ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში სამი ქართველი კალათბურთელი თამაშობს - თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი და ბექა ბურჯანაძე. ქვედა ლიგებში კი არაერთი ახალგაზრდაა თავმოყრილი, რომლებზეც ყოველკვირეულად ვერ ვწერთ.
დღეს მათ სათითაოდ გაგაცნობთ და წარმოგიდგენთ მათ ესპანურ კლუბებს.
კამბადოსი
რიგით მეორე ლიგაში (ოქროს ლიგა) შარშან ბექა ბურჯანაძე გამოდიოდა. წლეულს იგი ზედა ეშელონში დაწინაურდა და ოქროს ლიგაში კაცი არ დაგვრჩა. ვერცხლის ლიგაში თამაშობს შოთა გელაზონია (1994 წელსაა დაბადებული, 207 სმ სიმაღლისაა), რომელიც "კამბადოსის" ღირსებას იცავს.შოთა ძირითადი შემადგენლობის კალათბურთელია, ექვსი მატჩი
"კამბადოსი" იმ ოთხ გუნდს შორისაა, რომლებსაც 6 მატჩიდან 5 აქვთ მოგებული და სატურნირო ცხრილში პირველობას იყოფენ.
ოურენსე
საკალათბურთო კლუბი "ოურენსე" ოქროს ლიგაში ასპარეზობს, ხოლო დუბლშემადგენლობა ება-ს ლიგაზე იღებს გამოცდილებას, "კალიდუსის" სახელით. ეს გახლავთ რიგით მეოთხე ლიგა, რომელშიც ყველაზე მეტი ქართველია თავმოყრილი. მათგან ორი სწორედ "ოურენსეს" ღირსებას იცავს - ლუკა ბულაშვილი და გიორგი თვალაბეიშვილი. მათი გუნდი თავის ჯგუფში მეექვსე ადგილზეა (3 მოგება, 2 მარცხი).ბოლო მატჩი "კალიდუსმა" სტუმრად "ჩანტადასთან" ჩაატარა და 52:57 დამარცხდა. ლუკა ბულაშვილმა 24 წუთში 9 ქულა და 2-2 მოხსნა პასი მიითვალა. მას გაცილებით უხვქულიანი მატჩებიც ჰქონია - წინა ტურში 17 ქულა ჩააგდო.
გიორგი თვალაბეიშვილმაც (1998) 24 წუთი ითამაშა - 5 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი.
მისი საშუალო მონაგარი ასეთია: 2 მატჩი, 7.5 ქულა, 3.5 მოხსნა.
ბულაშვილის (1998) საშუალო სტატისტიკა: 5 მატჩი, 14.8 ქულა, 3.8 მოხსნა, 1.4 პასი.
ქართველი ახალგაზრდები ვერცხლის ლიგის "ოურენსესთან" ერთადაც ვარჯიშობენ და ზედა ლიგაში მათ გამოჩენასაც მალე უნდა ველოდოთ.
გრან კანარია
სამხრეთში, კანარის კუნძულებზე თამაშობს ვილი ისიანი (1997), რომელიც სეზონის დასაწყისში უმაღლესლიგურ გუნდთან ერთად ემზადებოდა, თუმცა თამაშების ჩატარება ება-ს "გრან კანარიასთან" ერთად უწევს. მისი გუნდი თავისი ჯგუფის შუაშია - 7 მატჩიდან 4 აქვს მოგებული და სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა.ბოლო ტურში ისიანის თანაგუნდელები "გლობალკახასთან" 59:71 დამარცხდნენ. მე-18 ნომერმა ვილიმ 18 წუთი ითამაშა, 5 ქულა და 4 მოხსნა ჩაიწერა.
მისი საშუალო სტატისტიკა ასეთია: 7 მატჩი, 5.7 ქულა, 4.1 მოხსნა.
გლობალკახა
"გრან კანარიასა" და "გლობალკახას" მატჩში ქართული დუელი შედგა. ისიანს გამოცდილი გრიგოლ შვანგირაძე დაუპირისპირდა, რომელიც აქამდე საქართველოს უმაღლეს ლიგაში "სოხუმისა" და "დინამოს" ღირსებას იცავდა.კანარელებთან მატჩში შვანგირაძემ 26 წუთში 1 ქულა, 1 პასი და 6 მოხსნა ჩაიწერა. იგი საშუალოდ 5.7 ქულასა და 2.9 მოხსნას აგროვებს.
"გლობალკახას", "გრან კანარიას" მსგავსად, 7-დან 4 მატჩი აქვს მოგებული და ცხრილში მეშვიდეა.
მურსია
ასევე უმაღლესლიგურ გუნდში, "მურსიაში" ირიცხება ნიკა დარბაიძე (1998), რომელსაც ჯერ ზედა ლიგაში თამაში არ უწევს და "მურსიას" დუბლებთან ერთად ება-ს ლიგაზე ასპარეზობს. მურსიელები წაუგებლად გამოდიან და თავიანთი ჯგუფის ლიდერები არიან.ბოლო ტურში მათ არჩილ პულუზაშვილის "ალფასს" უმასპინძლეს და 72:48 დაამარცხეს. ნიკა დარბაიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 21 წუთში 7 ქულას 2 მოხსნა მიამატა.
მისი სრული მონაგარი: 20 წუთი, 7.4 ქულა, 3 მოხსნა, 0.6 პასი.
ალფასი
პულუზაშვილის (1995) "ალფასი" სატურნირო ცხრილში "მურსიას" საპირისპირო მხარესაა - ხუთი მარცხი. დარბაიძის გუნდთან ბოლო მატჩის შედეგი უკვე მოგახსენეთ. ამ შეხვედრაში არჩილს მონაწილეობა არ მიუღია. მას "ალფასის" შემადგენლობაში სამი მატჩი აქვს ჩატარებული: 3 ქულა, 3.3 მოხსნა.
ინოვა ჩეფი
207 სმ სიმაღლის, 22 წლის მერაბ მირზიაშვილის "ინოვა ჩეფი" ბულაშვილი-თვალაბეიშვილის გუნდის ჯგუფში ასპარეზობს. "ჩეფს" 2 მოგების წილ 3 წაგება აქვს და 14-გუნდიან ჯგუფში მე-12 ადგილზეა. მორიგ ტურში მირზიაშვილის თანაკლუბელებმა "ნარონს" უმასპინძლეს და 68:87 დამარცხდნენ. მერაბი სასტარტო შემადგენლობაში იყო, 20 წუთში 2 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება გაიფორმა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
გავიგეთთ!!!