ზაზა ფაჩულიას ბრწყინვალე დაბრუნება და გამარჯვება ატლანტაში

AutoSharing Option
26 დეკემბერს, თბილისში, ფილარმონიის "ივენთ ჰოლში" ზაზა ფაჩულია წლის საუკეთესო ლეგიონერად რომ დაასახელეს, რამდენიმე საათში ქართველმა კალათბურთელმა ატლანტაში, თავისი ყოფილი გუნდის წინაათმდეგ ითამაშა და მის ამჟამინდელ კლუბ "მილუოკის" გამარჯვებისკენ გაუძღვა.

ფაჩულიას ატლანტაში მართლაც ბრწყინვალე დაბრუნება გამოუვიდა. "მილუოკიმ" "ატლანტა ჰოუქსი" 30 ქულის სხვაობით - 107:77 დაამარცხა, ფაჩულია კი 14 ქულითა და 8 მოხსნით გამარჯვებულთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაშს არა მარტო კალათბურთში, ზოგადად სპორტში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ყველას უნდა თავისი შესაძლებლობების ძველ თანაგუნდელებთან დამტკიცება და ეს მხოლოდ ჭეშმარიტად
დიდ სპორტსმენებს გამოსდით. ზაზამ ეს მოახერხა და მთელმა "ატლანტამ", სადაც მან 2005-დან 2013 წლამდე 8 სრული სეზონი გაატარა, კარგად დაინახა ქართველი კალათბურთელის შესაძლებლობები.

ფაჩულია ატლანტაში ისე უყვართ და ისე აფასებენ, შესაძლოა, ეს წაგება გულშემატკივრებს სხვა მარცხების მსგავსად არც განუცდიათ, რადგან მათ შეხვედრა "ჰოუქსის" ყოფილი ლიდერის გუნდ "მილუოკისთან" დათმეს - თან ზაზა ჩვეულ, მოწოდების სიმაღლეზე იყო და გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე მთლიანობაში 26 წუთი გაატარა. ზაზამ ზუსტი მიზანი გამოავლინა და სამწამიან ზონასა და ფარქვეშ თამაშშიც საუკეთესო იყო. ფაჩულიამ 9-დან 6 ორქულიანი ჩააგდო და თანაგუნდელთაგან ყველაზე მეტი - 8 მოხსნა დაუგროვდა. ზაზამ 2 საჯარიმოც ზუსტად ესროლა და მთლიანობაში მისი სტატისტიკა შთამბეჭდავი იყო - 14 ქულა, 8 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 პასი... და ეს ყველაფერი 26 წუთში.

ზაზასთან ერთად "მილუოკის" გამარჯვებისკენ გაუძღვა კიდევ ერთი ვეტერანი - ჯარედ დადლი, რომელმაც 10-დან 10-ივე სროლა ჩააგდო და 24 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა. 16 ქულა ჰქონდა ბრენდონ ნაითს, 12-12 კი ჯონი ობრაიანტსა და ჯერიდ ბეილისის.

ატლანტელთაგან საუკეთესო 22 ქულისა და 11 მოხსნის მიმთვლელი პოლ მილსაპი გახდა, ხოლო ზაზას ყოფილი თანაგუნდელ-თანაამპლუელი ალ ჰორფორდი 13 ქულასა და 5 მოხსნას დასჯერდა, რაც, რა თქმა უნდა, მისი უშუალო ოპონენტის - ფაჩულიას დამსახურება იყო.

მიმდინარე სეზონში "ატლანტა" გამორჩეულად ამბიციურია და "მილუოკის" მხოლოდ 7 მარცხით - აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერის ამპლუაში დაუხვდა. ამიტომაც არის "მილუოკის" ქართველი ლიდერის თამაში გამორჩეულად ღირებული. მიმდინარე სეზონში 21 მოგებისა და 7 მარცხის მქონე ატლანტელები "ბაქსმა" სტუმრად ისე იოლად დაამარცხა, თითქოს ახალბედების გუნდს ეთამაშებაო.

"მილუოკიმ" მოგებ-წაგებები კვლავ გაითანაბრა (15-15) და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილი გაიმყარა, ხოლო "ატლანტას" ამ წაგებით პირველ ადგილზე ასვლის შანსი დროებით წაერთვა და კვლავ მეორე ადგილზეა.

საინტერსოა, რომ მომდევნო მატჩი ზაზა ფაჩულიას გუნდს კვლავ "ატლანტასთან", 27 დეკემბერს, ამჯერად შინაურ "ბრედლი სენთერში" ელის.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული