თორნიკე შენგელიას 8 ქულა 14 წუთში და გამარჯვება "ფუენლაბრადასთან"

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას გუნდმა ევროლიგაში წარმატებული თამაში შიდა ჩემპიონატშიც გააგრძელა.

"კუჩა ლაბორალმა" ესპანეთის უმაღლესი ლიგის მორიგ ტურში "ფუენლაბრადას" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 77:71 იმარჯვა.

შეხვედრის პირველი ტაიმი სტუმრებმა 9 ქულით მოიგეს."ფუენლაბრადა" ბოლო წუთებამდე არ ტყდებოდა, თუმცა საბოლოოდ წაგებას მაინც ვერ გადაურჩა. ვიტორიელებმა მობილიზებით ჩაატარეს მატჩის დასკვნითი წუთები და მეტად საჭირო გამარჯვება მოიპოვეს.

ქართველი ფორვარდი, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ 14:32 წუთი გაატარა. შენგელია, დროის სიმწირის კვალობაზე, საკმაოდ შედეგიანი იყო
და პირად ანგარიშზე 8 ქულა ჩაიწერა. თორნიკემ 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 8 ქულასთან ერთად, შენგელიას 2 მოხსნა დაუგროვდა.

ვიტორიელთაგან 15 ქულით საუკეთესო ფრანგი ფაბიენ კასერი გახლდათ, მისმა თანამემამულე ტომას უერტელმა კი 13 ქულა მიითვალა. ფუენლაბრადელთაგან 23 ქულით ენდი პაკო იყო საუკეთესო, თუმცა მისმა გარჯამ სტუმრებს ვერ უშველა.

შენგელიას გუნდს 5 მოგების წილ 6 მარცხი აქვს და 18-გუნდიან ლიგაში მე-11 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 21დეკემბერს, ვიტორელები სტუმრად "მურსიას" ეთამაშებიან.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული