რა არის აქ გასაკვირი, ესპანეთში ხომ 47 მილიონი მცხოვრებიაო, - იტყვით. პასუხი მზად გვაქვს: ზოგჯერ ორჯერ მეტი მოსახლეობის ქვეყნებსაც კი უჭირთ მაღალი დონის ხუთი კალათბურთელის შეკრება...
ესპანეთში კი საფუძვლიანად რომ მუშაობენ, იმიტომ ყვავის კალათბურთი. ბოლო დროს არაერთმა ახალგაზრდა ქართველმა მიაშურა პირენეებს. მათ შორისაა საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების წევრი ვილი ისიანი, რომელიც საახალწლოდ საქართველოში იყო. იგი "გრან კანარიას" ღირსებას იცავს.
ვილისთან ვისაუბრეთ როგორც საკლუბო საკითხებზე, ასევე, ზოგადად, ესპანურ საკალათბურთო წვრთნის სპეციფიკაზე. ინტერვიუ
- საქართველოშიც კარგად ვვარჯიშობდი, თუმცა კანარებზე გაცილებით ინტენსიურ წვრთნას გავდივარ. ესპანეთში შედარებით კარგი პირობებია როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალურად მოსამზადებლად, ფიზიკური კონდიციების გასაუმჯობესებლად.
რაც მთავარია, იქ ყველა ერთი გეგმით არ მუშაობს: ყველა მოთამაშეს ინდივიდუალური პროგრამა გვაქვს, რათა გამოვასწოროთ ყველა ნაკლი. ამ ტიპის ვარჯიშებისას ცალკე მოჩენილი მწვრთნელი არ გვყავს, ყველამ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. დაზარება გამორიცხულია, ყოველ შემთხვევაში, ჩემი მხრიდან, რადგან "გრან კანარიაში" იმიტომ ვარ წასული, კარგ კალათბურთელად ჩამოვყალიბდე.
- შენ რაზე მუშაობ დამატებით?
- სისწრაფესა და ნახტომზე. სპეციალური ვარჯიშებია, რომლებსაც შედეგი აშკარად მოაქვს.
- კანარების დედაქალაქი ლას პალმასი როგორ მოგწონს?
- ტურისტული ზონაა, პლაჟებითა და სავაჭრო ცენტრებით. მშვიდი ქალაქია და რაც მთავარია, ზამთარშიც კი არ ცივა. დეკემბერშიც მოკლესახელოიანი მაისურებით დავდიოდი.
- "გრან კანარიას" რა ასაკის გუნდში თამაშობ?
- 18-წლამდელთა გუნდთან ერთად ესპანეთის ჭაბუკთა ჩემპიონატში გამოვდივარ. პარალელურად, შედარებით უფროსებთან ერთად პრიმერა ავტონომიკას ლიგაში ვთამაშობ. ამ შეჯიბრებაში ჯერ მხოლოდ ერთი წაგება გვაქვს, ვცდილობთ, პირველობა არავის დავუთმოთ, რათა მომდევნო სეზონისთვის ება-ს ლიგაში თამაშის უფლება მოვიპოვოთ.
- 18-წლამდელთა ჩემპიონატში რომელ სტადიაზე ხართ?
- ეს ტურნირი ორ ეტაპად იმართება. ჯერ რეგიონების პირველობები ტარდება, შემდეგ საუკეთესოები ერთად მოიყრიან თავს და ჩემპიონსაც გამოავლენენ. ამჟამად კანარების ჭაბუკთა ჩემპიონატს ვთამაშობთ, სადაც ორ საუკეთესოს შორის მოხვედრაც საკმარისია ესპანეთის პირველობის ფინალში გასასვლელად.
- ამჟამად რომელ ადგილზე ხართ?
- მეორეზე. ერთი მატჩი გვაქვს წაგებული "კანარების აკადემიასთან", რომელშიც შარშან ლევან მასხულია გამოდიოდა (იგი ამჟამად ალბასეტეშია). დასანანი მარცხი იყო: ვერ გვეხმარებოდა ტანმაღალი ლიტველი, რომელსაც ესპანეთში თამაშის უფლება არ ჰქონდა მიღებული. მის გარეშე ფარზე ძალიან გაგვიჭირდა, "აკადემიამ" ბევრი ბურთი მოგვიხსნა...
ამ ლიტველმა თამაშების ლიცენზია უკვე მიიღო და იმედი მაქვს, განმეორებით მატჩში რევანშს ავიღებთ.
- "გრან კანარიას" მთავარ გუნდთან ვარჯიში ხშირად გიწევს?
- მცირე დროით გადამიყვანეს - "გრან კანარიას" ფორვარდი დეჟუან სამერსი დაშავდა და განაცხადში მის ნაცვლად შემიყვანეს.
- თორნიკე შენგელიას "ბასკონიას" ეთამაშებოდით...
- მწვრთნელმა აიტორ გარსია რენესესმა მითხრა, გახურდი, მზად იყავი და თუ საჭირო იქნება, მოედანზეც შეხვალო. მოუთმენლად ველოდი ამ წუთს. განსაკუთრებით მაშინ, როცა 17 ქულით დავწინაურდით, თუმცა არ მითამაშია.
არადა, ძირითადად, მძიმე ფორვარდის პოზიციაზე ვვარჯიშობდი და მოედანზე რომ შევსულიყავი, შენგელიას მეურვეობა მომიწევდა.
- კალათბურთს სწავლას როგორ უთავსებ?
- მე-11 კლასში ვარ. სულ თორმეტია. ესპანეთში სწავლა სხვადასხვა ეტაპად იყოფა. მე-11 და მე-12 კლასებში ძირითადად ისინი სწავლობენ, ვისაც შემდგომში უნივერსიტეტში მოწყობა აქვთ გადაწყვეტილი.
სხვათა შორის, სწავლას ჩემს გუნდშიც დიდ ყურადღებას აქცევენ, ყოველთვის ინტერესდებიან, როგორ ვსწავლობთ, რა ნიშნებზე ვამთავრებთ სემესტრს. ლატვიელი თანაგუნდელიც მყავს, რომელმაც ესპანურ ენაში თავის კლასში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო, ადგილობრივებსაც აჯობა.
- ბოლოს, მკითხველს მოკლედ გავაცნოთ, როდის დაიწყე თამაში და რა გზით მოხვდი "გრან კანარიაში"...
- პატარაობაში ფეხბურთს ვთამაშობდი, მეკარე ვიყავი, თუმცა ერთი შემთხვევის გამო ფეხბურთიდან კალათბურთზე გადავედი. არც მანამდე ვიყავი შორს სპორტის ამ სახეობისგან - ბებიაჩემი, ია ახრახაძე კალათბურთელი იყო, სსრ კავშირის ნაკრებშიც თამაშობდა. ჯერ "სამედიცინოში" სერგო იშხნელთან ვვარჯიშობდი, შემდეგ "დინამოში" გადავედი, აჩიკო ჟღენტთან.
ამ გუნდში ერთი წლით დიდებში ვვარჯიშობდი, პარალელურად კი, "აკადემიაში" ჩემს თანატოლებში ვიყავი. ვასილ სომხიშვილი მავარჯიშებდა. ამას მოჰყვა "შსს აკადემია", სადაც არჩილ ჟღენტი გადავიდა და რამდენიმე დინამოელი წაგვიყვანა.
შსს-ელებთან ერთად 2013 წელს 16-წლამდელთა ჩემპიონატი მოვიგე, შემოდგომაზე კი თბილისის ჩემპიონატში გავიმარჯვეთ, რის შემდეგაც "გრან კანარიაში" სინჯებზე გავემგზავრე...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"