მომდევნო შეხვედრა სტამბულში 15 ივნისს შედგება და იმედი დავიტოვოთ, რომ მანუჩარ მარკოიშვილი თურქეთის ჩემპიონობას სწორედ 15-ში გაიფორმებს.
12 ივნისს მატჩის საფინალო ანგარიშში მინიმალური სხვაობა დაფიქსირდა. ეს ნებისმიერ ფინალში მოსალოდნელია, მაგრამ ვინც შეხვედრას მიადევნა თვალი, მესამე პერიოდის ბოლოს, ალბათ, ხელსაც ჩაიქნევდა - "ბანვითი" 65:45-ს იგებდა.
დარჩენილ 10 წუთში 20-ქულიანი სხვაობის
მასპინძლებმა სტამბულელებს მეორე პერიოდში ერთმანეთის მიყოლებით სამი სამქულიანი ჩაუგდეს, ამაზე არ შეჩერდნენ და როგორც გითხარით, სირენამდე 10 წუთით ადრე 20 ქულითაც დაწინაურდნენ.
ამის შემდეგ ყველაფერი პირიქით დატრიალდა: "გალათასარაიმ" თამაშის ტემპს უმატა, ფარქვეშ შედეგიან შესვლებს კალათბურთელებმა სამქულიანები მიაყოლეს და დაუჯერებელი სპურტი "გამოცხვა" - 20:3.
მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე "ბანვითი" ოდენ 3 ქულის სხვაობით იგებდა (68:65). ამის შემდეგ მასპინძლები ცოტა გამოფხიზლდნენ და "გალას" გამარჯვების შანსი აღარ მისცეს.
სტუმართაგან ყველაზე მეტი ჟამონ გორდონმა ჩააგდო - 34 ქულა. "ბანვითის" ბომბარდირი კი 19 ქულით კეიტ სიმონსი გახდა.
რაც შეეხება მანუჩარ მარკოიშვილს, მან 30 წუთი ითამაშა და დიდი მოცულობის სამუშაოც შეასრულა, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში ჩვეულად ზუსტი ვერ იყო - 6 სამქულიანიდან ვერც ერთი ჩააგდო. მანუმ მატჩი 2 ქულით, 6 მოხსნითა და 1 პასით დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ მეოთხე შეხვედრამდე მარკოიშვილს ფინალურ სერიაში 40 ქულა ჰქონდა ჩაგდებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"