ზაზა ფაჩულიას "მილუოკიმ" არც "ლოს ანჯელეს კლიპერსი" დაინდო

AutoSharing Option
"მილუოკი ბაქსმა" მორიგი ბობოქარი მეტოქე იმსხვერპლა. ზაზა ფაჩულიას გუნდმა დასავლეთ კონფერენციის და სრულიად ლიგის ერთ-ერთ ფავორიტს "კლიპერსს" უმასპინძლა და 111:106 დაამარცხა.

მილუოკელებმა გამარჯვებას ბრძოლაში მიაღწიეს. ბოლო პერიოდის წინ მასპინძლები 1 ქულით იგებდნენ, თუმცა ბოლომდე მედგრად დადგნენ და ლოსანჯელესელებს სეზონში მე-7 წაგება აგემეს.

ზაზა ფაჩულია თამაშში სათადარიგოთაგან ჩაერთო და მოედანზე მთლიანობაში 20 წუთი გაატარა.

ქართველმა ცენტრმა 6-დან 1 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, რამაც 4 ქულა შეადგინა. ამასთან, ზაზამ 3 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ
დაკარგა.

მილუოკელთაგან თავი გამოიჩინა ახალგაზრდა გიანის ანტეტოკოუმპომ, რომელმაც თავის გუნდს 20 ქულა შესძინა. ანტეტოკოუმპო ფაჩულიას მეტოქე იქნება მომავალ სექტემბერში, ევროპის ჩემპიონატზე.

გიანისი აფროამერიკული რასის წარმომადგენელი კია, მაგრამ საბერძნეთის მოქალაქეა და ელადელებს, რომლებიც ევრობასკეტზე საქართველოს ჯგუფში არიან, მისი დიდად ეიმედებათ. გიანისის პლუს-მინუსები ხუთიანზე იცის ფაჩულიამ, რომლის რჩევებიც ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელს დიდად გამოადგება.

"მილუოკის" 12-12 მოგებ-წაგება დაუგროვდა და ამ შედეგით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 15 დეკემბერს ისევ შინ, "ფინიქსთან" გამართავს.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული