მანუჩარ მარკოიშვილი თურქეთის ჩემპიონია... თითქმის

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილის "გალათასარაიმ" თურქეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში მესამედაც დაამარცხა "ბანვითი", ამჯერად მისსავე მოედანზე - 72:71 და ოქროს მოპოვებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

დღეს უკვე წარმოუდგენელია, "ბანვითმა" 0:3 ჩამორჩენის შემდეგ ზედიზედ 4 მატჩი მოიგოს და გალათასარაელ "ლომებს" ჩემპიონობა აართვას, ფინალური სერია ხომ 4 გამარჯვებამდეა.

სერიის მეოთხე შეხვედრა ისევ "ბანვითის" მოედანზე, 12 ივნისს გაიმართება.

10 ივნისს გამართული მატჩის ანგარიშის შედეგი იოლი დასაწერია - 72:71, მაგრამ უნდა გენახათ, რა ამბები ტრიალებდა მოედანზე... მატჩი სანახაობრივი, დაძაბული გამოდგა და მეოთხე პერიოდამდე თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა. თუმცა მასპინძელმა
ბანვითელებმა მეოთხე რაუნდში მცირე უპირატესობის მოპოვება მოახერხეს, სხვაობა 8 ქულამდეც გაზარდეს.

სტამბულელებმა საქმის გამოსწორება საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე დაიწყეს, როცა მარკოიშვილმა შორეული სამქულიანით სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა - 56:61.

ამის შემდეგ "გალამ" კიდევ ერთი სამიანი ჩააგდო, თუმცა ეს ბოლო წამებზე მოხდა. მანამდე მოვლენები ისე ვითარდებოდა, რომ სტუმართა გამარჯვების წინასწარმეტყველება იოლი არ იყო. თავად განსაჯეთ: საფინალო სირენამდე 14 წამით ადრე "ბანვითი" 3 ქულის სხვაობით იგებდა, თუმცა სწორედ ამ დროს კარლოს აროიო საჯარიმოში შეიჭრა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა (69:70).

საპასუხო შეტევისას სერკან ერდოგანმა ერთი საჯარიმო გამოიყენა და "ბანვითი" 2 ქულით დააწინაურა.

"გალათასარაის" თამაშის გადასარჩენად 11 წამი რჩებოდა. ბურთი გვერდიდან მარკოიშვილმა შეიტანა, აროიო საჯარიმოში შეიჭრა, სამქულიან ზონაში თავისუფალ პოზიციაში მყოფი ენდერ არსლანი მოძებნა და... ზემოთ სწორედ არსლანის სამქულიანზე მოგახსენეთ: საფინალო სირენამდე 5 წამით ადრე "გალა" წინ გაიჭრა - 72:71. სწორედ ასეთი იყო საფინალო ანგარიში.

მანუჩარი ამჯერადაც შედეგიანად გაისარჯა: 31 წუთში 10 ქულა, 3 პასი და 2 მოხსნა მოაგროვა. მან 5 ორქულიანი, 7 სამიანი სტყორცნა და 2-2 გამოიყენა. "გალათასარაის" ბომბარდირი 15 ქულით კარლოს აროიო გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მანუჩარ მარკოიშვილი: ევროპის ჩემპიონატზე შეუძლებელი უნდა შევძლოთ
მანუჩარ მარკოიშვილმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული