გიგა ჯანელიძე: მე "პატარა ეარ ჯორჯია" შემარქვეს

AutoSharing Option
ძალიან გამიხარდება, თუ ნაკრების 20-კაციან განაცხადში მოვხვდები

ნამდვილად არ მახსოვს, რომელი წელი იყო, მაგრამ მახსოვს, "სოხუმის" მწვრთნელის, ვაჟა კვარაცხელიას ვარჯიშზე, 51-ე სკოლის დარბაზში დედა-შვილი შემოვიდა. დედა ხომ მაღალი იყო, ბავშვი კიდევ უფრო მაღალი, არადა, 12-13 წლისა უნდა ყოფილიყო.

ვაჟა კვარაცხელიას მათ შესახებ რომ ვკითხე, მითხრა, ქუთაისიდან არიან, ძალიან ნიჭიერი ბიჭია და იტალიაში მიდისო.

ორიოდე დღის წინ, იტალიის "ვერცხლის ლიგაში" მოთამაშე გიგა ჯანელიძის (1995) ინტერვიუ რომ ჩავწერე, ის ქუთაისელი ყმაწვილი გამახსენდა.

- ვაჟა კვარაცხელიას დარბაზში მართლაც მივდიოდი ხოლმე, იტალიისთვის მამზადებდა. ქუთაისელი
ვარ, 12 წლამდე დედაჩემი ია გოგლიჩიძე და ირინა მელქაძე მავარჯიშებდნენ. მათ ოთარ ჩაჩუა ეხმარებოდა. 12 წლისა უკვე იტალიაში წავედი, თუმცა ესპანელი სკაუტის ყურადღების ცენტრშიც ვიყავი. ვინც დედაჩემს ნახავდა, შემდეგ ჩემს სიმაღლეს, ყველა ამბობდა, მაღალი გაიზრდება და არ შეიძლება, კარგი კალათბურთი არ ითამაშოსო.

- იტალიაში რომ გაემგზავრე, რა სიმაღლისა იყავი?
- 12 წლისა 180 სმ სიმაღლისა გახლდით, თუმცა ბევრის ვარაუდი ბოლომდე არ გამართლდა. ამჟამად 202 სმ ვარ.

- კალათბურთის პროფესიად არჩევა, ალბათ, პატარაობიდანვე გქონდა გადაწყვეტილი...
- არა, თავიდან მინდოდა მუსიკოსი გამოვსულიყავი, გიტარას ახლაც ვუკრავ, ოღონდ გართობის მიზნით. ტანი რომ ავიყარე, უკვე მივხვდი, რომ კალათბურთი უნდა მეთამაშა. ვარჯიში ქუთაისში დავიწყე, თუმცა დღევანდელთან შედარებით, პირობები ძალიან ცუდი იყო.

დარბაზში წყალი ჩამოდიოდა, ფარები ხისა იყო, ხშირად ტყდებოდა და ლურსმნებით აჭედებდნენ. მაშინ არც ასაკობრივი ლიგები იყო. მიხარია, რომ მას მერე საქართველოში საქმე უკეთესადაა. წლეულს პირველი ლიგაც შექმნეს, რაც ნამდვილად საჭირო იყო - ბევრი ჩემი მეგობარი უგუნდოდ იყო.

უმაღლესი ლიგის გუნდში თუ ვერ მოხვდებოდი, კალათბურთისთვის თავი უნდა დაგენებებინა.

- საქართველოდან რიმინის "კრაბსში" გადახვედი...
- ნიკა ცქიტიშვილის ძმასთან, გიორგისთან ერთად ვვარჯიშობდი. იგი შემდეგ ამერიკაში გაემგზავრა. იტალიაში რომ ჩავედი, სწორედ იმ წელს გადაიყვანა სიენის "მონტეპასკიმ" "კრაბსიდან" ნიკა მეტრეველი.

- ყველაზე ბევრს რაზე მუშაობდი?
- რადგან ფიქრობდნენ, რომ ძალიან მაღალი გავიზრდებოდი, ცენტრის მოძრაობებზე ვვარჯიშობდი, თუმცა დღევანდელ კალათბურთში ცენტრსაც უნდა შეეძლოს სამწამიანის გარეთ თამაში.
ძირითადად, მძიმე ფორვარდის პოზიციაზე ვარ, თუმცა სამქულიანებსაც ხშირად ვისვრი.

- ჩატენვებიც გიყვარს...
- "სლემ დანქების" კონკურსშიც მიმიღია მონაწილეობა. რამდენიმე წლის წინათ ვიქტორ სანიკიძე ბოლონიის "ვირტუსში" რომ თამაშობდა, ყველა "ეარ ჯორჯიას" ეძახდა. მე "პატარა ეარ ჯორჯია" შემარქვეს.

- ამჟამად "როსეტოში" ირიცხები, მანამდე იყო მილანის "ურანია", "კაზაპუსტერლენგო"...
- იტალიის სერია B-ში სწორედ "კაზაპუსტერლენგისთან" ერთად ვითამაშე. მომდევნო წელს იყო "ურანია", რომელთან ერთადაც, ვერ ვიტყვი, წარმატებული სეზონი მქონდა-მეთქი.

- წლეულს "როსეტოს" მაისურით არაერთი ორმაგი დუბლი შეასრულე. თუმცა ბოლო მატჩებში სათამაშო დრო ძველებურად ვერ ადის 30 წუთამდე...
- მცირე ტრავმა მქონდა. ახლა თავს კარგად ვგრძნობ. თუმცა მხოლოდ ტრავმას ვერ დავაბრალებ სათამაშო დროის შემცირებას. საქმე ის არის, რომ სეზონის დასაწყისში ძირითადად 6-7 კალათბურთელი ვთამაშობდით. შესაბამისად, მოედანზე 30 წუთზე მეტს ვატარებდი და დუბლების შესრულებისთვის მეტი დროც მქონდა. გუნდის გაძლიერების მიზნით ამერიკელები დაგვემატნენ და ახლა 7-ის ნაცვლად დრო 11 კაცზე ნაწილდება. თუ მანამდე 14-15-ჯერაც ვტყორცნიდი, ახლა თამაშში 4-5 ჯერ ვისვრი. თუმცა საქმე მაინც ბევრი მაქვს - მთავარი მწვრთნელი ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგეების მეურვეობას მე და მორენოს გვავალებს.

- ალბათ, იტალიურ "კანტუში" გიორგი შერმადინის თამაშებსაც ადევნებ თვალს. მის გუნდში ისეთი ამერიკელები არიან შეკრებილნი, პასს მხოლოდ მაშინ გასცემენ, თუ სხვა გამოსავალი არა აქვთ...
- "როსეტოშიც" არიან ასეთები, თუმცა შუა სეზონში გადმოვიდა ჯოშ ჯექსონი, რომელიც შარშან "სოხუმში" თამაშობდა. მან პასიც იცის და სროლაც. სხვათა შორის, "ვერცხლის ლიგაში" საქართველომოვლილი კიდევ რამდენიმე ამერიკელია - საიმონსი (სოხუმიდან), სეფოლდი (ბათუმიდან)... ყველამ კარგად იცის მისალმება და ქართული გინება.

- "როსეტოსთან" ერთად პლეი ოფში, ალბათ, ვერ გახვალ...
- პლეი ოფი ჩვენთვის უკვე მიუღწეველია, ერთი იმიტომ, რომ სატურნირო ცხრილის ქვემოთ ვართ, მეორეც - მომდევნო ეტაპზე ბრძოლას მხოლოდ 4 გუნდი აგრძელებს. ისინი "ოქროს" ლიგის წარმომადგენლებთან ერთად გაითამაშებენ სერია A-ს საგზურს.

- ვერცხლისა და ოქროს ლიგები რანგით ერთმანეთთან გათანაბრებულია?
- ასეა. მომავალი წლიდან გაერთიანებას აპირებენ. ლიგაში 30 გუნდი ითამაშებს.

- იტალიაში არაერთ ქალაქში გიცხოვრია. ყველაზე მეტად რომელი მოგწონს?
- მილანი ყველას მირჩევნია, ოღონდ იქ მანქანით არ უნდა იარო. ისეთი საცობებია, დღე ვერც ივლი. განსაკუთრებით ლამაზი ღამის მილანია.

- ხინკალი თუ მაკარონი?
- რა თქმა უნდა, ხინკალი, ქაბაბიც ძალიან მიყვარს, თუმცა აქ სადილად თუ ვახშმად მაკარონს ვჭამ. იტალიაში "პასტას" სხვადასხვა რეცეპტით, გემრიელად ამზადებენ.

- ბოლო შეკითხვა ისევ საკალათბურთოა. საქართველოს ნაკრებიდან აქამდე ხომ არავინ შეგხმიანებია?
- არავის დაურეკავს. თუ დამიძახებენ, ძალიან გამიხარდება. არ მაქვს თავიდანვე 12 კაცში მოხვედრის პრეტენზია, 20-კაციან გაფართოებულ შემადგენლობაშიც რომ შემიყვანონ, თავს არ დავზოგავ.

შემდეგ უკვე მწვრთნელების გადასაწყვეტია, დამტოვებენ თუ არა ნაკრებში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული