[ინტერვიუ აკაკი დვალიშვილთან] ქართული სამზარეულო - ენერგიის წყარო

AutoSharing Option
საქართველოს "ბ" ნაკრებმა ჩინური ტურნე დაასრულა. დავით უსტიაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ადგილობრივი უმაღლესი ლიგის გუნდებთან ამხანაგური მატჩები ჩაატარა. იქაური ამბების გასაგებად დავუკავშირდით მეფარე აკაკი დვალიშვილს, რომელიც თითქმის ყოველ მატჩში ორმაგი დუბლით გამოირჩეოდა.

კალათბურთის პარალელურად ქართველი მოთამაშეები ჩინურ კულტურასაც გაეცნენ და დიდი კედელიც მოინახულეს.

"ჩინეთის დიდი კედელი საოცრება იყო. უნდა ნახო, რომ ბოლომდე შეიგრძნო, რამდენად დიდებული ნაგებობაა. თანაც, რამდენი ასეული წლის წინათაა შექმნილი... ბუნებაში ჩაფლული საოცრებაა. დიდი შრომაა ჩადებული.

ქალაქიდან ქალაქში ვმოგზაურობთ და კალათბურთის პარალელურად ჩინეთის გასაცნობადაც ვიცლით",
- გვითხრა აკაკი დვალიშვილმა.

საქართველოს "ბ" ნაკრების შექმნის ძირითადი მიზანი ის იყო, რომ ეროვნული გუნდის უახლოესი რეზერვი კარგად მომზადებული ყოფილიყო. საამისოდ კი ჩინეთში გასამართავი ათი შეხვედრა ნამდვილად სასარგებლო გახლდათ.

"გამოცდილებისთვის საჭირო ტურნეა. რაც მთავარია, ეროვნული ნაკრების მწვრთნელების თვალთახედვის არეში ვართ. ფორმას ვინარჩუნებთ. ამასთან, კარგ გუნდებს ვეთამაშებით და საკუთარ შესაძლებლობებს ვცდით. ჩინეთის ნაკრებთანაც ვითამაშეთ, რაც წინასწარ დაგეგმილი არ იყო.

თამაშსაც ვაუმჯობესებთ. მე, მაგალითად 12 ქულით დავიწყე, შემდეგ უკვე ალღო ავუღე და 19-22 ქულამდეც ავედი. ასევე უმატებს ნაკრების თითოეული წევრი. როგორც აღვნიშნე, ხშირი მგზავრობა გვიწევს, რაც იოლი არ არის, თუმცა უკვე შევეჩვიეთ".

საქართველოს "ბ" ნაკრებში 224 სმ სიმაღლის ცენტრია, სერგო ათუაშვილი. როგორც დვალიშვილმა გვითხრა, როდესაც მასთან ერთადაა, მძიმე ფორვარდის ფუნქციებს ასრულებს, სხვა შემთხვევებში ცენტრად თამაშობს.

ასევე მძიმე ფორვარდი იყო დვალიშვილი რუსულ კლუბ "კრასნოიარსკში", რომელთან ერთადაც წარმატებული სეზონი ჰქონდა.

"კრასნოიარსკი" იყო პირველი უცხოური კლუბი, რომელშიც ვითამაშე. მანამდე საქართველოს ჩემპიონატში ვასპარეზობდი. რუსეთის სუპერლიგაში გადასვლა რომ გადავწყვიტე, პირველ რიგში, მაინტერესებდა ძალების მოსინჯვა ახალ სისტემაში, ახალ გარემოში, ახალ კლუბში.

ადაპტაცია არ გამჭირვებია. თუნდაც იმიტომ, რომ გვერდში მყავდა ოჯახი, ჩემი მეუღლე გემრიელ ქართულ კერძებს ამზადებს. ოჯახში ქართული გარემო მქონდა.

ერთხელ თანაგუნდელები შინ დავპატიჟე, ქართულ სამზარეულოს რომ გაეცნენ, მითხრეს - ახლა კი ვხვდებით, რატომ გაქვს ასეთი ენერგიაო. თუმცა კრასნოიარსკში იყო ძალიან ბევრი სიახლე, როგორც სათამაშო ტაქტიკის, ასევე თამაშის ორგანიზების მხრივ. დიდი გამოცდილება შევიძინე. ეს კიდევ უფრო გამიადვილებს ახალ სეზონში უცხოურ კლუბში თამაშს".

როგორც დვალიშვილმა გვითხრა, კრასნოიარსკიდან წამოსვლისას კლუბის ხელმძღვანელობას რომ გამოეთხოვა, დაბრუნება-არდაბრუნების საკითხი ღიად დატოვეს.

"ჯერ არ ვიცი, კარიერას სად განვაგრძობ. ამ საკითხზე ჩემი აგენტი მუშაობს. გამოჩნდა დანიური კლუბის ვარიანტი, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი, რა დონის ლიგაა დანიაში. ამიტომ არ ვჩქარობ.

ვეძებ ისეთ ვარიანტს, სათამაშო დრო საკმარისად რომ მექნება. "კრასნოიარსკში" დრო არ მქონდა სტაბილურად. ხან ბევრს ვთამაშობდი, ხან - ცოტას. საკმარის დროში 30-35 წუთს არა, 20-25-ს ვგულისხმობ. ეს საკმარისია შესაძლებლობების სრულად გამოსავლენად".


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული