თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველი მეოთხედი მილუოკელებმა დამაჯერებლად - 31:19 მოიგეს, თუმცა მომდევნო პერიოდები ჩააგდეს და გადამწყვეტი 12-წუთეულის წინ 8 ქულით ჩამორჩნენ. ძირითადი დროის ბოლო 8 წუთი მოედანზე გაატარა და ჩამორჩენის გაბათილებაში დიდი წვლილი
ბოლო პერიოდი მილუოკელებმა ზუსტად 8 ქულით - 22:14 მოიგეს და დამატებითი 5-წუთეულიც დაინიშნა. ოვერტაიმი ფაჩულიას 2 ზუსტი საჯარიმოთი გაიხსნა. ზაზამ საჭირო მოხსნებიც გააკეთა, თუმცა მასპინძლებმა უფრო მობილიზებულად ითამაშეს და საბოლოოდ გამარჯვებაც მათ დარჩათ.
ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 34 წუთი გაატარა. მიმდინარე სეზონში ამაზე მეტი ზაზას მხოლოდ ერთხელ აქვს ნათამაშები. გასული წლის 18 ნოემბერს ქართველმა ცენტრმა "ნიუ იორკთან" 117:113-ით მოგებულ მატჩში 35 წუთი ითამაშა და 14 ქულასთან ერთად, 13 მოხსნა (8 შეტევაში) მიითვალა. ფაჩულია ამჯერად არანაკლებ შედეგიანად გაისარჯა. ქართველმა ცენტრმა "ინდიანასთან" მატჩში 16 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა.
ზაზამ 34 წუთში თამაშიდან 11 სროლა განახორციელა და 5 მათგანი ჩააგდო, რასაც 6-დან 6 საჯარიმო მოაყოლა. 16 ქულასა და 12 მოხსნასთან ერთად, ფაჩულიას 3 პასი და 2 ჩაჭრაც დაუგროვდა, 5 ჯარიმა მიიღო და ბურთი 2-ჯერ დაკარგა. რომ არა მაიკლ კარტერ-უილიამსის 28 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი და 4 ჩაჭრა, ქართველი ცენტრი მილუოკელთაგან საუკეთესო იქნებოდა. აღსანიშნავია ფერადკანიანი ბერძენის, გიანის ანტეტოკოუმპოს გარჯაც, რომელმაც თავი 19 ქულასა და 10 მოხსნას მოუყარა.
რაკი წაგებებს უხშირა, "მილუოკი" ცხრილში მის წინ მყოფ "ვაშინგტონს" დაშორდა, თუმცა არც ისე დაძირულა, რომ მდევარი წამოეწიოს. "ინდიანამ" ამ გამარჯვებით მხოლოდ შეამცირა აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში მე-6 ადგილზე მყოფ "მილუოკისთან" ჩამორჩენა. მილუოკელებს ინდიანელებზე 4 მოგებით მეტი და 3 წაგებით ნაკლები აქვთ. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს 14 მარტს, სტუმრად "მემფის გრიზლისთან" ელის.
წყარო: gbf.ge