უკვე მეორე მატჩია, ფაჩულია აშკარად ჩრდილავს "მილუოკის" სასტარტო ცენტრ ლარი სანდერსს.
ისე კი, რა აზრი აქვს, სასტარტო იქნება თუ სათადარიგო - ფაჩულია მოედანზე საკმაო დროით იმყოფება და შედეგიანობით ჯერჯერობით ყველა თანაგუნდელ სჯობნის.
ზაზამ აღნიშნა კიდეც 1 თვის წინ თბილისში ყოფნისას,
სეზონის პირველ მატჩში ფაჩულიამ ორმაგი დუბლი (13 ქულა, 11მოხსნა) შეასრულა, 2 ნოემბერს გამთენიისას კი ამ შედეგის გამეორებამდე 1 მოხსნა დააკლდა, თუმცა მთლიანობაში ზაზა, "ბოსტონთან" უფრო შედეგიანი იყო. ქართველმა ცენტრმა 20 ქულა მოაგროვა, რაც NBA-ში ქართველი კალათბურთელისთვის მართლაც გამორჩეული შედეგია.
რაც ძალიან მნიშვნელოვანია, "მილუოკიმ" მოიგო და ამაში ყველაზე დიდი წვლილი სწორედ ფაჩულიას მიუძღვის. მოგებაცაა და მოგებაც - "მილუოკი" მე-3 მეოთხედში 22 ქულით აგებდა, შემდეგ კი წარმოუდგენლად შედეგიანი თამაშით მოახერხა "ბოსტონ გარდენში" "სელტიკისთვის" გამარჯვების გამოგლეჯა.
ფაჩულიას ზუსტი საჯარიმეობის შემდეგ "მილუოკი" საფინალო სირენამდე 44 წამით ადრე დაწინაურდა, ხოლო დარჩენილ დროში დემორალიზებული ბოსტონელებს საბოლოოდ ჩასცა ლახვარი - 105:98.
ფაჩულიამ პირადი რეკორდი დაამყარა საჯარიმო სროლებში. ქართველმა ცენტრმა 10-დან 10-ივე საჯარიმო ჩააგდო, რაც NBA-ში დღესდღეობით ნებისმიერი ცენტრისთვის კი არა, კალათბურთელისთვის საოცნებო შედეგია.
ზაზამ 29 წუთს ითამაშა და 10 საჯარიმოსთან ერთად 10-დან 5 ორქულიანი ჩააგდო. 20 ქულასა და 9 მოხსნასთან ერთად ფაჩულიამ 4 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა, ბურთი კი არც ერთხელ არ დაუკარგავს.
რაც შეეხება სანდერსს, "მილუოკის" სასტარტო ცენტრმა 19 წუთში 4 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა.
მილუოკელთაგან ზაზას შემდეგ საუკეთესო შედეგი გარი ნილსა და ჯონ ჰენსონს ჰქონდათ, რომლებმაც 14-14 ქულა ჩააგდეს.
თითო მოგებ-წაგების მქონე "მილუოკი" მორიგ მატჩში ხვალ "ტორონტოს" უმასპინძლებს.
წყარო: gbf.ge