11:00 16-10-2016
ფაჩულიას საუკეთესო მატჩი "გოლდენ სტეიტში" და "დაჩაგრული" მოზგოვი [VIDEO]
AutoSharing Option
ჩვენთვის სასიამოვნო ტრადიცია გრძელდება - ზაზა ფაჩულიას ყოველი მომდევნო მატჩი "ვორიორზში" წინამორბედზე უკეთესი, დახვეწილი და შედეგიანია. ნბა-ს უბობოქრესი გუნდის ქართველმა ცენტრმა ამ მატჩშიც სასტარტო ხუთეულში ითამაშა და "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" რუს ცენტრ ტიმოფეი მოზგოვს პირადი დუელი ხომ მოუგო, ამასთან, "გოლდენ სტეიტის" მაისურით საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა.
რაც ბეი არეაში (ოკლენდს და მის შემოგარენს უწოდდებენ) გადაბარგდა, ფაჩულიამ ახალი გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი - 21 წუთი ითამაშა. ოკლენდელთა მწვრთნელი სტივ კერი ქართველ ცენტრს არითმეტიკული პროგრესიით უმატებს წუთებს და ფაჩულიაც ხურდას იმით აბრუნებს, რომ საკუთარ შედეგიანობასა და გუნდურ სისტემაში ჩართულობას განუხრელად აუმჯობესებს.
ფაჩულიამ მოედანზე 21 წუთით დარჩენა 11 ქულით, 8 მოხსნით, 3 პასითა და 1 ჩაჭრით აღნიშნა. ზაზამ ფარქვეშ არაფერი დაუთმო და რბილარდ რომ ვთქვათ, ყველაფერში აჯობა ლეიკერსის რუს ცენტრს, ათეულ მილიონებად "კლივლენდიდან" წამოყვანილ გოლიათ ტიმოფეი მოზგოვს. რუსმა ცენტრმა მოედანზე 22 წუთი დაჰყო და თუკი ქულებში (10) არა უშავდა, მოხსნებში (4) და პასებში (1) ქართველ ოპონენტს გვარიანად ჩამორჩა.
ცხადია, ეს არ იყო ძვლებჯახაჯუხა ორთაბრძოლა, რადგან საგამოფენო მატჩებში უფრო ძალების მოსინჯვაზე და ფორმაში შესვლა-შეთამაშებაზე ზრუნავენ გუნდები. ასეც და ისეც, ფაჩულიას მიერ დღეს ნაჩვენები შედეგი სასიხარულო და მისასალმებელია როგორც ოკლენდელთა მწვრთნელისთვის, ისე ზაზას აურაცხელი ქომაგებისთვის.
ფაჩულიამ 11 ქულა ასე მოაგროვა: 5-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. როგორც წესი, ფაჩულია და გუნდის სხვა სასტარტოები მატჩის ბოლოს აღარ გამოჩენილან. გოლდენსტეიტელებმა სასტარტოების კარგად დაწყებული საქმე (74:47 პირველი ტაიმის შემდეგ) გამარჯვებამდე მიიყვანეს და ოკლენდურმა გუნდმა პირველი საგამოფენო მატჩის ტორონტოსთან წაგების შემდეგ ზედიზედ მეოთხედ მოიგო.
"გოლდენ სტეიტის" სხვა ლიდერების მონაგარი ასეთი იყო: კლეი ტომპსონმა სასტარტო 8 წუთში 18 ქულა ჩააგდო და შეხვედრა საბოლოოდ 24 ქულით დაასრულა. 17 ქულა ჰქონდა კევინ დიურანტს, სტეფ კარიმ კი ზაზაზე ნაკლები - 18 წუთი ითამაშა და 14 ქულა მიითვალა.
მომდევნო საგამოფენო მატჩს "გოლდენ სტეიტი" ისევ "ლეიკერსთან" 20 ოქტომბერს გამართავს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
Valeri-ს. ვალერა დარაგოი, რატომ გგონია, რომ მარტო შენ აცნობიერებ ზაზას დღევანდელ მდგომარეობას? ვაცნობიერებთ და დარწმუნებულებიც ვართ, რომ ნბს-ის ჩემპიონიც გახდება და ეს წელსვე მოხდება.
0
0
რამხელა კლუბის წევრია ჩვენი კაპიტანი აცნობიერებს ვინმე? გენაცვალე ზაზაააა ძმა ხარ
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული