NBA-ის კემპი, იოკიჩი, ფაჩულია - ინტერვიუ გოგა ბითაძესთან

AutoSharing Option
ახალგაზრდა გოგა ბითაძე NBA-ის კემპზე იმყოფებოდა, სადაც უფროსი ასაკის კალათბურთელებთან კონკურენციაში ცდილობდა სკაუტებისთვის თავის მოწონებას. 17 წლის ჭაბუკისთვის ორი-სამი წლით უფროსებთან "ჭიდაობა" რთული საქმეა, მაგრამ, როგორც სპეციალისტები წერენ, გოგამ მაინც მოახერხა საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება.

აი, რას წერს მის შესახებ გამოცემა "დრაფტექსპრესი":

"პირველივე შეხვედრისთანავე მიხვდებით, რატომ ითვლება გოგა ბითაძე მსოფლიოს მასშტაბით საყურადღებო ტალანტად. იგი 211 სმ სიმაღლისაა და 113 კილოგრამს იწონის. შთამბეჭდავი სანახავია ხელებგაშლილი. მან კემპზე გაიარა ტესტი მაღალი დონის კალათბურთელებთან. უფროსებს ფიზიკურად და გამოცდილებით ჩამორჩებოდა, რიგ ეპიზოდებში ბრაზდებოდა კიდეც, მაგრამ
მას საკმარისი დრო აქვს ფიზიკური კონდიციების გასაუმჯობესებლად, დაცვაში კიდევ უფრო მოსამატებლად და შეტევაში ისედაც მრავალფეროვანი იარაღის კიდევ უფრო დასახვეწად".

კემპის მსვლელობისას ამერიკელმა ჟურნალისტებმა გოგასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერეს.

- "ადიდასის" კემპი კარგი საშუალება იყო გვეჩვენებინა შესაძლებლობები. ბიჭები მოტივირებულები ვიყავით. საინტერესო თამაშები და ვარჯიშები გამოვიდა.

- კემპზე ერთ-ერთი ყველაზე უმცროსი იყავი...
- 2-3 წლით უფროსებთან მიწევდა თამაში. შესანიშნავი იყო. გამოვცადე საკუთარი თავი, მათგან ბევრი რამ ვისწავლე, რაც უმაღლეს დონეზე თამაშისას აუცილებლად გამომადგება.

- უკეთ გაგვაცანი შენი თავი.
- საქართველოდან ვარ. კალათბურთის თამაში 6 წლის ასაკში დავიწყე. თავიდან სკოლის გუნდში ვთამაშობდი, შემდეგ - კარგ კლუბში გადავედი და იქ განვაგრძე მუშაობა. მამაჩემიც პროფესიონალი კალათბურთელი იყო, თუმცა კარიერა ტრავმის გამო ნაადრევად დაასრულა.

- 3-ქულიანები შენი თამაშის ახალი მონაკვეთია?
- საქართველოში ჩემი მწვრთნელებიც პერიმეტრიდან მათამაშებდნენ, მავარჯიშებდნენ სამქულიან ტყორცნებში. ასე რომ, ეს კომპონენტი ჩემთვის უცხო ნამდვილად არ არის. თუმცა კიდევ მეტს ვმუშაობ და მინდა, უფრო გავუმჯობესდე.

- თამაშისას ყველაზე მეტად რით შეგიძლია გუნდის დახმარება?
- სათამაშო კომპონენტების გარდა არის კიდევ არაერთი ნიუანსი. ყოველთვის ვცდილობ, თანაგუნდელები გავამხნევო, მივუთითო, როგორ დავდგეთ სწორად დაცვაში, როგორ მოვიქცეთ შეტევაში. ვცდილობ, გუნდს დავეხმარო რამდენადაც შემიძლია.

- ახლო მომავლის გეგმები როგორია?
- ვემზადები სერბულ "მეგა ლეკსთან" ერთად ადრიატიკის ლიგაზე სათამაშოდ. წინასწარ ვიცი, რომ რთული იქნება პროფესიონალ კალათბურთელებთან თამაში. ისინი ხომ ჩემზე უფროსები და ღონივრები იქნებიან. თუმცა ყველა ღონეს ვიხმარ, რომ მათ არაფერში ჩამოვრჩე და თანაგუნდელებს გამარჯვებაში დავეხმარო.

- ყველაზე მეტად, რომელი კომპონენტის გაუმჯობესება გჭირდება?
- ფიზიკური კონდიციების. ბევრი მაქვს სამუშაო. ასევე სისწრაფეც მოსამატებელი მაქვს. დაცვასა და შეტევაში მეტი გამოცდილება და აგრესია მჭირდება. ამასთან, აუცილებელია სროლაზე ბევრი ვარჯიში.

- რომელი კალათბურთელების ყურება გიყვარს?
- ბევრია მოთამაშე, რომელთა თამაშის ხილვა სიამოვნებას მანიჭებს. დავასახელებდი ნიკოლა იოკიჩს, რომელიც ჩვენი გუნდიდან წავიდა ამერიკაში. მომწონს ყურება, როგორ მსუბუქად, თავისუფლად თამაშობს. ასევე ძალიან საინტერესოა საქართველოს ნაკრების კაპიტნის ზაზა ფაჩულიას თამაშის ხილვა. ის ნამდვილი მეომარია, მოედანზე ყველაფერს დებს. კალათბურთი მხოლოდ ქულები არ არის, მას ბევრი სასარგებლო საქმის შესრულება შეუძლია და შემთხვევითობა სულაც არ არის, რომ "გოლდენ სტეიტშია".

- კალათბურთი მუდმივად ვითარდება. როგორ წარმოგიდგენია მომავალი?
- თანამედროვე კალათბურთში ტანმაღალი კალათბურთელებიც პერიმეტრიდან თამაშობენ. მათ ისევე უნდა შეეძლოთ შორიდან ტყორცნა, როგორც ფარქვეშიდან. საამისოდ მეც მზად ვარ. გუნდი გაცილებით ძლიერია, როცა ხუთივე კალათბურთელს ეხერხება ფარქვეშაც და პერიმეტრზეც შედეგიანი თამაში. მომწონს ასეთი სტილის კალათბურთი.

- წინახაზელებს დაცვაში ევროპასა და ამერიკაში სხვადასხვა სტილში უწევთ თამაში.
- ევროპაში, მაგალითად ადრიატიკის ლიგაზე, მეფარეს ხუთივე კალათბურთელი ეხმარება, აზღვევს. ამერიკაში, ძირითადად, ერთი-ერთზე თამაშია. ეს გაცილებით რთულია, რადგან რამდენად ძლიერი მეტოქეც უნდა გყავდეს, შენ უნდა გაუმკლავდე, საკუთარ თავზე ხარ დამოკიდებული. განსაკუთრებული ფიზიკური მომზადებაა საჭირო.

- გიყვარს პიკ-ენდ-როლის წინააღმდეგ დაცვაში თამაში?
- თუ საჭიროა, უნდა გააკეთო. მწვრთნელის მითითებას უნდა მიჰყვე. მაგალითად, ამერიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც პიკ-ენდ-როლისას ტანმაღალი კალათბურთელი მეტოქის უკანახაზელზე გადადის. საკმარისი მოხერხებულობა და სისწრაფეც უნდა გქონდეს, რომ უმაღლესი დონის გამთამაშებლებს გაუმკლავდე.

- "მეგა ლეკსზე" რისი თქმა შეგიძლია?
- ძალიან კარგი გუნდია. ახალგაზრდული. საშუალო ასაკი 19-20 წელია. მხოლოდ მოგებებზე არავინ ფიქრობს, მნიშვნელოვანია კალათბურთელების სწორი მუშაობა და პროგრესი. დიდებული მწვრთნელები გვყავს, ყოველდღიურად გვეხმარებიან ოსტატობის დახვეწაში. ჩემი კარიერისთვის ძალიან სასარგებლოა ასეთ გუნდში ვარჯიში და თამაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ივარჯიშე, იშრომე, გაიაზრე, ცოტა იღბალიც და ყველაფერს მიაღწევ. მიღწეულით ვინც კმაყოფილდება შედეგი სავალალოა
აკაკი
14:35 25-06-2017
0
ღონივრები რა უბედურებაა? მხოლობითში იქნება ღონივრი???
ავტორს
15:00 25-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული