომ შესანიშნავი ვარ, მაგრამ ჩემი გუნდისთვის, ჩემი ხალხისთვის რაღაცას ვაკეთებ. საქართველოს ნაკრებში ყოველთვის სიამოვნებით ვთამაშობ, ვცდილობ, ნაკრებთან ერთად ქვეყანა რაც შეიძლება წინ წავწიო ევროპულ კალათბურთში. ქომაგები ყველაფერს კარგად აფასებენ და მადლობას ასეთი მხარდაჭერით მიხდიან. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებული მომენტია.

- როგორ შეიტყვეთ გამოკითხვის საშუალედო შედეგები?
- ტელეფონით, თუმცა იმდენი შეტყობინება იყო, ტელეფონი მალევე "მოკვდა", დავტენე, ისევ მალე დაჯდა... სოციალური მედია აფეთქდა...

Sportall.Ge

- იყო ბევრი უარყოფითი გამოხმაურებაც. გამოკითხვაში თქვენ უკან ეფექტური სტატისტიკის მქონე ბევრი მოთამაშეა...
- რა თქმა უნდა, ნეგატიურიც იქნება, მაგრამ ყურადღებას ნაკლებად ვაქცევ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რას ვგრძნობ. დიდ სითბოს ვგრძნობ. ათასზე კი არა, ასობით ათას ხმაზეა ლაპარაკი! ეს განსაკუთრებით დასაფასებელია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. მასში 4 მილიონამდე მკვიდრია. მთელი ქვეყანა მონდომებულია. ყოველივე ამას განსხვავებული კუთხიდან ვუყურებ.

რას იტყვით იმაზე, რომ "გუგლში" ჩაწეროთ, ვინ არიან ქართველები, რა ხასიათის ხალხია? ქართველებს ძალიან გვიყვარს კალათბურთი, ბევრი უყურებს NBA-ს თამაშებს, "გოლდენ სტეიტის" მატჩებს...

რას იტყვით იმაზე, რომ ჩემს ქვეყანაში NBA-ს კემპი ან "გლობალური თამაშები" ჩავატაროთ, ჩამოვიდნენ NBA-ს გუნდები საჩვენებელი შეხვედრებისთვის? ხალხი ამას იმსახურებს.

რას იტყვით საქართველოში ჩამოსვლაზე, ინვესტიციებზე? ჩინეთივით დიდი და ხალხმრავალი არ არის, პატარა, მაგრამ განსაკუთრებული ქვეყანაა, განსაკუთრებული ხალხით. ქართველებს დიდი გულები გვაქვს. აი, სწორედ ამ კუთხით ვუყურებ "ოლ სტარის" გამოკითხვას, ერთგვარ რეკლამას ვუწევ ჩემს სამშობლოს. ამიტომაც არ გამკვირვებია.

კარგად ვიცი, როგორ შეუძლიათ ჩემიანებს გვერდში დგომა. ისტორიულად სულ ომებში ვიყავით, სამხრეთიდან თუ ჩრდილოეთიდან დიდი ქვეყნები გვესაზღვრებოდნენ, რომლებთანაც ბოლომდე ვიბრძოდით, მაგრამ საქართველო არ დამარცხებულა, დღესაც რუკაზეა. გადავრჩით. ეს ყველაფერი ნათლად მეტყველებს ჩვენს ხასიათზე, მებრძოლ სულზე.

ვინც საქართველოსკენ მომავალი თვითმფრინავის ბილეთს აიღებს, ნამდვილად არ ინანებს, ბევრ ისეთ რამეს ნახავს და გაიგონებს, რაზეც მანამდე წარმოდგენა არ ჰქონდა.

- ქართველი ფანები დიდ პატივისცემას იმსახურებენ. ბევრის თქმით, "ოლ სტარის" გამოკითხვის სისტემაში ცვლილებები სწორედ შარშანდელი გამოკითხვის შემდეგ შევიდა, როდესაც სულ ცოტა დაგაკლდათ "ოლ სტარამდე"...
- შარშან მართლაც ცოტა დამაკლდა. სასიამოვნო სიტუაცია იყო. ეს უკვე გამარჯვება გახლდათ, რადგან სწორედ ამ შემთხვევის გამო მიმდინარე სეზონის წინ კომისარი ადამ სილვერი და NBA-ს ხელმძღვანელობა შეიკრიბა და წესებში ცვლილებები შეიტანა. თუ აქამდე მხოლოდ ფანებზე იყო დამოკიდებული, ამჯერად ხმების მეორე ნახევარი კალათბურთელებს, მედიასა და მწვრთნელებს ეკუთვნით.

მედია ლიგის მნიშვნელოვანი ნაწილია და ხმის უფლება ნამდვილად ეკუთვნოდა. ვნახოთ, როგორ წარიმართება გამოკითხვა. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი სამართლიანად იქნება. მეც NBA-ს წევრი ვარ და როდესაც ყველაფერი სწორადაა, ჩემთვისაც კარგია.

- ხმებს, ალბათ, საკუთარი აკადემიის ბავშვებისგანაც ღებულობთ. რა მნიშვნელობისაა თქვენთვის ეს აკადემია?
- ძალიან მინდა, ჩემთან ერთად ან ჩემ შემდეგ NBA-ში კიდევ იყოს ქართველი კალათბურთელი. უკვე მოგახსენეთ, რომ საქართველოში სპორტის ეს სახეობა ძალიან უყვართ, ჩვენს სისხლშია. საქართველოს ნაკრებში 16 წლის ასაკიდან ვთამაშობ, ყველა დიდ პატივს სცემს ეროვნულ გუნდს და მის კალათბურთელებს. მასში მოხვედრა დიდი სტიმულია.

ფიბა-ს ოფიციალურ საიტზეც წერია, რომ გასულ წელს მაყურებელთა დასწრების რეკორდი საქართველოს ეკუთვნის. ეს ნიკოლა ვუჩევიჩის მონტენეგროსთან მატჩში იყო. მე არ ვარ პირველი ქართველი, ვინც კალათბურთს თამაშობს და არც ბოლო. გვაქვს მდიდარი ტრადიციები და დარწმუნებული ვარ, გვაქვს ნათელი მომავალი. თუმცა მეტი სკაუტინგი, მეტი ყურადღება გვჭირდება.

ჩემს აკადემიაშიც ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, 500 მოზარდი ვარჯიშობს და ჩემი ამოცანაა, მათ მაღალი დონის კალათბურთელებად ჩამოყალიბებაში, ამერიკის სკოლებში, კოლეჯების ლიგასა თუ ტოპ-ევროპულ კლუბებში მოხვედრაში დავეხმარო. მინდა, მეტი ქართველი ვნახო სპორტის ამ სახეობით დაინტერესებული.

Sportall.Ge

- ბოლო მატჩებში შეტევაში რაღაც დადებითად შეიცვალა...
- თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ, თავდაჯერებული ვარ. სეზონის დასაწყისიდან დღემდე საკმარისი დროა საიმისოდ, რომ გუნდთან სრულფასოვანი ადაპტაცია გამევლო, სისტემას მოვრგებოდი. კონკრეტულად რა შეიცვალა, ვერ ვიტყვი, უბრალოდ, თავს კარგად ვგრძნობ. კალათბურთელებსაც სჯერათ ჩემი და მწვრთნელებსაც. მეც მჯერა მათი და სწორედ აქედან მოდის შედეგი.

- ამერიკელი კომენტატორი: ზაზა ფაჩულია დემარკუს კაზინსზე უკეთესია [VIDEO]
- მომენტი, სადაც ზაზა ფაჩულიამ დემარკუს კაზინსი არ გაახარა [VIDEO]
- ზაზა ფაჩულიას 10 ქულა, 7 მოხსნა და გამარჯვება "დაბოღმილ" "საკრამენტოსთან" [VIDEO]
- მატჩის საუკეთესო მომენტი - დურანტის ჩაჭრა, ფაჩულიას პასი და კარის ჩაგდება [VIDEO]
- ზაზა ფაჩულია "საკრამენტოს" შემდეგ: ასეთი შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
ვკითხულობ და მეტირება ამაყი ვარ ასეთი ვაჟკაცები რომ გვყავს როფორებიც ზაზა და მამუკა არიან თქვენ შემოგევლეთ ბიჭებო.
Samagalito
16:01 12-01-2017
0
ძალიან კარგი სპორტსმენი, პიროვნება და მამულიშვილი ხარ. გაიხარე!
pele
14:10 10-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული