ორი ტოპ-ამბავი იტალიიდანაა, ერთი ლევან ფაცაციას უკავშირდება, მეორე - გიორგი შერმადინს.
ევროლიგა
ევროპის უპირველეს საკალათბურთო ლიგაში არაერთ ქართველს უთამაშია. მათ რიგებს კიდევ ერთი ჩვენიანი შეემატა - ლევან ფაცაციას ევროლიგური დებიუტი "ნიჟნი ნოვგოროდის" მაისურით სარდინიულ "დინამო სასარისთან" შედგა. მართალია, იტალიელებთან შედარებით, ნოვგოროდელებს ვარსკვლავური შემადგენლობა არა ჰყავთ, მაგრამ უმთავრესად მწვრთნელის, აინარს ბაგაცკისის კარგად გათვლილი სტრატეგიის წყალობით სარდინიიდან გამარჯვება წამოიღეს - 89:82.
ლევანმა 16 წუთი ითამაშა, მატჩი 5 მოხსნითა და თითო ჩაჭრა-პასით დაასრულა.
ამავე ჯგუფში ვიქტორ
სწორედ "უნიქსის" მსგავსი მაჩვენებლები აქვს თორნიკე შენგელიას "ბასკონიას". ისიც მეხუთე ადგილზეა, ოღონდ D ჯგუფში. რაც შეეხება მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-ს, B ჯგუფში ექვსივე მატჩი მოგებული აქვს.
ვითიბი
რუსულ კლუბებში მოასპარეზე ქართველ კალათბურთელებზე წერა ვითიბი ლიგით განვაგრძოთ. ამ შეჯიბრებაში "უნიქსმა" და ცსკა-მ კვირას, საღამოს ითამაშეს.ყაზანელებმა ლატვიის "ვეფ რიგას" უმასპინძლეს და 64:52 დაამარცხეს. ვიქტორმა თანაგუნდელებს 19 წუთში 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება შეაწია. 18 ქულით კიტ ლენგფორდი გამოირჩა.
ცსკა-მ ყაზახურ "ასტანასთან" მოსკოვში ითამაშა და იოლად, 89:63 დაამარცხა. მანუჩარს ტრავმის გამო არ უთამაშია.
ვითიბი ლიგის სატურნირო ცხრილი სასიამოვნო შესახედია: პირველ ადგილზე (7-დან 7 მოგებით) ლევან ფაცაციას "ნიჟნი ნოვგოროდია", მეორეზე - მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა (7/1), ხოლო მეოთხეა ვიტორ სანიკიძის "უნიქსი" (5/2).
იტალია
გადავინაცვლოთ აპენინის ნახევარკუნძულზე, სადაც გასულ ოთხშაბათს რამდენიმეთვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ გიორგი შერმადინი პირველად გამოვიდა მოედანზე. მან ევროთასზე "კანტუს" შემადგენლობაში ითამაშა და შედარებით ძლიერ "გრან კანარიასთან" შინ დამარცხდა - 63:80. ამ შეხვედრის შესახებ საჭირო დროს უკვე მოგახსენეთ. აქ იტალიის ჩემპიონატის მატჩზე შევჩერდებით, რომელიც კანტუელებმა სტუმრად, თანაც ოვერტაიმში 107:95 მოიგეს. მათი მეტოქე "იუვეკასერტა" იყო.
სეზონის პირველი ქულები შერმადინმა სწორედ ქალაქ კასერტაში მიითვალა, თანაც არა ერთი და ორი, არამედ 11. 22 წუთში მან 6 ორქულიანი და 2 საჯარიმო სტყორცნა, რომელთაგან თითო აუცდა და 11 ქულასთან ერთად, მის ანგარიშზე 4 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება დაფიქსირდა. კანტუელებს გამარჯვებისკენ ჯეიმს ფელდეინი გაუძღვათ, რომელმაც 8-დან 5 სამქულიანი ჩააგდო და 25 ქულას გამორჩა.
4 მოგებითა და 3 მარცხით "კანტუ" იტალიის ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.
* * *
იტალიის რიგით მეორე, ოქროს ლიგაში სტუმრად "ნოვაპიუსთან" 15-ქულიანი სხვაობით დამარცხდა "ნაპოლი" (60:75), რომლის ღირსებასაც ნიკა მეტრეველი იცავს. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე მხოლოდ 2 წუთი გაატარა და, ცხადია, ვერაფერი მოასწრო."ნაპოლი" ოქროს ლიგაში მე-14 ადგილზეა (3 მოგება, 6 წაგება).
* * *
ვერცხლის ლიგაში პირადი რეკორდი დაამყარა გიგა ჯანელიძემ - ბურთი 15-ჯერ მოხსნა. თუმცა მისი შრომა "როსეტოს" სტუმრად "აჯეტთან" გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა - 58:65.გიგას სრული სტატისტიკა ასეთი იყო: 33 წუთი, 7 ქულა, 15 მოხსნა, 5 ფოლი.
9 ტურის შემდეგ 2 მოგებით "როსეტო" სატურნირო ცხრილის ფსკერზეა.
ესპანეთი
უხვქულიანი გამოდგა განვლილი უქმეები ესპანეთში მოასპარეზე ქართველებისთვის. უმაღლეს ლიგაში თორნიკე შენგელიამ 11 ქულა ჩააგდო, ხოლო ვერცხლის ლიგაში ბექა ბურჯანაძემ - 17.მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრობით. თოკოს "ბასკონია" სათამაშოდ კატალონიაში ჩავიდა და "ხუვენტუდთან" ბოლო წამების დრამაში მინიმალური სხვაობით დათმო - 82:83.
თორნიკე სასტარტო ხუთეულში იყო და 25 წუთი ითამაშა. დროის ამ მონაკვეთში მან 10-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი, 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და 11 ქულის კვალად 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა გაიფორმა. ბასკონიელთაგან ყველაზე მეტი, 17 ქულა ლატვიელმა დავის ბერტანსმა ჩააგდო.
თორნიკეს თანაგუნდელებს 8 მატჩიდან მხოლოდ 3 აქვთ მოგებული და სატურნირო ცხრილშიც არასახარბიელო, მე-13 ადგილზე არიან.
* * *
ესპანეთის ვერცხლის ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა 20 წლის ბექა ბურჯანაძემ, რომელმაც "პალმასთან" თავისი სნაიპერული თვისებები სრულად გამოავლინა: 4-დან 2 ორქულიანი, 5-დან 4 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა. ჩაგდებული ქულები რომ დავაჯამოთ, 17-ს მივიღებთ."პალმასთან" მატჩში ბექა სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მისი 17 ქულა სტუმრად გამარჯვებისთვის საკმარისი არ გამოდგა. "კორუნიამ" 70:83 დათმო.
ბურჯანაძის გუნდს მოგება-წაგებათა სწორედ ისეთი მაჩვენებელი აქვს, როგორიც შენგელიას "ბასკონიას" - 3 მოგება 5 მარცხი (მე-12 ადგილი სატურნირო ცხრილში).
ფინეთი
გივი ბაქრაძის "კორიკობრატი" "კატაიას" ესტუმრა და 73:85 დამარცხდა. გივი სათადარიგო იყო, 4 წუთი ითამაშა და მატჩი 2 ქულით დაასრულა."კორიკობრატი" ფინეთის პირველობაზე მეცხრე ადგილზეა, 10 ტურის შემდეგ 4 მოგება აქვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"