ამერიკელი ბურთს ხელში რომ დააფიქსირებდა, რეალელებს სხვა გზა არ ჰქონდათ, წესები უნდა დაერღვიათ, ჯეიმსი საჯარიმოს ხაზზე დადგებოდა და ორქულიანი უპირატესობის (74:72) გაზრდას ეცდებოდა.
სინამდვილეში კი ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მადრიდის "რეალს" აძლევდა ხელს: ჯეიმსმა ბურთის იატაკზე დაგდება არჩია, ვერ შეიმაგრა და გვერდით ხაზს მიღმა გადაუვარდა. მადრიდელებს შეტევისთვის 9 წამი დარჩათ, სერხიო ლული საჯარიმოში შეძვრა, ანგარიში გაათანაბრა და თან ბონუს-ჯარიმის ტყორცნის უფლება მოიპოვა.
ეს გახლდათ ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრა, რომლის მოგება ბასკებს სატურნირო ცხრილში საგრძნობლად წასწევდათ წინ... მათ სადღეისოდ 7 მოგება და 9 წაგება აქვთ.
"რეალის" ტანმაღალ მოთამაშეებს დიდი თავსატეხი გაუჩინა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 22 წუთში 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. შეხვედრის ბომბარდირობა მატჩის გმირმა სერხიო ლულმა იკისრა - 17 ქულა ჩააგდო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"