დღეს უკვე წარმოუდგენელია, "ბანვითმა" 0:3 ჩამორჩენის შემდეგ ზედიზედ 4 მატჩი მოიგოს და გალათასარაელ "ლომებს" ჩემპიონობა აართვას, ფინალური სერია ხომ 4 გამარჯვებამდეა.
სერიის მეოთხე შეხვედრა ისევ "ბანვითის" მოედანზე, 12 ივნისს გაიმართება.
10 ივნისს გამართული მატჩის ანგარიშის შედეგი იოლი დასაწერია - 72:71, მაგრამ უნდა გენახათ, რა ამბები ტრიალებდა მოედანზე... მატჩი სანახაობრივი, დაძაბული გამოდგა და მეოთხე პერიოდამდე თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა. თუმცა მასპინძელმა
სტამბულელებმა საქმის გამოსწორება საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე დაიწყეს, როცა მარკოიშვილმა შორეული სამქულიანით სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა - 56:61.
ამის შემდეგ "გალამ" კიდევ ერთი სამიანი ჩააგდო, თუმცა ეს ბოლო წამებზე მოხდა. მანამდე მოვლენები ისე ვითარდებოდა, რომ სტუმართა გამარჯვების წინასწარმეტყველება იოლი არ იყო. თავად განსაჯეთ: საფინალო სირენამდე 14 წამით ადრე "ბანვითი" 3 ქულის სხვაობით იგებდა, თუმცა სწორედ ამ დროს კარლოს აროიო საჯარიმოში შეიჭრა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა (69:70).
საპასუხო შეტევისას სერკან ერდოგანმა ერთი საჯარიმო გამოიყენა და "ბანვითი" 2 ქულით დააწინაურა.
"გალათასარაის" თამაშის გადასარჩენად 11 წამი რჩებოდა. ბურთი გვერდიდან მარკოიშვილმა შეიტანა, აროიო საჯარიმოში შეიჭრა, სამქულიან ზონაში თავისუფალ პოზიციაში მყოფი ენდერ არსლანი მოძებნა და... ზემოთ სწორედ არსლანის სამქულიანზე მოგახსენეთ: საფინალო სირენამდე 5 წამით ადრე "გალა" წინ გაიჭრა - 72:71. სწორედ ასეთი იყო საფინალო ანგარიში.
მანუჩარი ამჯერადაც შედეგიანად გაისარჯა: 31 წუთში 10 ქულა, 3 პასი და 2 მოხსნა მოაგროვა. მან 5 ორქულიანი, 7 სამიანი სტყორცნა და 2-2 გამოიყენა. "გალათასარაის" ბომბარდირი 15 ქულით კარლოს აროიო გახდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მანუჩარ მარკოიშვილი: ევროპის ჩემპიონატზე შეუძლებელი უნდა შევძლოთ
მანუჩარ მარკოიშვილმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა