თორნიკე შენგელიას გუნდმა სტამბოლში მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო

AutoSharing Option
სტამბოლში, "ეფესთან" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა თორნიკე შენგელიას "ლაბორალ კუჩამ". სწორედ ეს 2 გუნდი იბრძვის ევროლიგის ტოპ-16-ის F ჯგუფიდან პლეი ოფში გამსვლელი მე-4 ადგილისთვის. ჯერ წინ კიდევ 6 ტურია, თუმცა ძნელად სავარაუდოა, მოწინავე სამეულში მყოფმა გუნდებმა - "ოლიმპიაკოსმა", ცსკა-მ და "ფენერბაჰჩემ" იმდენი მატჩი წააგონ, მერვედფინალში გამსვლელი ოთხეულის მიღმა დარჩნენ.

ასე რომ, აღნიშნული ჯგუფის დარჩენილი 1 ვაკანტური საგზურისთვის სწორედ "ლაბორალ კუჩა" და "ეფესი" იბრძვიან. ამ ტურამდე სტამბოლელები 1 მოგებით უსწრებდნენ ვიტორიელებს და აღნიშნულ შეხვედრასაც უდიდესი სატურნირო მნიშვნელობა ჰქონდა. "ეფესს" რომ მოეგო, ესპანურ
გუნდთან სხვაობას 2 ქულამდე გაზრდიდა და პლეი ოფისკენ მოზრდილ ნაბიჯს გადადგავდა, თუმცა შენგელიას გუნდმა საკუთარ თავს აჯობა და სტამბოლში უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას მიაღწია.

ვიტორიელებმა ბეწვის ხიდზე გაიარეს. პირველი ტაიმის შემდეგ ისინი 17 ქულით ლიდერობდნენ, თუმცა მასპინლებმა მოახერხეს ჩამორჩენის აღმოფხვრა და ბოლო პერიოდში წინაც გავიდნენ. ამხელა ჰანდიკაპის განიავებამ ვიტორიელები არ დააბნია. ესპანური გუნდის წევრებმა მოინდომეს და დასკვნით წუთებში მეტოქეზე მობილიზებულად ითამაშეს. გადამწყვეტ ეპიზოდში ჰაერივით საჭირო ორქულიანი ქართველმა ფორვარდმაც ჩააგდო და "ლაბორალ კუჩამ" შეხვედრა 87:84 მოიგო.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაში 21:11 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 4 ქულით, 6 მოხსნით და 2 პასით დაასრულა. შენგელიამ 2 ჯარიმა მიიღო და ბურთი 3-ჯერ დაკარგა.

ვიტორიულ გუნდში ბომბარდირი ფერნანდო სან ემეტერიო გახლდათ, რომელმაც 24 წუთში 22 ქულა ჩააგდო. საუკეთესო შედეგიანობით კი კოლტონ აივერსონი გამოირჩა, რომელმაც 24 წუთში 17 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. დავის ბერტანსის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა. მომდევნო შეხვედრა "ლაბორალ კუჩას" 5 მარტს, შინ, მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-სთან ელის, რომელმაც ამ ტურში შინ "ფენერბაჰჩესთან" წააგო.

მარკოიშვილს ამ მატჩში არ უთამაშია. ქართველ ფორვარდს ტრავმა აწუხებს და მწვრთნელებმა ის განაცხდში არ შეიყვანეს. მის ნაცვად მოსკოველთა შემადგენლობაში ადგილი სახელგანთქმულმა ანდრეი კირილენკომ დაიკავა, რომელიც ოპტიმალური ფორმისგან შორსაა და მოედანზე მხოლოდ 5 წუთით გამოჩნდა.

ამ წაგებით ცსკა მეორე ადგილზე ჩამოქვეითდა და "ფენერბაჰჩეს" გაუთანაბრდა. პირველ ადგილზე კი ბერძნული "ოლიმპიაკოსია", რომელმაც ამ ტურში ესპანური "უნიკახა" დაამარცხა.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული