ყინვა და კალათბურთი - ინტერვიუ აკაკი დვალიშვილთან

AutoSharing Option
საქართველოში ბარშიც ჩამოთოვა. ცივი ზამთარი გველისო, კი ამბობენ, მაგრამ ჯერ მხოლოდ ოქტომბერია... წარმოიდგინეთ, რა თოვლი და ყინვა იქნება ციმბირში, ვთქვათ, "ნოვოსიბირსკში".

შეიძლება ვინმემ გაიკვირვოს: რაში გვაინტერესებს ნოვოსიბირსკული ამბები? დიახ, გვაინტერესებს, იმდენად, რამდენადაც იქ საქართველოს "ა" ნაკრების წევრი აკაკი დვალიშვილი თამაშობს. იგი ნოვოსიბირსკში ოჯახთან ერთადაა ჩასული და თოვლი იმდენია, ბავშვთან ერთად გუნდაობს კიდეც.

ამინდზე უფრო საინტერესო საკალათბურთო ამბებია. აკაკის ნოვოსიბირსკში დავუკავშირდით, ვესაუბრეთ როგორც ტრანსფერზე, ასევე გუნდსა და მის მიზნებზე.

- ზუსტად ვერ გეტყვით, როდის დაინტერესდნენ "ნოვოსიბირსკის" მესვეურები ჩემი თამაშით, მაგრამ ვიდრე
ჩინეთში "ა" ნაკრებთან ერთად წავიდოდი, რამდენიმე ვარიანტი მქონდა. მეხმარებოდა ლევან მიქაბერიძე. ოღონდ საქართველოდან წავიდე და სადაც გინდა ვითამაშებ, - ასეთი სიტუაცია ხელს არ მაძლევდა. მინდოდა ისეთ გუნდში მოვხვედრილიყავი, სადაც კლასსაც ავიმაღლებდი და მაღალი მიზნებისთვისაც ვიბრძოლებდი. სწორედ ასეთია "ნოვოსიბირსკი", რომელიც რუსეთის საკმაოდ ძლიერ ლიგაში თამაშობს.

- სხვა ვარიანტი თუ იყო?
- გერმანიის ბუნდესლიგის გუნდიდან იყო შეთავაზება, მაგრამ, როგორც ვატყობდი, თამაში ნაკლებად მომიწევდა. ამიტომ რუსეთში წასვლა გადავწყვიტე. "ნოვოსიბირსკის" მწვრთნელმა სეზონის დასაწყისშივე მითხრა: თამაში მოგიწევს, ჩვენთან საკმარის გამოცდილებას მიიღებ და ფიზიკურადაც მოუმატებო.

- თამაშების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საკმაოდ მოძრავი, საინტერესო გუნდია. კიდევ რა გამოარჩევს სხვა სუპერლიგელებისგან?
- "ნოვოსიბირსკში" ახალგაზრდული შემადგენლობაა შეკრებილი, ძირითადად 20-25 წლის კალათბურთელები ვართ. გასული სეზონის შემდეგ კლუბის ხელმძღანელობამ შემადგენლობა მთლიანად გადაახალისა. ბევრი კალათბურთელი წავიდა და ბევრი ახალწვეულია. აქედან გამომდინარე, დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულება გვიწევს შესათამაშებლად და სისტემასთან მოსარგებად.

- რთული ხომ არ არის?
- არის ენობრივი ბარიერი, რუსული კარგად არ ვიცოდი, არც ჩემმა თანაგუნდელებმა იციან ინგლისური, თუმცა ენას უკვე ვსწავლობ. ნელ-ნელა გუნდიც დალაგდა და მეც ვერგები სისტემას.

სხვათა შორის, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი მეუბნებოდა, სისტემაში თამაში გჭირდებაო. ახალ გუნდში ყველა ნიუანსს დიდი ყურადღება ექცევა, ყოველი კომბინაციისას თითოეულ კალათბურთელს თავისი ადგილი აქვს, სხვაგან აღმოჩნდები და გამოგცვლიან. არაფერს გაპატიებენ. მწვრთნელები არა მხოლოდ თამაშის, არამედ ვარჯიშების ვიდეოებსაც იწერენ და შემდეგ ჩვენთან ერთად არჩევენ. ასე რომ, საწვრთნელ პროცესშიც მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო.

ამას წინათ, ჩვენი თამაშის ვიდეოში ცსკა-"პანათინაიკოსის" თამაშის კადრი ჩაამონტაჟეს. ჩვენი მეტოქე ცდილობდა ისე ემოქმედა, რომ შეტევაში დავჯარიმებულიყავით, მიზანსაც მიაღწია. ევროლიგის მატჩში კი სწორედ ის მაგალითი იყო, როგორ უნდა დაგვეღწია თავი შეტევითი ფოლისთვის...

- სათამაშო დრო არათანაბრად გაქვს. მწვრთნელი რამდენად კმაყოფილია შენი თამაშით?
- საქებარი სიტყვების წარმოთქმა არ სჩვევია. თუ არაფერს გეტყვის, ე.ი ცუდად არ გითამაშია. იგი თითოეული კალათბურთელისგან გუნდურ თამაშს ითხოვს, ქულებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს. სხვათა შორის, ვლადიმერ ბოისა გაიხსენა: ჩემი თანაგუნდელი იყო, 20 ქულას არ აგდებდა, მაგრამ გუნდისთვის იმდენად დიდი მოცულობის სამუშაოს ასრულებდა, საუკეთესო კალათბურთელი სწორედ ის იყოო.

- საქართველოში მძიმე ფორვარდად, უმეტესად ცენტრად გიწევდა თამაში. "ნოვოსიბირსკში" ხშირად ადიხარ პერიმეტრზე...
- ჩემს ახალ გუნდში ძირითადად მეოთხე ნომრის პოზიციაზე ვთამაშობ. ოღონდ ჩემი ფუნქციები მნიშვნელოვნადაა განსხვავებული - ყოველი შეტევისას პერიმეტრზე მიწევს ასვლა, რაც ჩემთვის საინტერესო სიახლეა. ეს ყველაფერი სტატისტიკაზეც აისახება, თუ საქართველოში ფარქვეშ ვტრიალებდი და საშუალოდ ორმაგ დუბლს ვასრულებდი, "ნოვოსიბირსკში" მოხსნაც ნაკლები მაქვს და ქულაც. თუმცა მთავარია, რომ გუნდს ვეხმარები და ჯერაც დაუმარცხებლები ვართ. "ნოვოსიბირსკი" 2014 წელს სუპერლიგის ჩემპიონი გახდა, გასულ სეზონში მეორე იყო, ამჯერადაც პირველობისთვის ვიბრძვით.

- ბოლოს გარემოსთან ადაპტაციაზე გკითხავ. ციმბირში უკვე ეციება...
- -5 გრადუსია. ჩემს თანაგუნდელს ვკითხე, ჯერ ოქტომბერია, ასე მალე უნდა აციებულიყო-მეთქი? გაეცინა, ჯერ სად ხარ, ზამთარში -30, -40 გრადუსს ველოდებითო... ჩემთან ერთად ჩემი ოჯახია, მეუღლე და პატარა. დიდი ხანია თოვლში დავკრაჭუნობთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული