გორიდან პირენეებზე - ინტერვიუ ნიკა დარბაიძესთან

AutoSharing Option
ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელთა შორის 18 წლის ნიკა დარბაიძე ერთ-ერთი საუკეთესოა. იგი "აკადემიას" რიგებში ჩვენი ქვეყნის ასაკობრივი პირველობის გამარჯვებული რამდენჯერმე გახდა და წლეულს ესპანეთის 18-წლამდე კალათბურთელთა ჩემპიონატზეც შეძლო თავის გამოჩენა.

ნიკა სეზონის დასრულების შემდეგ ცოტა ხნით საქართველოში დაბრუნდა. ჩვენც გადავწყვიტეთ მასთან გვესაუბრა და პერსპექტიული ქართველი სპორტსმენი გულშემატკივრისთვის უფრო ახლოს გაგვეცნო.

ნიკა გორის სასპორტო სკოლის კალათბურთის სექციის აღზრდილია.

"კალათბურთზე 8 წლის ასაკში მივედი. 15 წლამდე ვვარჯიშობდი გორის სასპორტო სკოლაში მწვრთნელ დათო რუსიშვილთან. საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების დაკომპლექტებისას მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა გამომარჩია და იქვე
საკალათბურთო კლუბ "აკადემიაშიც" დავიწყე თამაში.

ამ გუნდის რიგებში ჯერ 16-წლამდელთა, მერე კი 18-წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატზე ოქროს მედლების მფლობელი გავხდი. აგრეთვე, ჩვენი ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებებთან ერთად ვმონაწილეობდი ევროპის პირველობაზე როგორც 16, ისე 18 წლამდელთა შორის და დიდი საშეჯიბრო პრაქტიკა მივიღე, რაც მერე ევროპულ ასპარეზზე კარგად წამადგა", - გვიყვება ნიკა დარბაიძე.

ამპლუით ფორვარდი (თამაშობს როგორც მძიმე, ისე მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე) დარბაიძის ევროპული პერსპექტივა შარშან ზაფხულში გახდა რეალური. მაშინ, საქართველოში ჩამოსულმა ესპანური "ბასკონიას" წარმომადგენლებმა ჩაატარეს კემპი, რომლის შემდეგაც ნიკა დარბაიძით დაინტერესდნენ და ბასკეთში წაიყვანეს.

პერსპექტიულმა ქართველმა ესპანეთში გამართულ კემპში მიიღო მონაწილეობა, სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენებს შორის, თავის ასაკში კვლავ მხოლოდ დარბაიძეს მიანიჭეს უპირატესობა. ნიკასთან კონტრაქტიც გაფორმდა და ქართველი შინ დაბრუნდა ესპანეთის ვიზის მისაღებად, თუმცა აქ მოულოდნელმა წინააღმდეგობამ იჩინა თავი.

"საქართველოში მოგეხსენებათ, რომ ესპანეთის საელჩო არაა. ამიტომ თურქეთში მდებარე ესპანეთის საელჩოში მომიწია (თანაც არაერთხელ) ვიზის მისაღებად ჩასვლამ. სამწუხაროდ დეკემბრამდე ამაოდ გავისარჯე - ვიზა არ მომცეს. ამასობაში კი ესპანეთში ჩემპიონატი დაიწყო.

უქმად რომ არ დავრჩენილიყავი, სექტემბრიდან "აკადემიას" რიგებში ვიასპარეზე, როგორც 18 და 20-წლამდელთა შორის ქვეყნის პირველობაზე, ასევე სუპერლიგაში. ესეც დიდი გამოცდილება იყო. საბედნიეროდ, ყველაფერი მოგვარდა და 2016 წლის დასაწყისში უკვე ესპანეთში წავედი", - ამბობს დარბაიძე.

ესპანელმა დიპლომატებმა გორელ კალათბურთელს მწვანე შუქი კი აუნთეს, მაგრამ "ბასკონია" უკვე დაკომპლექტებული იყო. ნიკამ ერთი თვე მათთან ივარჯიშა და პრაქტიკის გარეშე რომ არ დარჩენილიყო, მისი განათხოვრება გადაწყდა კლუბში "მიერეს ბვმ 2012".

"მიერესი" არ იყო ძლიერი კლუბი, მაგრამ დარბაიძის დახმარებით რეგიონის ჩემპიონობაც კი შეძლო, საიდანაც ესპანეთის 18-წლამდელთა პირველობაზე გამოსვლის უფლება მოიპოვა და პლეი ოფის სამიდან ორი პაექრობა მოიგო. აი, ზუსტად ამ ორ შეხვედრაში გამოჩნდა ყველაზე ნათლად ჩვენებურის შესაძლებლობები. იგი არა მხოლოდ ცალკეული მატჩების, ზედიზედ ორჯერ ტურის MVP-ად დაასახელეს! ორივე ტურში მას მართლაც ჩინებული სტატისტიკა ჰქონდა.

მართალია, მესამე ტურში მარცხის გამო "მიერესი" პლეი ოფის მომდევნო ეტაპზე ვეღარ გადავიდა, მაგრამ ესპანეთის 18-წლამდელთა ჩემპიონატის ბოლოს სტატისტიკური შედეგებით დარბაიძე თითქმის ყველას სჯობდა. მოხსნებითა (14.7) და მარგი ქმედების კოეფიციენტით (35.3) საუკეთესო იყო, ქულათა საშუალო მაჩვენებლით (22.30) კი მხოლოდ ერთ სპორტსმენს ჩამორჩა.

"ახლა ვფიქრობ, რომ შესაძლოა კარგიც იყო "ბასკონიაში" სავიზო პრობლემების გამო ჩემი გვიან ჩასვლა, რის შემდეგაც შედარებით სუსტ გუნდში შესაძლებლობათა უკეთ წარმოჩენა შევძელი.

ახლა "ბასკონიასთან" ერთწლიანი კონტრაქტის ვადა კი მეწურება, მაგრამ კლუბის თავკაცებთან საუბრის შემდეგ გადაწყდება, იქ გავაგრძელებ კარიერას, თუ იმ გუნდთაგან რომელიმეს ავირჩევ, რომლებიც მეპატიჟებიან".

ვიდრე საკლუბო კარიერის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს (სეზონი ესპანეთში სექტემბერში იწყება) ნიკა 3X3-ზე კალათბურთის მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად ემზადება. შეჯიბრება ივნისის დასაწყისში ჩატარდება ასტანაში (ყაზახეთი). იქიდან დაბრუნების შემდეგ დარბაიძე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებთან ერთად შეუდგება სამზადისს ევროპის ჩემპიონატისთვის.

"ძალიან მინდა, ისევ ესპანეთში გავაგრძელო კარიერა. თანაც იქ რამდენიმე ქართველი - თორნიკე შენგელია, ლუკა ბულაშვილი და გიორგი თვალაბეიშვილი ასპარეზობენ.

"მიერესში" ყოფნისას მათ ხშირად ვეკონტაქტებოდი. შენგელია კი ყველა მცირე წარმატებისასაც კი მეხმიანებოდა და მამხნევებდა", - ამბობს ნიკა, რომელსაც სექტემბრიდან ალბათ ისევ ესპანეთში და უწინდელზე უკეთეს კლუბში ვიხილავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოველთვის მიუთითეთ კალათბურთელის სავიზიტო ბარათი ე.ი.სიმაღლე
koka
12:14 29-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული