ზაზა ფაჩულია: "მილუოკის" ფანებო, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება!

AutoSharing Option
საგამოფენო მატჩების წინ "მილუოკი ბაქსმა" ღია ვარჯიში გამართა, რომელიც ამ ტიპის ქართული ვარჯიშებისგან მეტად განსხვავებული იყო.

ამერიკაში ღია წვრთნას "ფანფესტი", ანუ ფანების ფესტივალი ჰქვია. დასახელებიდანვე ჩანს, რომ ყველაფერი გულშემატკივრების გართობისთვის კეთდება. ასეთი შეხვედრა ერთგვარი ცდაა კალათბურთელებსა და ქომაგებს შორის კონტაქტის გაღრმავებისა.

მილუოკელები ორ გუნდად გაიყვნენ და საჩვენებელი თამაშიც ჩაატარეს. ამ შეხვედრაში ზაზა ფაჩულიას მონაწილეობა არ მიუღია. მოგეხსენებათ, მას ექიმებმა სრული დატვირთვით ვარჯიშის უფლება ჯერ არ მისცეს.

როგორც თავად ქართველი ცენტრი ვარაუდობს, თამაშს ოქტომბრის ბოლოდან შეძლებს.

"ფანფესტზე", მატჩის ერთ-ერთი შესვენებისას კომენტატორმა
ფაჩულია მიკროფონთან იხმო და მთავარ მწვრთნელ ლარი დრიუზე ჰკითხა.

"პირველ რიგში, მივესალმები "მილუოკის" ფანებს, - დაიწყო ზაზამ, - რომლებსაც დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ მომავალ სეზონში. გულშემატკივრის მხარდაჭერის გარეშე რთული იქნება დასახული მიზნის მიღწევა, პლეი ოფში თამაში.

მოხარული ვარ, რომ 2005 წლის შემდეგ კიდევ მომიწევს "მილუოკი ბაქსის" ღირსების დაცვა.

გუნდში მთავარმა მწვრთნელმა ლარი დრიუმ მომიწვია, რომელთანაც "ატლანტაში" 8 წელი ვიმუშავე. ძლიერი სპეციალისტია და მისი რომ არ მჯეროდეს, შეთავაზებასაც არ დავთანხმდებოდი".


ზაზა ფაჩულია "მილუოკიშიც" 27-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. გუნდის პირველ ოფიციალურ მატჩამდე 27 დღით ადრე 29 წლის ქართველმა ცენტრმა მოედნის ცენტრში ფურცელზე დაბეჭდილი რიცხვი 27 გამოიტანა.

დავაზუსტებთ და გეტყვით, რომ "ბაქსი" წლევანდელ NBA-ში პირველ მატჩს 30 ოქტომბერს, "ნიუ იორკის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული