გიორგი ცინცაძე კარიერას ფრანგულ "რუანში" გააგრძელებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ კლუბი გამოიცვალა, "გრაველინიდან" "რუანში" გადავიდა. ორივე საფრანგეთის უმაღლესი ლიგის გუნდია, ოღონდ სატურნირო ცხრილში პოლარულად განსხვავებული ადგილები უკავიათ. "გრაველინი" პირველ ადგილზეა, ხოლო "რუანი" - ბოლოსწინა, მეჩვიდმეტეზე.

გუნდის გამოცვლის მიზეზიც იოლი გასაგებია: გიორგი "გრაველინში" სათამაშო დროით კმაყოფილი არ იყო, "რუანში" კი უკანა ხაზში სოლო დიაბატეს შეუწყვილდება და მასთან სატურნირო მდგომარეობის გამოსწორებას შეეცდება.

ახალ გუნდში ცინცაძის იმედი რომ აქვთ, მთავარი მწვრთნელის, რემი ვალინის სიტყვებიდანაც ჩანს:

"მას შემდეგ, რაც გუნდიდან კერონი წავიდა, შემცვლელის ძიებაში ვიყავით. თან ვჩქარობდით. თვალი გადავავლეთ
სატრანსფერო ბაზარს და გვსურდა გვეპოვა ჩვენი გუნდისთვის შესაფერისი და ამავე დროს, ხელმისაწვდომი უკანახაზელი. სწორედ ასეთია გიორგი ცინცაძე, რომელიც საკმარისად გამოცდილია და შეუძლია საკუთარ თავზე ლიდერის ფუნქციის აღება. იგი კარგად შეუწყვილდება სოლო დიაბატეს.

გიორგის შესახებ აქამდეც გვქონდა ამომწურავი ინფორმაცია, როგორც მაღალი დონის პროფესიონალსა და დადებით პიროვნებაზე. ვიმედოვნებთ, მასთან ერთად "რუანი" უკეთ ითამაშებს".

ჩვენი მხრიდან შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს საქართველოს ნაკრებმა სწორედ ქალაქ რუანში ითამაშა საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურად. იმ შეხვედრაში ცინცაძე სტუმართაგან საუკეთესო იყო, 14 ქულა და 5 პასი მოუგროვდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული