შეხვედრის დასაწყისში 10 ქულის სხვაობით დაწინაურდნენ ფენერბაჰჩელები და ვიქტორ სანიკიძის თანაგუნდელები მთელი შეხვედრა ამ სხვაობის გაბათილებას მოუნდნენ. საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე სტამბოლელთა სასარგებლოდ ანგარიში 82:74 იყო, თუმცა დარჩენილ დროში ფავორიტებმა გაილაღეს და 16-ქულიანი ფორით მოიგეს.
სანიკიძეს "ტედ კოლეჯშიც" ზურგზე ერთიანი და სამიანი აწერია, თუმცა 13 ნომერი არა - 31-ნომრიანი მაისურით თამაშობს. ვინც მატჩს უყურა, დაგვეთანხმება,
იყო ეპიზოდი, როცა მან ბურთი პლეიმეიქერთან გაათამაშა და ფარქვეშაც შეირბინა. ელოდა საალეიუპე აგდებასაც, მაგრამ "ტედ კოლეჯში" ხომ გიორგი ცინცაძე არ თამაშობს...
ასე და ამგვარად, სანიკიძემ 33 წუთი ითამაშა, 11 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 7-დან 4 ორქულიანი (ნახევარი ჩატენვის შედეგი იყო) და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
მატჩის ბომბარდირი "ფენერბაჰჩეს" ჩეხი ცენტრი იან ვესელი გახდა - 24 ქულა ჩააგდო. 14 ქულა მიითვალა NBA-დან დაბრუნებულმა იტალიელმა ლუიჯი დატომემ, რომელიც ასევე "ფენერბაჰჩეს" ღირსებას იცავს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"