თორნიკე შენგელიას შესანიშნავი თამაში და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას შესანიშნავი თამაში და ვიტორიული "ლაბორალის" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ევროლიგაში. ბასკურმა გუნდმა თანამემამულე "ვალენსიას" უდაძაბულეს მატჩში 93:89 აჯობა და ჯგუფიდან გასვლა ოფიციალურად გაიფორმა.

სასიხარულოა, რომ ვიტორიელებმა ამ გამარჯვებას ქართველი ფორვარდის დიდი თანამონაწილეობით მიაღწიეს. თორნიკე შენგელია მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მისი მონაგარი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.

არადა, თორნიკემ არცთუ ბევრი - 25 წუთი ითამაშა, თუმცა ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა, ყველაზე შედეგიანი გამხდარიყო. ქართველი ფორვარდის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 19 ერთეული შეადგინა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელია.

თორნიკემ თამაში სასტარტო ხუთეულში
დაიწყო და 25 წუთში 15 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. შენგელიამ 6-დან 5 ორქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა.

ქართველი ლეგიონერის შემდეგ შედეგიანობით ფრანგი ფაბიენ კასიე მოდის, რომელმაც შენგელიაზე 10-ით მეტი, 35 წუთი ითამაშა და 21 ქულა დააგროვა. ვიტორიელთაგან 10-ქულიანი ზღვარი ფერნანდო სან ემეტერიომაც დაძლია - 13 ქულა.

ვალენსიელებმა, რომლებმაც "ლაბორალს" გასულ კვირას ესპანეთის ჩემპიონატში იოლად მოუგეს, ამჯერადაც გამარჯვებას ეშურებოდნენ, რადგან ეს იყო მათი ბოლო შანსი. ვალენსიელებს აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდათ, ჯგუფიდან გასასვლელად ბრძოლა ბოლო ტურში რომ გაგერძელებინათ, მაგრამ მათი იმედები შენგელიამ და მისმა თანაგუნდელებმა გადაუწურეს.

"ლაბორალ კუჩას" 5 მოგების წილ 4 მარცხი დაუგროვდა და ამ შედეგით D ჯგუფში "ცრვენა ზვეზდასთან" 2-3 ადგილებს იყოფს. ბოლო ტურში, 19 დეკემბერს ვიტორიელები ბელგრადში სწორედ "ცრვენა ზვეზდას" ხვდებიან და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფში მე-2 ადგილს დაიკავებენ.


წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული