ნიკოლოზ ცქიტიშვილი: NBA-სთვის მზად ვარ!

AutoSharing Option
ახლახან ნიკოლოზ ცქიტიშვილი "ლოს ანჯელეს კლიპერსის" წევრი ოფიციალურად გახდა. NBA-ს კლუბის ოფიციალურმა საიტმა კი მასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა.

* * *
იმისთვის, რომ "კლიპერსის" წევრი გამხდარიყო, ნიკოლოზ ცქიტიშვილს - 2002 წლის დრაფტის 5 ნომერს, ამერიკიდან წასვლა მოუწია:

"თუკი კალათბურთი გიყვარს, უნდა ითამაშო. NBA-ში ძალიან მიხაროდა ყოფნა, მაგრამ ჩემი საქმეები კარგად არ მიდიოდა. დავჯექი ოჯახის წევრებთან ერთად და ავწონ-დავწონე ყველაფერი; ვისაუბრე მაიკ დანტონისთან, რომელიც მაშინ ჩემი მწვრთნელი იყო.

მე მაშინ ვთქვი, ჩემი წასვლის დროა, რათა უფრო განვვითარდე, როგორც კალათბურთელი", - იხსენებს ცქიტიშვილი.

ასოციაციის
ოთხ სეზონში, ოთხ სხვადასხვა კლუბში, ნიკას კარიერა ისეთი ტრაექტორიით არ მიდიოდა, როგორც იგეგმებოდა. ამიტომ ის გაერიდა.

ახლა ნიკა 32 წლისაა და ამერიკიდან წასვლის შემდეგ, 9 წლის განმავლობაში, ექვს სხვადასხვა ქვეყანაში, 11 კლუბში ითამაშა. ცქიტიშვილის ოდისეამ ის ისევ NBA-ში დააბრუნა. მას შანსი "კლიპერსში" მიეცა.

ამერიკის გარეთ ყოფნისას, ცქიტიშვილს თამაში ირანსა და ლიბანშიც კი მოუხდა:

"როცა მივიღე შემოთავაზება, დავთანხმდი. მე ძალიან მომეწონა აზიური კალათბურთი. ირანში ჩემპიონობა და აზიის საკლუბო ჩემპიონობა მოვიგეთ.

ამის მერე იყო ლიბანი, მითამაშია დუბაიში, ცოტა ხანი ჩინეთშიც კი ვიყავი. მე ყველაფერი გამოვცადე".

სხვისთვის ეს შესაძლოა, კულტურული შოკი იყოს, მაგრამ არა ნიკასთვის:

"საქართველოსთვისაც კი ეს უცხო ხილი იყო, რადგან ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ და არა აზიის. თუმცა მაინც არის გარკვეული სიახლოვე, მაინც ვნახულობდი საერთოს კერძებში, ლექსიკაში.

თეირანის გარეთ მართლაც ჭირს ცხოვრება, მაგრამ თეირანი დიდებული ქალაქია. ხალხი კარგად ცხოვრობს, კალათბურთითაც ერთობა. რაც შეეხება ბეირუთს, პირველად რომ ჩავედი იქ, თავი პარიზში მეგონა. კარგია ქალაქის ღამის ცხოვრება, ოჯახისთვის და ბავშვებისთვისაც იქ ყველაფერი მშვენივრად იყო”.

ნიკას მუდამ თან დაჰყავს თავისი ქალიშვილები (5 და 2 წლის) და ამბობს, რომ ისინი მსოფლიოში მისი ნომერ პირველი ფანები არიან.

ცქიტიშვილი ფიქრობს, რომ ის უკვე ჩამოყალიბებული კალათბურთელია და ბევრით განსხვავდება იმ ბიჭისგან, რომელიც 2002 წელს ინგლისურად ძნელად ლაპარაკობდა და უდიდესი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იყო. ასოციაციაში ის 2,9 ქულას და 1,7 მოხსნას აგროვებდა საშუალოდ.

"ამ თამაშს ყოველდღიურად სხვადასხვა კუთხიდან უყურებ. მით უმეტეს, თუ სხვადასხვა ქვეყანაში თამაშობ. თან შესაძლოა, ერთი-ორი ცუდი თამაშისთვის გუნდიდან გაგაგდონ.

ამიტომ ჩემთვის ნაცნობია ყოველდღიური შრომა იმისთვის, რომ არ დარჩე ბორტს მიღმა. ეს ახლა აქაც გამომადგება. უნდა ვიშრომო ძალიან ბევრი, რომ არ დავრჩე გუნდს მიღმა".

ცქიტიშვილი ამბობს, რომ ამ მოგზაურობამ მას ბევრი შემატა არა მარტო როგორც კალათბურთელს, არამედ, როგორც ადამიანს - მან ცხოვრება სხვადასხვა კუთხიდან დაინახა. ახლა ის მზადაა დაამტკიცოს, რომ NBA-ს გამოადგება:

"ყოველ ქალაქში ბევრს ვთამაშობდი. ეს ძალიან მახარებდა. როცა ვთამაშობ, თავს ყოველთვის კარგად ვგრძნობ, ასეთი ხასიათი მაქვს. მე ძალიან მოვუმატე ფსიქოლოგიურად. დიახ, ვფიქრობ, რომ გამოწვევისთვის მზად ვარ".
მკითხველის კომენტარები / 5 /
მიხარია როდესაც ადამიანი ზოგიერთებს ჩამოწერილი გონიათ და ის თავისი სულით და ჯიგრით მაინც წარმატებებს აღწევს. მიდი, ნიკოლოზ, ბოლომდე მიაწექი!
ქუთაისელი
17:19 28-09-2015
0
ყველა დროის ყველაზე ნიჭიერი ქართველი კალათბურთელი. წარმატებებს გისურვებთ ნიკა.
0

სიახლეები პოპულარული