ინტერვიუ ევროლიგაზე სტამბოლში "ეფესთან" გამართულ შეხვედრამდეა ჩაწერილი, რომელიც თორნიკეს გუნდმა 28 თებერვალს ანგარიშით 87:84 მოიგო.
- ბოლო ტურში "ბრუისასთან" სტუმრად გაიმარჯვეთ. ეს იყო "ბასკონიას" პირველი გასვლითი მოგება მიმდინარე სეზონში...
- ვიცოდით, რომ ადრე თუ გვიან, სტუმრად გამართულ მატჩებში წარუმატებლობასაც დაესმებოდა წერტილი. ჩვენ იმ დონის გუნდი გვყავს, ნებისმიერი მოწინააღმდეგის დამარცხება რომ შეუძლია.
თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ გაცილებით რთულია გასვლით
- შემდეგი გაჩერება სტამბოლია, სადაც "ეფესთან" მოგიწევთ ევროლიგაზე თამაში...
- როგორც აღვნიშნე, ესპანეთის ჩემპიონატში მეტოქის მოედანზე გამარჯვება ძალიან რთულია. კიდევ უფრო ძნელია ევროლიგაზე, სადაც ევროპის ტოპკლუბები თამაშობენ.
"ეფესთან" საშინაო მატჩში ბოლო წუთებზე დავმარცხდით, მას მერე გვქონდა საკმარისი დრო მეტოქის კარგად შესასწავლად. იმედი მაქვს, პარასკევს სტამბოლში ჩვენს თამაშს ვუჩვენებთ და წარმატების შანსიც გვექნება.
ყველას კარგად გვესმის, რას ნიშნავს "ეფესთან" მოგება ჩვენი გუნდისთვის, გამარჯვების შემთხვევაში პლეი ოფში გასვლისკენ მორიგ ნაბიჯს გადავდგამთ, წაგება კი საგრძნობლად დაგვწევს უკან.
- ხედავთ "ბასკონიას" ტოპ-8-ში?
- დიახ. კარგი გუნდი გვყავს და პლეი ოფში გასვლის შემთხვევაში ვერავინ იტყვის - ეს უბრალო გამართლების ბრალი იყოო. ნებისმიერ გუნდთან შეგვიძლია თანაბრად თამაშიც და გამარჯვებაც. ცსკა-სთან შეხვედრაში ბოლომდე გვქონდა მოგების შანსი, ხოლო "ოლიმპიაკოსთან" კარგი მატჩი მოვიგეთ.
- ბოლო დროს "ბასკონია" უკეთ ათამაშდა...
- ეს შესამჩნევია შიგნიდანაც და გარეშე თვალითაც. ერთნაირად დამაჯერებლად ვთამაშობთ როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. ბევრი პლუსი გვაქვს, რასაც თამაშისას სათანადოდ ვიყენებთ.
- შუა სეზონში მთავარი მწვრთნელი შეიცვალა...
- იბონ ნავარომ გუნდი მას მერე ჩაიბარა, რაც სეზონი დიდი ხნის დაწყებული იყო. ასეთი ცვლილების შემდეგ გუნდსაც სჭირდება დრო და მწვრთნელსაც - გუნდის დასალაგებლად. ვფიქრობ, ბოლოს და ბოლოს, ნავაროს შრომამ შედეგი გამოიღო. ეს მოედანზეც ჩანს.
- რა სხვაობაა წინა მწვრთნელ მარკო კრესპისა და იბონ ნავაროს შორის?
- ამ მწვრთნელებს განსხვავებული სტილი აქვთ. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ კრესპის წასვლის შემდეგ გუნდში კალათბურთელებიც შეიცვალნენ. ასე რომ, მხოლოდ მწვრთნელთა ცვლასთან არ გვაქვს საქმე. ვცდილობთ თამაშიდან თამაშამდე გავუმჯობესდეთ.
- ეს თორნიკე შენგელიას როგორ გამოსდის?
- მაქსიმუმისთვის ჯერ არ მიმიღწევია. ვცდილობ კიდევ ბევრი ვიმუშავო, ვისწავლო და პროფესიულად გავიზარდო. სტატისტიკა სტაბილური მაქვს, რაც მთავარია, გუნდს წარმატების მიღწევაში ვეხმარები. ვასრულებ ყველაფერს, რასაც მწვრთნელი მთხოვს.
- რამდენიმე წლის წინათ ესპანეთში "ვალენსიას" ფორმით გამოჩნდი. მას შემდეგ როგორ შეიცვალე?
- როგორც ადამიანი, არ შევცვლილვარ. როგორც კალათბურთელი, ფიზიკურად საგრძნობლად მოვუმატე და გამოცდილებაც მეტი მაქვს.
- "ვალენსია" ადრეულ ასაკში დატოვე. დღეს როგორ იხსენებ ამ გუნდს?
- "ვალენსიაში" წლიდან წლამდე იცვლებოდნენ მწვრთნელები. ყველას საკუთარი შეხედულება ჰქონდა და ერთ მომენტში საჭიროდ ჩავთვალე გუნდის დატოვება. იქ უამრავი მეგობარი დამრჩა და "ვალენსიასთან" ყოველი მატჩის წინ ვღელავ. "ვალენსიას" და ვალენსიელებს ყოველთვის თბილად ვიხსენებ.
- ესპანეთიდან ბელგიაში გადახვედი...
- იქ უკვე პროფესიონალი კალათბურთელის სტატუსით წავედი. ორი კარგი სეზონი მქონდა. ჯერ "პეპინსტერში" ვთამაშობდი, სადაც წუთებიც მქონდა და გუნდის ერთ-ერთი წამყვანი კალათბურთელიც გახლდით. მომდევნო წელს "შარლერუაში" გადავედი, რომელთან ერთადაც ევროლიგაზე თამაშის საშუალება მომეცა. სწორედ "შარლერუაში" გამოსვლით მივიპყარი NBA-ს სკაუტების ყურადღება.
- 2012 წელს, NBA-ს დრაფტის შემდეგ "ბრუკლინის" შემადგენლობაში აღმოჩნდი. ხომ არ ნანობ ამერიკაში ერთობ ახალგაზრდა რომ წახვედი?
- დღესაც რომ მქონდეს არჩევანის საშუალება, ისევ ამერიკას ავირჩევდი. ვფიქრობ, სწორი ნაბიჯი გადავდგი. NBA-ს მწვრთნელებსა და ვარსკვლავებთან თანამშრომლობით დიდი გამოცდილება მივიღე.
ბევრს ვვარჯიშობდი, თუმცა სათამაშო დრო ძალიან ცოტა მქონდა. ორი წლის შემდეგ დადგა დრო, სწავლის პარალელურად სათამაშო პრაქტიკაც მიმეღო. ამიტომაც გადავწყვიტე ევროპაში დაბრუნება.
- "ბასკონიაში" თავს ბედნიერად გრძნობ?
- ბედნიერი ვარ, რისთვისაც ღმერთს მადლობას ვეუბნები. აქ ორი წელი დავრჩები. მოხარული ვარ, რომ "ბასკონიასთან" ერთად ევროპის ტოპ-კლუბების წინააღმდეგ თამაშის საშუალება მაქვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"