"13" ჩემთვის ნავსიანი გამოდგა - საახალწლო ინტერვიუ ზაზა ფაჩულიასთან

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა "მილუოკი ბაქსთან", ზაზა ფაჩულიასთვის 2013 წელი მაინც უიღბლობასთან ასოცირდება: აქილევსის მყესზე გაკეთებული ოპერაციის გამო საქართველოს ნაკრების კაპიტანი კალათბურთს შვიდი თვით ჩამოშორდა და ნაკრებს ვერც "ევრობასკეტზე" დაეხმარა.

დეკემბრის დასაწყისში ზაზა ისევ დაშავდა, ვარჯიშს იანვრის პირველ რიცხვებამდე ვერ განაახლებს და წინა წლების მსგავსად, ახალ წელს ვერც ამჯერად შეხვდება ოჯახთან ერთად.

თუ გაინტერესებთ, "რამდენია" 700 მატჩი NBA-ში, რატომ მიიჩნევს თავს შოუმენად და სად "იშოვა" თავისი ზომა ჩოხა, წაიკითხეთ საახალწლო ინტერვიუ ზაზა ფაჩულიასთან.

- 2013-ში კარგი ამბებიც
მოხდა, მაგრამ რაკი ტრავმებიცა და ოპერაციაც ამ წელს დაემთხვა, ცუდი უფრო მახსენდება. რას ვიზამთ, ტრავმა სპორტსმენის კარიერის ნაწილია.

ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ ფაქტია, რომ "13" მართლაც ნავსიანი გამოდგა ჩემთვის. მგონი დროა, ასეთ რაღაცებსაც მივაქციო ყურადღება (იცინის).

- სეზონი შენც და კლუბმაც კარგად დაიწყეთ, მაგრამ დღეს "მილუოკი" სატურნირო ცხრილის ბოლოშია!
- როცა მთლიანად იცვლება სამწვრთნელო შტაბი და გუნდში 11 ახალი მოთამაშე მიდის, ერთ თვეში სტაბილურ გუნდად ჩამოყალიბება ძალიან ძნელია. მით უმეტეს, ტრავმების ისეთი "ეპიდემია", როგორიც "მილუოკიშია", აქამდე არსად მინახავს - თამაშებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მწვრთნელებმა სრული შემადგენლობით ერთი ვარჯიშიც კი ვერ ჩაატარეს, ბოლო მატჩი 9 კალათბურთელით ვითამაშეთ. არც იღბალი გვწყალობს - 28 მატჩიდან ექვსი ოვერტაიმში წავაგეთ, თუმცა წინ კიდევ ბევრი მატჩია და მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია.

- მართალია თუ არა გავრცელებული ხმები, რომ "მილუოკის" და "ჰიუსტონს" ზაზა ფაჩულია და ომერ აშიკი უნდა გაეცვალათ?
- საკმარისია, პრობლემა გაჩნდეს, რომ ყველას ტრეიდი აკერია პირზე, გამოსავალს მოთამაშეთა გაცვლაში ხედავენ. ხმების გავრცელებაზე ადვილი კი რა არის? - ერთმა ჟურნალისტმა ივარაუდა, სხვებმაც აიტაცეს და...

არადა, "მილუოკის" გარდა, აშიკს "ბოსტონშიც" ცვლიდნენ, "ფილადელფიაშიც", "ატლანტაშიც", მაგრამ დღესდღეობით ისევ "ჰიუსტონშია" (იცინის).

რაც NBA-ში ვარ, ჩემთან დაკავშირებით ტრეიდი ბევრჯერ უხსენებიათ, მაგრამ...

- შვიდთვიანი პაუზა შენს კარიერაში აქამდე არასდროს ყოფილა... რა გასწავლა იმ დრომ, როცა არათუ თამაში, დამოუკიდებლად გადაადგილებაც კი არ შეგეძლო?
- საინტერესო კითხვაა... პირველ რიგში, კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჯანმრთელობის ფასი არაფერია! თავიდანვე ვთქვი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ ოპერაციის შემდეგ უწინდელზე ძლიერი დავბრუნდე-მეთქი!

არადა, შვიდი თვე ცოტა არ არის. შეიძლებოდა, ამდენი ხნით უქმობას ფსიქოლოგიურადაც გავეტეხე და ფიზიკურადაც, მაგრამ ის დამეხმარა, რომ კალათბურთს წუთითაც არ მოვწყვეტივარ, სულ ვადევნებდი თვალს ტელევიზიით, ტრიბუნიდან... ცოტა რომ მოვმჯობინდი, ეზოში გავდიოდი და დამჯდარი ვისროდი ბურთს ფარში. ვიღლებოდი, მაგრამ მაინც ვაკეთებდი იმას, რაც ძალიან მიყვარს და ასე მაკლდა!

სეზონიც კარგად დავიწყე, პირველ მატჩში ორმაგი დუბლი მქონდა, ბოსტონში ოცი ქულა ჩავაგდე. თუმცა ხანმოკლე მოსამზადებელმა პერიოდმა მალევე იჩინა თავი. ახალ გუნდში ჩემი ადგილი უნდა მომეძებნა და ამიტომ ვარჯიში ნაადრევად დავიწყე.

- ნოემბერში მე-700 მატჩი ითამაშე NBA-ში. ეს ბევრია თუ ცოტა?
- პირველ რიგში, ეს არის მოედანზე ნარბენი ძალიან ბევრი კილომეტრი! სანაკრებო მატჩებსაც თუ დავამატებთ, ძალიან დიდი "გარბენი" გამოდის (იცინის).

შესაძლოა, ამის ბრალიც არის, ტრავმები ერთმანეთს რომ მიჰყვა. სტატისტიკას თუ ვერწმუნებით, NBA-ს მოთამაშის საშუალო კარიერა 4-5 წელია, მე კი უკვე მე-11 სეზონია ვთამაშობ, ანუ საშუალო სტატისტიკა უკვე გავაორმაგე და ეს ძალიან მეამაყება. მადლობა უფალს ამ ყველაფრისთვის.

- მილუოკიში ყველაზე მეტად რასთან მიჩვევა გაგიჭირდა?
- ცივ კლიმატთან. ატლანტაში სითბოთი განებივრებული ვიყავით, რვა წლის განმავლობაში თოვლი ერთხელაც არ გვინახავს, მილუოკიში კი ახლა 10 გრადუსია... ბავშვებს უხარიათ თოვლი. თოვლი ჩემთვისაც ახალ წელთან ასოცირდება, სულ ქართული ახალი წელი მახსენდება... სხვა მხრივ?

ატლანტასთან ძალიან ბევრი სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს. სხვა რომ არაფერი, ჩემი სამივე შვილი ატლანტაში დაიბადა!

ატლანტა ხომ აშშ-ში მეორე ქალაქია ქართველების რაოდენობით და ბევრი ახალი მეგობარიც შევიძინეთ. სეზონის მსვლელობისას, როცა მატჩები ლამის ყოველდღიურადაა, მეც და ჩემი ოჯახიც მთლიანად კალათბურთზე ვართ გადართულნი და სხვა რაღაცებზე საფიქრალი დრო არც გვრჩება.

მაგრამ ახლა, როცა ვერ ვთამაშობ და მეტი თავისუფალი დრო გვაქვს, ატლანტა განსაკუთრებულად გვენატრება. არ მინდა დაიკარგოს ის ურთიერთობა, რაც წლების განმავლობაში ჩამოგვიყალიბდა.

ამიტომ რამდენიმე კვირის წინ თიკა და ბავშვები ატლანტაში გავუშვი მეგობრების მოსანახულებლად. ძალიან ბედნიერები დაბრუნდნენ...

- ფაჩულიების ოჯახი როგორ ხვდება ახალ წელს?
- ექვსი წელია, რაც ოჯახი შევქმენი და შინ მხოლოდ ორჯერ შევხვდი ახალ წელს - ამ დროს ან ჰაერში ვართ, ან აეროპორტში. თავიდან განვიცდიდი, მაგრამ უკვე მივეჩვიე, რომ სხვა გზა არ არის.

მხოლოდ სპორტსმენები კი არა, შოუმენებიც ვართ - როცა ყველა ისვენებს, ჩვენ ვთამაშობთ და სანახაობას ვაჩვენებთ ხალხს: სპორტ+შოუ! ტრავმის მიუხედავად, გუნდს თამაშებზე მაინც დავყვები ხოლმე.

31 დეკემბერს "ლეიკერსთან" გვაქვს გასვლითი მატჩი. ასე რომ, წელსაც ვერ ვიქნები შინ, თუმცა, არა უშავს, კარიერას რომ დავასრულებ, ამის დრო მერე მექნება (იცინის).

- გამორჩეულად რომელი ახალი წელი გახსენდება?
- ბავშვობაში ახალ წელს სულ შინ, ოჯახთან ერთად ვხვდებოდი. პატარა ასაკის მიუხედავად, შუაღამისას მაღვიძებდნენ და ახალი წლის დადგომას მშობლებთან ერთად აღვნიშნავდი. მაგრამ პროფესიონალი რომ ხდები, ბევრი რამის დათმობა გიწევს.

შარშან, 31 დეკემბერს ლოს-ანჯელესში ვიყავით. მატჩის შემდეგ მეუღლეებს ერთ-ერთ რესტორანში უნდა შევხვედროდით, მაგრამ მძღოლმა დააგვიანა და ახალი წლის დადგომას აეროპორტში შევხვდით, რესტორნამდე კი მხოლოდ პირველ საათზე მივაღწიეთ...

- ცნობილია, რომ "მილუოკის" საშინაო დარბაზის მოედნის ძველი საფარის ყიდვას და "მართვეს" აკადემიისთვის გადაცემას აპირებ. რა სტადიაზეა ეს საქმე?
- მთავარია, რომ "დაჯავშნილი" მაქვს (იცინის). მოედნის ახალ საფარს პრობლემები შეექმნა და კი შეაკეთეს, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით ძველს ჯერ მაინც ინახავენ. ძალიან არც მე მეჩქარება.

- თორნიკე შენგელიამ თქვა: ანდრეი კირილენკოს მამაჩემი, კახა შენგელია, ჩემი ძმა ეგონაო... მსგავს სიტუაციაში შენც ხომ არ აღმოჩენილხარ?
- პირადად მე არა, მაგრამ ერთ-ერთი უცხოური შეკრების დროს მეტოქე გუნდის კალათბურთელს ვოვა და ანატოლი ბოისები უცხოელები ეგონა და გაკვირვებული გვეკითხებოდა - ნაკრებს მხოლოდ ერთი ნატურალიზებული მოთამაშის დამატების უფლება აქვს და თქვენ სამი რატომ გყავთო?! (იცინის)

- რამდენიმე თვის წინ თორნიკე შენგელია შენს დეიდაშვილზე დაქორწინდა. ასე რომ, მხოლოდ მეგობრები კი არა, უკვე ნათესავებიც ხართ...
- ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ასეთ სიგიჟეს ჩავიდენდი და ამერიკიდან საქართველოში ორი დღით ჩამოვიდოდი, მაგრამ... არასოდეს თქვა არასოდეს! მართლაც განსაკუთრებული დღე იყო, რადგან დაქორწინდა ჩემთვის ძალიან ძვირფასი ორი ადამიანი!

- ჩოხა პირველად თორნიკეს ქორწილში გეცვა?
- არა, როგორც მახსოვს, საბავშვო ბაღის ზეიმზეც (იცინის). ქორწილისთვის კი ჩემს სარგოს სად ვიშოვიდი და რა თქმა უნდა, შევაკერინე. "სამოსელ პირველში" შევუკვეთე და მერე ვხუმრობდი - მე და თორნიკემ ნაჭერი და ტყავი აღარ დავუტოვეთ, სულ დავახარჯინეთ-მეთქი.

მინდოდა, თოკოსთვის სიურპრიზი გამეკეთებინა და მოულოდნელად გამოვცხადდებოდი ჯვრისწერაზე ჩოხით, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩამივარდა: როცა ჩოხა შევუკვეთე, დამავიწყდა გაფრთხილება, რომ არავისთვის ეთქვათ.

არადა, თორნიკე მაინცდამაინც მეორე დღეს მისულა ჩოხის შეკვეთის მისაცემად და უკითხავთ - რა ხდება, კალათბურთელები ჩოხაზე გადახვედითო?! სიურპრიზი აღარ გამოვიდა...

- შაკილ ო'ნილმა ბოტასი რომ გისახსოვრა, ის როგორ იყო?
- შაკი მაშინ "მაიამიში" თამაშობდა და ვთხოვე - იქნებ მატჩის შემდეგ ავტოგრაფიანი ბოტასი გამომიგზავნო-მეთქი. გამომიგზავნა კიდეც და თბილისში ვინახავ, მაგრამ იმხელაა, სადაც უნდა დადო, ყველგან ჩანს. დიდი ზომის ფეხსაცმელი არც მე მიკვირს, მაგრამ 60 (!) ზომა ფეხი მაინც ნამეტანია, ო'ნილის ფეხსაცმელში ფეხს ბოტასიანად ვდგამ (იცინის)...

რატი შელეგია
ყოველკვირეული გაზეთი "ყველაზე სიახლე"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული