ზაზა ფაჩულია
დღეიდან ვაქვეყნებთ საქართველოს ნაკრების კაპიტნისა და "დალასის" ცენტრის, ზაზა ფაჩულიას შესახებ გამოსაცემი წიგნის ფრაგმენტების მკითხველის
ამ რუბრიკაში წაიკითხავთ ზაზას პირველ სანაკრებო ნაბიჯებზე, ურთულეს დღეებზე როგორც ნაკრებთან, ასევე NBA-ურ კლუბებთან ერთად... პირველი ფრაგმენტი კი ისაა, რამაც ფაჩულია NBA-ს გააცნო - შებმა კევინ გარნეტთან.
დაარტყა?
- ეს რა ხდება?! კარგად ვერ დავინახე, ყველაფერი წამის მეასედებში მოხდა, ხელი ჰკრა, თუ დაარტყა? - ჰკითხა ამერიკელმა კომენტატორმა კოლეგას. როგორც წესი, NBA-ს მატჩების მსვლელობისას რეპორტაჟი ორ კომენტატორს მიჰყავს.- ვგონებ, თავი თავზე მიაბჯინა და უკან დაახევინა.
- ვინ ვის?
- ფაჩულიამ გარნეტს. ასეთი რამ კევინ გარნეტისთვის აქამდე არავის გაუბედავს. KG-ს რომ შეება, დიდი გული უნდა გქონდეს... ხედავ, "ატლანტა ჰოქსის" გულშემატკივარიც როგორ აჰყვა ფაჩულიას? - დარბაზი ფეხზე დგას, გამაყრუებელი ხმაურია!
ამასობაში, მატჩის რეჟისორებმა გაწევ-გამოწევის ეპიზოდი გაიმეორეს და კომენტატორებმაც სრულფასოვანი პასუხები მიიღეს წამიერად გაჩენილ შეკითხვებზე:
- ხედავ, საიდან დაიწყო ყველაფერი? ზაზა ფაჩულიამ კევინ გარნეტს "ატლანტას" ფარიდან ბურთი ცხვირწინ მოუხსნა, KG გადაირია და ქართველს იდაყვი ჰკრა. ზაზა შემოტრიალდა და მეტოქეს შეება... აგრესიულად. ზედმეტად აგრესიულად! კიდევ კარგი, ორივე გუნდის ყველა კალათბურთელი ახლოს იყო, თორემ თითო კაცი მოჩხუბრებს ნამდვილად ვერ გააშველებდა.
- მწვრთნელებიც მოედანზე არიან, მაიკ ვუდსონი და დოკ რივერსი! - განაგრძო მეორე კომენტატორმა, - მათ მართლაც დიდებულად იმუშავეს ფაჩულიასა და გარნეტის დასაშორებლად.
- ნახე, კევი და ზაზა მაინც არ ცხრებიან, ისევ საჩხუბრად იწევენ! თუმცა მათ ერთმანეთთან აღარავინ მიუშვებს. აი, ფაჩულია უკვე ელ ჰორფორდს მიჰყავს სათადარიგოთა სკამისკენ. ქართველი ახლა ქომაგს მიმართავს, ხელის მოძრაობით აქტიურობისკენ მოუწოდებს.
Le’s Go Hawks - ესეც "ფილიპს არენაზე" შეკრებილი 20 ათასი გულშემატკივრის ომახიანი პასუხი!
Nothing Easy
ის, რაც ზემოთ წაიკითხეთ, 10-წამიანი ინციდენტის 30-წამიანი განხილვა იყო. რომელი მატჩის რომელ წუთზე იჩხუბეს ქართველმა და ამერიკელმა? რა გავლენა იქონია შეხვედრაზე და, საერთოდ, ფაჩულიას კარიერაზე?.. ყოველივე ამის გასარკვევად მოვლენებს თანამიმდევრობით უნდა მივყვეთ. მოვკალათდეთ სავარძელში და გადავშალოთ 29 აპრილის ამერიკული გაზეთი "ატლანტა კონსტიტუშენი":
"2008 წლის NBA-ს პლეი ოფის დაწყებამდე "ჰოქსსა" და "სელტიქსს" თანაბარ გუნდებად არავინ თვლიდა, მაგრამ ბოლო თამაშმა ბევრს აზრი შეაცვლევინა. ზაზა ფაჩულიასა და კევინ გარნეტის შეხლა-შემოხლამაც ნათლად დაგვანახვა, რომ ჯორჯიელები არაფრის დამთმობი არ იყვნენ.
მერვედფინალური სერიის ერთ-ერთ ატლანტურ დაპირისპირებაში, დიდ შესვენებამდე 7:24 წუთით ადრე, "ბოსტონის" ფარზე ბურთისთვის ბრძოლისას, გარნეტმა ზაზას მკერდში იდაყვი უთავაზა. ქართველმა ცენტრმა საპასუხოდ შეძახილითა და თავით გაიწია მეტოქისკენ. ვიდრე ზაზა და გარნეტი საქმეს არჩევდნენ, ატლანტელმა ჯო ჯონსონმა და ბოსტონელმა სემ კასელმა ორჯერ მოასწრეს წაკინკლავება. შესაბამისად, ფაჩულიასა და გარნეტის დარად მათაც ტექნიკური შენიშვნები მიიღეს.
ამ ინციდენტს ზაზა ფაჩულია ასე გამოეხმაურა:
- ყველამ ვიცით, რომ გარნეტი დიდი კალათბურთელია. ლიგისთვის ბევრი გაუკეთებია და მომავალში დიდების დარბაზშიც უნდა მოხვდეს, მაგრამ ყოველივე ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. არაფრის დათმობას არც მე ვაპირებ და არც "ჰოქსი".
არც დათმო: ემოციური აფეთქება "ატლანტას" თამაშზეც გადავიდა "ბოსტონ სელტიკსი" შინ მესამედაც დაამარცხა (97:92). საფინალო სირენის ხმა და მიკროფონმომარჯვებული ზაზა ფაჩულიას მოედნის ცენტრში გამოჩენა ერთი იყო:
- Nothing Easy, Nothing Easyyyy! We Are Going To Game Sevenb, Game Seveeen! Thank You, We Love You!
აი, თარგმანი:
- იოლი არაფერია! ჩვენ გადავედით მეშვიდე მატჩში! მადლობა, გვიყვარხართ!
გრილი გონებით
ზაზამ მიკროფონი დადო და ოვაციებით დატოვა დარბაზი. ამერიკაში საგანგებოდაა მოწყობილი ისე, რომ მოედნიდან გასახდელისკენ მიმავალ კალათბურთელს გულშემატკივართან კონტაქტის საშუალება აქვს. ქართველი ცენტრი ქომაგებმა დარბაზიდან ტაშით გააცილეს. გასახდელამდე ლამაზად გაფორმებული დერეფანია, ერთი კედლიდან წითელი ქორი იმზირება ("ატლანტას" სიმბოლო), მეორე მხარეს ლეგენდარული კალათბურთელები ჩამწკრივებულან, ბობ პეტიტი, ლუ ჰადსონი, დომინიკ უილკინსი... ჯო ჯონსონი, ჯოშ სმიტი, ელ ჰორფორდი...
...გასახდელში მივსულვართ, სწორედ იქ სხედან ჯონსონი, სმიტი და ჰორფორდი წელზემოთ გახდილები. ჟურნალისტებს საკუთარ შთაბეჭდილებებს უზიარებენ. ეფექტური გამარჯვების შემდეგ ხომ სიტყვები პირიდან თავისით ამოდის. ზაზა ფაჩულიას მაისურის გახდა არავინ დააცადა - წამიერად აღმოჩნდა მედიის გარემოცვაში, რომ არა მისი სიმაღლე (212 სმ), მიკროფონებში ჩაიკარგებოდა.
- კევინ გარნეტთან დაპირისპირება...
- იგი NBA-ს ვარსკვლავია, თავის მწვანე ხაზზეა და "ბოსტონისთვის" დიდ ძალას წარმოადგენს. მეც მეფარე ვარ და როცა მოედანზე გავდივარ, ჩემი ფუნქცია გარნეტის განეიტრალებაა. იმ ეპიზოდში, როცა ინციდენტი მოხდა, მხოლოდ გუნდის დახმარებას ვცდილობდი.
- ბევრი არ მოელოდა, რომ კევინს არ შეარჩენდით...
- ჯორჯიელი ვარ, საქართველოს რესპუბლიკიდან! ესაა კითხვის პასუხი. უკან დახევა ქართულ ხასიათში არ ზის.
გარნეტს წყენის გულში ჩადება "ქართულად" სცოდნია. აი, თუ არ გჯერათ:
- "ბოსტონთან" სერია რომ დავასრულეთ, ტრადიციულად მეტოქე გუნდის ყველა კალათბურთელს ხელი ჩამოვართვი და წარმატება ვუსურვე. გარნეტს რომ მივუახლოვდი, ჩემკენ არც გამოუხედავს თითქოს, ვერც შემნიშნა, ცხადია, არც ხელი ჩამომართვა, რასაც ყურადღება არ მივაქციე, - იხსენებს ფაჩულია.
სოცკომენტარი
კევინი რიგითი მებაღე არ არის, რომ მასთან დაპირისპირება ამერიკაში მეორე დღესვე დაევიწყებინათ. აკი თქვა მატჩის კომენტატორმა - მსგავს რამეს KG-ს ვერავინ უბედავსო. ზაზა ფაჩულიას ყოველთვის ძალიან აინტერესებს, გულშემატკივრის მოსაზრება. "სელტიკსთან" შეხვედრისას მომხდარ ინციდენტზე ქომაგების კომენტარებს საკუთარიც მიაწერა...
ბრედლი:
"შეიძლება, ზაზა ფაჩულია ლიგაში სტატისტიკით არ გამოირჩევა, მაგრამ იგი დღეიდან ჩემი საყვარელი კალათბურთელია."
ჯაკეტი:
"მთელი სეზონის განმავლობაში ზაზა დიდად არ მომწონდა, მაგრამ მისი მოქმედებით მეც ვამაყობ - კევინ გარნეტის შეშინება ყველას არ შეუძლია."
გრანტერი:
"დაინახეთ? - ზაზამ კევინი ერთი შეტევით ქალად აქცია..."
ზაზა ფაჩულია:
"მინდა აღვნიშნო, რომ ის, რაც გავაკეთე, თქვენთვის და გუნდისთვის ჩავიდინე. და კევინ გარნეტი... იგი მიუწვდომელი ნამდვილად აღარაა."
3-ათასიანი ფოტო
მეშვიდე მატჩი "ბოსტონმა" მოიგო და "ატლანტა ჰოქსმა" სეზონი პლეი ოფის პირველივე ეტაპზე დაასრულა. "ბოსტონ სელტიკსი" იმ წელს ჩემპიონი გახდა. ფინიშის ხაზზე The End რომ დაეწერა, "ატლანტას" ხელმძღვანელობამ კალათბურთელებს მშვენიერი წვეულება მოუწყო. ისინი დანიშნულების ადგილას ოჯახებით მივიდნენ და გაერთნენ ყველაფრით, კალათბურთის გარდა. ზაზა ფაჩულიას საღამოზე მეუღლე, თიკა ალავიძე ახლდა. ქართველი ცენტრი ხელმოწერებისასაც აქტიური იყო, სამაგიდო თამაშისასაც და აუქციონზეც.
ზაზამ "ატლანტას" კალათბურთელებსა და სტუმრებს შორის მოწყობილ აუქციონზე წარმოადგინა ფოტო, რომელზეც მისი და კევინ გარნეტის "დუელია" ასახული. ყველაზე ძვირად სწორედ ეს ნივთი გაიყიდა! რამდენი გადაუხადეს ზაზას, ამაზე თავად ფაჩულია ისაუბრებს:
- კალათბურთელებმა აუქციონზე სხვადასხვა ნივთი გამოიტანეს, რომელთა შორის ყველაზე ძვირად ჩემი ფოტო გაიყიდა. მასში 3 ათასი დოლარი გადაიხადეს. როგორც ჩანს, საპლეიოფო პერიპეტიები ტკბილად ახსოვთ. ღონისძიება კარგად იყო ორგანიზებული და მასში "ატლანტას" კალათბურთელთა გარდა, ფანები და კლუბის სპონსორები მონაწილეობდნენ.
ზაზას მიერ გარნეტის შესახებ ნათქვამი კი, ერთგვარ ანეკდოტადაც იქცა:
- დაბადების დღე მქონდა - არავის დაურეკავს, ცოლი მოვიყვანე - არავის დაურეკავს, კევინ გარნეტთან ვიჩხუბე - ტელეფონი არ გაჩერებულა...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"