შეგახსენებთ, რომ მეორე შეხვედრის ბოლო მეოთხედში ზაზამ და "ჩიკაგოს" ესპანელმა მძიმე ფორვარდმა ნიკოლა მიროტიჩმა იჩხუბეს, რის გამოც ქართველმა მეორე ტექნიკური ფოლი მიიღო და ის მოედნიდან გააძევეს, ხოლო მიროტიჩმა ჩხუბისას ტრავმა მიიღო და მესამე შეხვედრა ამის გამო გააცდინა.
ამ ინციდენტის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა ნიკოლა მიროტიჩმა.
"არ მიყვარს სხვა კალათბურთელებზე ცუდის თქმა, მაგრამ მოთამაშე უნდა იყოს მოზომილი. რა თქმა უნდა, მესმის, რომ ეს პლეი ოფია და აქ განსაკუთრებით საჭიროა ფიზიკური ორთაბრძოლები. ეს კარგიცაა, თუ ბინძურად არ თამაშობ.
არ ვიცი, რამდენად ჰქონდა ეს ჩაფიქრებული ფაჩულიას, შესაძლოა, უბრალოდ, ხელის კვრა სურდა. არ ვიცი, ამის შესახებ მხოლოდ მას ეცოდინება.
ნელ-ნელა უკეთ ვხდები და იმედია, მეოთხე მატჩში ვითამაშებ", - განაცხადა ჩერნოგორიული წარმოშობის კალათბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ სერია 4 მოგებამდეა. მორიგი მატჩი ისევ მილუოკიში გაიმართება.
ინციდენტზე კომენტარი "მილუოკის" თავკაცმა ჯეისონ კიდმაც გააკეთა (მესამე მატჩის წინ): "იყო სპეკულაციები, თითქოს, ზაზას დისკვალიფიკაციას მისცემდნენ, მაგრამ არაფერი მსგავსი არ მოხდა. ვფიქრობ, რაც მათ პრეტენზიები ჰქონდათ, არაფერი დადასტურდა. ჩვენ, უბრალოდ, გაგვიმართლა, რომ გუნდში ზაზა გვყავს".