აჩუკუდა - გასული წლის ყველაზე სახალისო საკალათბურთო ეპიზოდები

AutoSharing Option
ფოტოზე: ევრო 2013. საქართველო-პოლონეთი. ვიქტორ სანიკიძე და მარცინ გორტატი

1 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი, 4 ჩაჭრა... კალათბურთი ციფრული სპორტია და რიცხვებს გვერდს ვერ ავუვლით. ახალი წლის დღეებში კი სხვა გზა არ რჩება, უნდა ავუაროთ, რადგან დიდიან-პატარიანად ყველას უხარია, ყველა ზეიმობს, ერთობა, ზოგი შამპანურის ჭიქას უჭახუნებს, ზოგი ღვინისას. მოკლედ, განტვირთვისა და დასვენების კვირეულია.

ჰოდა, გადავწყვიტეთ, საახალწლო ფერხულს ავყვეთ და შემოგთავაზოთ გასული წლის ყველაზე სახალისო საკალათბურთო ეპიზოდები.

წლის ფოტო
ალბათ შესწრებიხართ, ვარჯიშებისას მწვრთნელი რომ ეუბნება ბავშვებს: წაგებული ზურგზე შეისვამს მოგებულს და
"აჩუკუდათი" მოედნის ბოლომდე გაასეირნებსო.

ასეთი სიტუაციები დიდ კალათბურთში ვარჯიშებზე იშვიათია, თამაშისას კი თვით ევრობასკეტზე ხდება: საქართველო-პოლონეთის მატჩის ერთ ეპიზოდში მარცინ გორტატი ძალიან მაღლა ახტა, დაშვებისას თავი ვერ შეიმაგრა და ვიქტორ სანიკიძემაც ზურგზე შეისვა.
ფოტო საინტერესო გამოდგა, არანაკლებ საინტერესოა ვიქტორის კომენტარი:

"ახლა რომ მოვინდომო, მარცინ გორტატს ვეღარ ავწევ, ძალიან მძიმეა. თუმცა ევრობასკეტზე მსუბუქი მეჩვენა. ალბათ იმიტომ, რომ იმ დროს საქართველოს ნაკრებს ერთიორად მეტი ძალა ჰქონდა. ჩვენ ხომ ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია გვაკლდნენ. მათ გარეშე თუ საკუთარ თავს არ გადავახტებოდით, ერთ მატჩსაც ვერ მოვიგებდით".

წლის სროლა
26 მარტს მანუჩარ მარკოიშვილის "გალათასარაი" "ბეშიქთაშს" ეწვია. ფავორიტი "გალა" იყო და მოიგო კიდეც. მატჩის დასრულებისთანავე "ბეშიქთაშის" ქომაგის ქცევის გამო მანუ და მისი თანაგუნდელები იძულებულები გახდნენ თავზე პირსახოცები წამოეფარებინათ და მოედნიდან ისე გასულიყვნენ.

გგონიათ, ქომაგმა "გალას" მიმართულებით პეტარდები ან სკამები ისროლა? ვინც მარტის ამბავი არ იცის, გამოცნობა გაუჭირდება - "ბეშიქთაშის" ფანებმა ჯიბეში რაც ხურდა ფული ჰქონდათ, მოედანზე მოაბნიეს.

ამ ჟესტით მათ პროტესტი გამოხატეს "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელის ერგინ ატამანის მიმართ, რომელიც წინა სეზონში "ბეშიქთაშს" წვრთნიდა (სხვათა შორის, საქართველოშიც იყო) და უკეთესი ხელფასის სანაცვლოდ "გალათასარაიში" გადავიდა.

Sportall.Ge

წლის შეტყობინება
გიორგი შერმადინისთვის უცხო სულაც არ არის თავზე პირსახოცის წამოფარება და მოედნიდან გაქცევა. 2009 წელს იგი ბერძნული "პანათინაიკოსის" ღირსებას იცავდა, როცა ფინალში, "ოლიმპიაკოსის" ქომაგმა პეტარდებს სკამები მიაყოლა და თამაში ჩაშალა.

გავიდა სამი წელი და შერმადინი ევროვოიაჟის შემდეგ კვლავ დაბრუნდა საბერძნეთში, ოღონდ "პანათინაიკოსის" მტრის, "ოლიმპიაკოსის" ფორმა მოირგო და კიდევ ერთხელ აღმოჩნდა ცეცხლის ხაზზე:

Sportall.Ge"სამი წლის წინათ "პანათინაიკოსში" ვთამაშობდი. სირენამდე წუთით ადრე "ოლიმპიაკოსთან" სტუმრად 7 ქულის სხვაობით ვიგებდით და წამოვიდა სკამების წვიმა. ძლივს გავასწარით.

ზუსტად იგივე განმეორდა წლეულს: ოღონდ ამჯერად მეორე მხარეს აღმოვჩნდი.

სერიაში 0:2 ვმარცხდებოდით. "ოლიმპიაკოსის" ქომაგებს მესამე შეხვედრის ბოლოსთვის სკამები უკვე დამტვრეული და დამარაგებული ჰქონდათ. სირენამდე წუთნახევრით ადრე კი მოედანზე სკამებისა და ცეცხლის წვიმა დაიწყო", - ახლა უკვე ღიმილით იხსენებს გიორგი.

სხვათა შორის, "პანათინაიკოსის" დროინდელი კურიოზი შერმადინმა 2013 წელს გააცხადა:

"ლარისაში გამართული მატჩის შემდეგ მთელი გუნდი ავტობუსში ავიდა და ათენში გავემგზავრეთ. მხოლოდ ფოცისი წავიდა საკუთარი ავტომობილით მეგობრის ქორწილში.

კეცმანმა და დიამანტიდისმა მირჩიეს ფოცისს გავხუმრებოდი და სალანძღავი სიტყვებით სავსე შეტყობინება გამეგზავნა. ნომერიც ჩავიწერე და მესიჯი გაიგზავნა თუ არა, ამოვარდა მწვრთნელ ჟელიმირ ობრადოვიჩის გვარი.

დიამანტიდისს მწვრთნელის ნომერი მოუცია... მეორე დღეს ვარჯიშისას ობრადოვიჩმა მოედნის ცენტრში დასტვინა და იკითხა: შეურაცხმყოფელი შეტყობინება ვინ გამომიგზავნაო? გავშრი, დანარჩენები კი სიცილისგან იატაკზე დავარდნენ".

წლის ცხოველი
გიორგი ცინცაძე "ვეფხვებში" თამაშობს, ფაჩულია "ხარირმებში", მარკოიშვილი - "ლომებში"... ყოველი შეხვედრის შესვენებისას ცხოველის ფორმაში გადაცმული თილისმები დახტიან და გულშემატკივარს ახალისებენ.

აგვისტოში კი საქართველოს ნაკრები სლოვენიური შეკრებისგან მოცალეობის ჟამს ნამდვილ ირმებს ესტუმრა. სპეციალურ საშენში კარგი რესტორანიც იყო მოწყობილი, კალათბურთელებმა ბუნებაში ირმებიც გამოკვებეს და სლოვენიელი ოჩოპინტრეს ძეგლთანაც გადაიღეს სურათები.

Sportall.Ge

წლის სიმბოლური
"ბუსთან" (გიორგი ცინცაძის მეტსახელი) უკრაინელებმა ჩაწერეს სახალისო ინტერვიუ, რომლის სამი შეკითხვა დღევანდელი პუბლიკაციის შესაბამისია:

- სიმბოლურ ნაკრებში ვისთან ერთად ითამაშებდი?
- უკაცრიელ კუნძულზე რას წაიღებდი?
- ოქროს თევზს რას სთხოვდი?

აი, გიორგის პასუხებიც:

- გამთამაშებლად ცინცაძე, მსროლელად ჯინობილი, მსუბუქ ფორვარდად დურანტი, მძიმე ფორვარდად ნოვიცკი, ცენტრად ერთ-ერთი გასოლთაგანი.
- უკაცრიელ კუნძულზე დამჭირდება "პლეისტეიშენი", იარაღი (ყოველი შემთხვევისთვის) და მზის სათვალე.
- ოქროს თევზს მშვიდობას (ცინცაძე წარმოშობით გურულია - ავტ), ჯანმრთელობასა და კარგ მანქანას ვთხოვდი.

წლის ქომაგი
ირანის "ეშტეღლალში" მოთამაშე ლაშა ფარღალავა დეკემბრის ბოლოს რამდენიმე დღით სამშობლოში ჩამოვიდა და "სოხუმი"-"არმიას" მატჩის მსვლელობისას მიხეილ ჩიტაშვილს (რომელიც რამდენიმე წლის წინათ სპარსეთში წარმატებით გამოდიოდა, ამჟამად კი უგუნდოდაა) ღიმილით ჰკითხა: "გორგანის" ფანები შენს დროსაც არყევდნენ ფარებს? დღევანდელ ჩემპიონატში სტუმრად გამარჯვება წარმოუდგენელია!"

ასეთი შემთხვევა საკალათბურთო პრაქტიკაში იშვიათია.

წლის აღმოჩენა
"ბრუკლინ ნეთსის" რუსმა ჟურნალისტმა საინტერესო გადაცემა მოამზადა: კალათბურთელები რუსეთის ცოდნაში შეამოწმა. ჯერ ქართული გვარი, თორნიკე შენგელია რუსულად დაწერა და მოთამაშეებს ამოკითხვა სთხოვა, შემდეგ ჩიბურაშკა უჩვენა - ეს ვინ არისო. ბრუკ ლოპესმა მოიაზრა, რუსული "სპანჩ ბობი" იქნებაო.

ბოლოს წამყვანმა მსოფლიოს რუკა გაშალა და კალათბურთელებს რუსეთის მოძებნა სთხოვა.

ტაიშონ ტეილორს მხარში თორნიკე შენგელია ამოუდგა და რომ შეატყო, თანაგუნდელს რუსეთის პოვნა გაუჭირდა, იდაყვზე ხელი მოჰკიდა და პირდაპირ "მოსკოვში მიიყვანა".

მარშონ ბრუკსმა ჯერ ყაზახეთი შემოხაზა, შემდეგ ჩინეთი... უფრო ჩრდილოეთით, - მიანიშნა ჟურნალისტმა და ბრუკსმაც ბოლოს და ბოლოს რუსეთი "აღმოაჩინა". საოცარი კი ის არის, რომ იგი 2012 წლის სექტემბერში ანდრეი კირილენკოსთან ერთად მოსკოვში გამართულ კემპში მონაწილეობდა.

წლის ტყორცნა
წლის სროლად მონეტების სტამბოლური წვიმა ვაღიარეთ, წლის ტყორცნა კი ზაზა ფაჩულიას ეკუთვნის: "ტორონტოსთან" საგამოფენო შეხვედრის პირველ პერიოდში ზაზამ ზურგსუკნიდან ისე ისროლა, ფარისკენ არც გაუხედია. ბურთი კალათში ჩაეშვა და... შეხვედრა აღარ გაგრძელებულა, ჩაიშალა!

სიტუაციაში მილუოკელი ცენტრი გაგვარკვევს:

"ზურგსუკნიდან ტყორცნებით ბავშვობაშიც ვერთობოდი და ახლაც, მეგობრებთან "მინუს ხუთის" თამაშისასაც. თუმცა NBA-ს მატჩში თავის ამის უფლებას არ მივცემ, თითოეულ მომენტს, ყოველ ტყორცნას პროფესიონალურად ვუდგები.

"ტორონტო რეპტორსთან", როცა ვიგრძენი, რომ მეტოქემ წესები დაარღვია, ბურთი უბრალოდ გადავაგდე, ორი საჯარიმოს ტყორცნის უფლება რომ მიმეღო.

ასეთი სიტუაციიდან შეიძლება ახლა ათიდან ერთიც ვერ ჩავაგდო, მაგრამ "რეპტორსთან" ყველაფერი კარგად გამოვიდა. ხალხის ოვაციების მიხედვით მივხვდი, რომ ბურთი კალათში ჩაეშვა. თანაგუნდელებმაც მოსალოცად მოირბინეს".

...და მატჩი არ გაგრძელებულა:

"NBA-ს ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა დაფიქსირდა: "მილუოკის" მოედანზე ახალი დაგებული იყო პარკეტი, რომელიც ყინულის მოედანივით სრიალებდა. განსაკუთრებით მსუბუქი წონის, შედარებით სწრაფ უკანახაზელებს უჭირდათ, ბევრჯერ მოსრიალდნენ. მე ნაკლებად ვგრძნობდი, ალბათ იმიტომაც, რომ შედარებით მძიმე ვარ და ფეხსაცმელიც დიდი ზომისა მაქვს.

ჩემი ტყორცნის შემდეგ მეტოქემ წუთშესვენება აიღო, რომლის დროსაც მსაჯებმა სამდივნო მაგიდასთან ითათბირეს და "მოყინულ" მოედანზე თამაშის გაგრძელებას, მისი გაუქმება ამჯობინეს".

Sportall.Ge
ხეივნის ბოლოს 2014-ია - ეს ფოტო ზაზა ფაჩულიამ მილუოკიში გადაიღო

ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული