დუდა სანაძემ სეზონი გამარჯვებითა და 11 ქულით გახსნა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების უკანახაზელ დუდა სანაძისთვის სეზონი დაიწყო.

ამერიკის სტუდენტური ლიგის გუნდ "სან დიეგოში" მოთამაშე სანაძეს ოფიციალური, თუმცა არასაკონფერენციო მატჩები დაეწყო და სანამ აღნიშნულ შეხვედრაზე ვისაუბრებთ, მოკლედ გაგაცნობთ სტუდენტური ლიგის გათამაშების სისტემის თავისებურებებს.

ამერიკის სტუდენტურ ლიგაში დღესდღეობით 33 კონფერენცია და 477 გუნდია. "სან დიეგო ტორეროსი", რომლის ღირსებასაც დუდა სანაძე იცავს, ვესტ ქოუსთის (West Coast) კონფერენციაშია, სადაც კიდევ 9 საუნივერსიტეტო გუნდია.

სანამ კონფერენციის მატჩები დაიწყებოდეს, ყველა გუნდი საკუთარი კალენდრის შესაბამისად თამაშობს. ანუ სანამ სტარტს კონფერენციათა პირველობები აიღებდეს, თითოეული გუნდი ადგენს (საგამოფენო) მატჩების
საკუთარ კალენდარს. ეს მატჩები არასაკონფერენციოა, მაგრამ ოფიციალურ ხასიათს ატარებს და გავლენას გუნდის ზოგად რეიტინგზე ახდენს.

არასაკონფერენციო მატჩების დაგეგმვა გუნდების პრესტიჟსა და მათი ხელმძღვანელების მარიფათზეა დამოკიდებული. რაც უფრო მაღალი რეიტინგის გუნდია და გავლენიანი ხელმძღვანელობა ჰყავს, მით უფრო ძლიერ და პრესტიჟულ მეტოქეებს არჩევს. ამასთან, რაც უფრო მეტ და ძლიერ ოპონენტს დაამარცხებ, მით მაღალ რეიტინგს აგროვებ და სტუდენტური ლიგის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის მეტი შანსი გაქვს.

თუმცა ფინალურ ეტაპამდე, რომელიც მარტში იწყება, თითოეულ კონფერენციაში ჩემპიონატი იმართება. საგამოფენო მატჩების დასრულების შემდეგ სანაძის "სან დიეგო" "ვესტ ქოუსთის", ხოლო ყველა დანარჩენი (477) გუნდი საკუთარი კონფერენციის პირველობაში ჩაებმება.

მას შემდეგ, რაც თითოეული კონფერენცია გამოავლენს გამარჯვებულს, დაიწყება სტუდენტური ლიგის ფინალური ეტაპი, რომელშიც მთელი ამერიკის მასშტაბით 64 საუკეთესო გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ფინალურ ეტაპზე პირდაპირი გზით გავა 33 კონფერენციის გამარჯვებული, ხოლო დანარჩენ 31 ადგილს საუკეთესო რეიტინგის მქონე გუნდები შეავსებენ. ეს რეიტინგი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საგამოფენო და საკონფერენციო მატჩების შედეგად დგება.

ისიც აღსანიშნავია, რომ რეიტინგი არა მოგება-წაგებათა არითმეტიკული სიდიდეა, არამედ გამოკითხვების შედეგად დაგროვებულ ხმათა რაოდენობა.

გამოკითხვებში მონაწილეობას ჟურნალისტები და სტუდენტური ლიგის გუნდების მწვრთნელები იღებენ. არის შემთხვევები, როცა ფინალურ ეტაპზე ("მარტის სიგიჟეში") მოსახვედრად გარკვეული რეიტინგის მქონე გუნდებს საკვალიფიკაციო მატჩის გამართვა უხდებათ. ფინალურ ეტაპზე მონაწილეთა რაოდენობა მკაცრადაა განსაზღვრული რეგიონალური პრინციპით. ამერიკა დაყოფილია 4 დივიზიონად - აღმოსავლეთის, დასავლეთის, სამხრეთის და შუა დასავლეთის. თითოეული მათგანიდან ფინალურ ეტაპზე 16 გუნდი უნდა მოხვდეს.

ფინალურ ეტაპზე გასვლა უკვე დიდი წარმატებაა სტუდენტური ლიგის გუნდებისთვის, თუმცა არიან უნივერსიტეტები, რომლებსაც მუდმივად ჰყავთ გუნდი "მარტის სიგიჟეში". ესენი ის უნივერსიტეტები არიან, რომლებიც დიდ ყურადღებას აქცევენ სპორტს და კონკრეტულად, კალათბურთს - გონზაგა, კენტუკი, არკანზასი, დიუკი, ვირჯინია, კაროლინა, მერილენდი და ასე შემდეგ.

ფინალურ ეტაპზე რომ გავიდეს, სანაძის გუნდმა "ვესტ ქოუსთის" კონფერენცია უნდა მოიგოს ან მინიმუმ, ფინალში გავიდეს და შემდეგ რეიტინგის იმედად იყოს. ბოლო წლებში სანდიეგოელები კონფერენციის ნახევარფინალის იქით არ წასულან. ვნახოთ, რა იქნება ახალდაწყებულ სეზონში.

პირველი არასაკონფერენციო (საგამოფენო) მატჩი "სან დიეგომ" კალიფორნიის ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდ "ბივერსთან" გამართა, რომელიც 53 ქულით - 95:42 გაანადგურა. სანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 18 წუთში 11 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ქართველმა ლეგიონერმა 5-დან 1 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

მომდევნო საგამოფენო მატჩს "სან დიეგო" "პასიფიკ 12"-ის მძლავრი კონფერენციის წარმომადგენელ "ტროიანთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
გათამაშების სისტემა ზოგადად სწორადაა აღწერილი, მცირე უზუსტობებს თუ არ ჩავთვლით. პირველი: საგამოფენო თამაშების მიხედვით დადგენილი რეიტინგი ენიჭება გუნდებს რეგულარული ჩემპიონატის წინ. ეს რეიტინგი ჩემპიონატის მსვლელობაში ცხადია იცვლება და რაც მთავარია ეს რეიტინგი გავლენას არ ახდენს "მარტის სიგიჟეში" (ასე ეძახიან ე. წ. ფინალურ ეტაპს) გუნდის გასვლა-არგასვლაზე. ის გავლენას ახდენს უკვე გასული გუნდების პლეი-ოფის ბადეში განთესვაზე. რეგულარულის დასრულების შემდეგ იწყება ჯერ კონფერენციების პლეი-ოფი, მათში გამარჯვებული 33 გუნდი პირდაპირ გადის. აი დანარჩენი 31 გუნდის შერჩევა ხდება არა რეიტინგით, არამედ იმის მიხედვით თუ როგორ გამოიჩინეს თავი რეგულარულში და კონფერენციის პლეი-ოფში როგორ გამოვიდნენ, რაც მთავარია ერთხელ მაინც თუ მოუგეს მაღალი რეიტინგის მქონე (ტოპ) გუნდებთან. შერჩევას აკეთებს სპეციალური კომიტეტი და პლეი-ოფში შეიძლება შეუშვან რეიტინგით დაბლა მდგომი გუნდი და არ შეუშვან რეიტინგით მასზე ბევრად მაღლა მდგომი გუნდი.
Lado
23:25 10-11-2015
0
მაგალითი რომ მოვიყვანოთ - თუ დავუშვათ დუდას "სან-დიეგომ" რეგულარულში დაიკავა კონფერენციაში ბოლო ან ბოლოსწინა ადგილი, მაგრამ კონფერენციის პლეი-ოფში მიაღწია ფინალამდე ან ნახევარფინალამდე მაინც და ამასთან მოახერხა ერთხელ მაინც დაემარცხებინა კონფერენციის ერთ-ერთი ტოპ-გუნდი ("გონზაგა" ან "BYU"), მას დაუშვებენ "სიგიჟეში", მიუხედავად იმისა რომ ძალზე დაბალი რეიტინგი ექნება (კონფერენციის რეგულარულში ბოლო ადგილს მათემატიკურად ვერ ექნება მაღალი რეიტინგი).
Lado
23:32 10-11-2015
0

სიახლეები პოპულარული