გიორგი შერმადინი: აღარც მახსოვს, საქართველოში ბოლოს როდის ვიყავი ახალ წელს

AutoSharing Option
გიორგი შერმადინმა 12-15 ქულა ესპანეთის ჩემპიონატში უკვე ტრადიციად აქცია, თუმცა არის ისეთი მატჩები, 25 ქულამდეც რომ ადის. ცენტრისთვის ასეთი შედეგიანობა იოლი მისაღწევი არ არის. ამის თქმა გიორგის მაგალითიდანაც შეიძლება - ორიოდე წლის წინათ მას "კანტუს" ამერიკელი უკანახაზელები თამაშში ერთ ან ორ პასს აძლევდნენ. ასეთ დროს 10 კი არა, 6 ქულაც რთული მოსაპოვებელია.

შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის "ანდორაში" სულ სხვა სიტუაციაა და ამიტომაც გაიხსნენ ქართველები ბოლომდე.

გუნდის სტრატეგიასა და მწვრთნელის მითითებებზე თავად შერმადინი გვესაუბრება, მანამდე კი "ანდორას" უახლოეს მიზნებზე ვთქვათ. გუნდი
ამჟამად საუკეთესო რვა გუნდს შორისაა და თუ 15 იანვრამდე შეინარჩუნა პოზიციები, სამეფო თასზეც ითამაშებს.

- ბოლო შეხვედრა "სარაგოსაში" ჩავატარეთ. გამარჯვების შემთხვევაში ცალი ფეხით სამეფო თასზე ვიქნებოდით. თუმცა დავმარცხდით და კიდევ დიდი ბრძოლა გვიწევს ტოპ-8 გუნდში მოსახვედრად. ჯერ მალაგის "უნიკახას" ვმასპინძლობთ (მატჩი გუშინ გვიან ღამით გაიმართა, იხილეთ ვრცლად), პარასკევს "ტენერიფეს" ვეთამაშებით, ამას მოჰყვება მატჩი მადრიდში "რეალის" წინააღმდეგ...

- სამეფო თასზე აქამდეც გითამაშია. მაღალი დონის მატჩებია და სკაუტებიც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან...
- ამ შეჯიბრებაში 2014 წელს ვითამაშეთ მე და ვიქტორ სანიკიძემ "სარაგოსასთან" ერთად. მეოთხედფინალში "უნიკახას" ვაჯობეთ, ხოლო ნახევარფინალში "რეალთან" დავმარცხდით. სამეფო თასზე სულ სხვა ატმოსფეროა და იქ თამაში ძალიან სასიამოვნოა. რომ არა გასვლით მატჩებში რამდენიმე დასანანი მარცხი, ახლა უკვე დაჯავშნილი გვექნებოდა ბილეთი.

- ამ სეზონში იყო რამდენიმე უხვქულიანი მატჩი. ყველაზე უკეთ რომელი გახსენდება?
- ყველაზე დასამახსოვრებელი "ბარსელონას" ძლევა იყო. კატალონიური გუნდი რომ მოდიოდა, მისი დამარცხების იმედი თითქმის არავის ჰქონდა - ბევრი ფიქრობდა, მივალთ, "ბარსელონას" ვარსკვლავებს ვნახავთ და ვისიამოვნებთო.

მართლაც ისიამოვნეს, ოღონდ არა მხოლოდ მეტოქის თამაშით, არამედ შედეგითაც - კალათბურთელებს მანამდეც გვჯეროდა, რომ "ბარსას" დამარცხება შესაძლებელი იყო. დარბაზში 5 ათასი მაყურებელი მოვიდა. ყველამ კარგად ვითამაშეთ. რომელიმე კალათბურთელის გამორჩევა რთულია. ექსტრა-მოტივაცია გვქონდა. დაცვასა თუ თავდასხმაში მაქსიმალურად მობილიზებულები ვიყავით და მაღალი კლასის მეტოქეს გასაქანი არ მივეცით.

- ბექა ბურჯანაძეს და შენ ხორვატი ცენტრი, ანტე ტომიჩი მეურვეობას გიწევდათ. მას ბოლო ურთიერთშეხვედრაც ემახსოვრება - საქართველოს ნაკრებმა ხორვატიას ზაგრებში რომ აჯობა...
- ტომიჩი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მეფარეა. ამიტომაცაა "ბარსაში". ჩვენთანაც კარგად ითამაშა, 17 ქულა ჰქონდა. თუმცა ბოლო წუთებზე მან ხუთი ჯარიმის გამო მოედანი დატოვა და სტუმრებმა თამაში ტომიჩის გარეშე ჩაამთავრეს. რაც შეეხება ზაგრებულ მატჩს, ნამდვილად სასიამოვნო გასახსენებელია, თუმცა 2013 წლის ევრობასკეტიც არ დამვიწყებია, როცა ხორვატებმა ბოლო წამს სწორედ ტომიჩის ჩაგდებული ორქულიანით მოგვიგეს.

- ეს ეპიზოდი ხომ არ გაგახსენდა, "ანდორა"-"ბარსელონას" მატჩში მაღალ ნახტომში რომ ჩატენე?
- აკი აღვნიშნე - ექსტრა-მოტივაცია გვქონდა. ასეთი დონის გუნდების წინააღმდეგ სათამაშოდ ბუნებრივად სხვაგვარი განწყობით გამოდიხარ...

- გრანდების წინააღმდეგ თამაში თავისთავად გულისხმობს მათი მხრიდან სატრანსფერო ინტერესის გაღვივებას...
- სატრანსფერო ფანჯარა ზამთარშიც გაიღება, მაგრამ ვფიქრობ, ამ სეზონს "ანდორაში" ჩავამთავრებ. არც იმას დავმალავ, სიამოვნებით ვითამაშებდი "ბარსასნაირ" გუნდში.

- "ანდორას" რა განასხვავებს ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდებისგან?
- მაშინ, როდესაც სამხრეთ ესპანეთში ხალხი მზეზე ირუჯება, ანდორაში ცივა, მაღალმთიანი კურორტია და ბევრს დავრბივართ გასახურებლად... ეს ნახევრად ხუმრობით. რეალურად, ჩვენი გუნდი მართლაც მაღალ ტემპში თამაშით გამოირჩევა. ამ საქმეში გამოირჩევა ფრანგი გამთამაშებელი ენდრიუ ალბისი, რომელიც სწრაფიცაა, ღონიერიც და მატჩში 10-12 პასს ასრულებს. საშინაო მატჩებში კარგად ვირჯებით, სტუმრად კი მოგება გვიჭირს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შარშანდელი სეზონის შემდეგ გუნდში სამი კალათბურთელი დავრჩით, ახალი შეკრებილია და შესათამაშებლად დრო სჭირდება.

- ბექა ბურჯანაძემაც აღნიშნა, რომ გუნდში დიდი დატვირთვა გაქვს. ეს მწვრთნელის დამსახურება უნდა იყოს...
- კომბინაციები საკმარისად გვაქვს, მაგრამ თუ ამა თუ იმ შეტევაში კომბინაცია არ გამოვიდა, მწვრთნელის მითითებაა, ბურთი ჩემკენ წამოვიდეს. თუ ხელსაყრელი სიტუაცია მექნება, ვტყორცნი; თუ მეორე დამცველი ჩემზე გადმოვა, პერიმეტრზე ან საშუალო დისტანციაზე მყოფ თავისუფალ პოზიციაში დარჩენილ თანაგუნდელს ვაწვდი. ეს ჩვენს შეტევას მრავალფეროვნებას მატებს. რაც უფრო მეტი იარაღი გაქვს, მით მეტია გამარჯვების შანსი. ამასთან, მწვრთნელი ცდილობს, ყველა კალათბურთელი ათამაშოს, ყველა კმაყოფილი იყოს.

- 22 წლის ბექა ბურჯანაძე სეზონის დასაწყისში შემოგიერთდათ. თამაშებიდანაც ჩანს, რომ გუნდს კარგად მოერგო...
- იგი ოქროს ლიგიდან გადმოვიდა და აშკარაა, უმაღლესისთვის სათანადოდაა მომზადებული. გუნდს პირველივე ვარჯიშიდან შეეწყო და მწვრთნელის ნდობაც მოიპოვა. მწვრთნელი კი იმ შემთხვევაში გათამაშებს 20-25 წუთს, თუ მის მითითებებს კარგად ასრულებ.

ბექა ყველაფერს ხუთიანზე, ახალი შეფასებით,  ათიანზე აკეთებს. იგი თავისი ფიზიკური მონაცემებით ბევრ მეტოქეს ჩაგრავს. ზემოთ "ბარსელონასთან" მატჩი ვახსენეთ. რიგ ეპიზოდებში ანტე ტომიჩს იყვანდა. მშვენივრად ეთამაშებოდა.

- ბექასთან ერთად ამ ზაფხულს სანაკრებო ბატალიებში მოგიწევს ჩართვა...
- მოსამზადებელ გეგმას გავეცანი. 9 მატჩი გვაქვს ევროპის ტოპ-ნაკრებებთან. თუ ყველაფერი გეგმიურად წარიმართა, ევრობასკეტისთვის სათანადო ფორმაში უნდა ვიყოთ. ტრავმები ყველას გვაფიქრებს. ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მანუჩარ მარკოიშვილი და ვიქტორ სანიკიძე რამდენად დროულად მოახერხებენ ფორმის აღდგენას. სრული გუნდით თუ შევხვდით ევრობასკეტს, წარმატების კარგი შანსიც გვექნება.

- ევროპის ჩემპიონატზე ბევრი ნაცნობი ნაკრები შეგვხვდა...
- ყველას ვიცნობთ, მაგრამ არც ერთი არ არის ალბანეთი და სლოვაკეთი. სულ სხვა სირთულის მატჩები გველის, რისთვისაც თავიდანვე კარგად უნდა განვეწყოთ.

- თელ-ავივის "მაკაბიში" ნახევარი წელი ითამაშე. "თელ-ავივ არენა" უცხო არ იქნება...
- მაღალი დონის დარბაზია, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო. გამეხარდა, ისრაელში რომ მოვხვდით. ძალიან კარგი ქვეყანაა, თელ-ავივი ლამაზი ქალაქია. ევრობასკეტის დროს ძალიან ეცხელება. ეს არცაა გასაკვირი - ახლა აქ, ანდორაში თბილი ქურთუკები გვაცვია, ისრაელში კი ხალხი ხმელთაშუა ზღვაში ბანაობს.

ჩვენი ისრაელში მოხვედრა ყველაზე მეტად იმიტომ გამეხარდა, რომ იქ ბევრი ქართველი ცხოვრობს და ჩვენს ნაკრებს მეტოქეებთან გულშემატკივრობაში უპირატესობა ექნება.

- ისრაელის გარდა...
- ისრაელის ნაკრებს მართლაც გააჩნია ფორა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასპინძლის ძლევა არ შეიძლება. მართალია, მასთან ამხანაგურად წაგებულიც გვაქვს, მაგრამ ბოლო ორ საკონტროლო მატჩში დავამარცხეთ. თან ერთი ისრაელში მოვუგეთ. წილისყრის დასრულების შემდეგ თელ-ავივში მცხოვრებმა მეგობარმა მომწერა - გელით და წარმატებებს გისურვებთო. იგი ომრი კასპის მეგობარიცაა და მითხრა, მისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს საშინაო არენაზე ევროპის ჩემპიონატზე თამაშსო. ვუთხარი: გადაეცი, თელ-ავივში მოსაგებად ჩამოვდივართ-მეთქი...

- ეს ინტერვიუ წინასაახალწლოდ იწერება. ამ დღისთვის რამე განსაკუთრებული ტრადიცია ხომ არ გაქვს?
- შარშანდელივით, ამ ახალ წელსაც ანდორაში ოჯახთან ერთად შევხვდები. თამაშის შემდეგ შინ 31 დეკემბერს დავბრუნდები და საახალწლო სუფრაც გამზადებული დამხვდება. რამე განსაკუთრებული ტრადიცია არ გვაქვს - ოჯახთან ერთად ვხვდები და ერთმანეთს ვულოცავთ.

აღარც მახსოვს, საქართველოში ბოლოს როდის ვიყავი ახალ წელს. ჩემს მშობლიურ ნატახტარში ვხვდებოდი ხოლმე, მეორე სართულის აივანზე გავდიოდით და რაც გვქონდა, ყველაფერს ვაფეთქებდით...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სამაგალითო ადამიანი ხარ გიორგი.შენი მრავალი დადებითი თვისებიდან ერთს გამოვარჩევ მხოლოდ - მშობლების დიდ სიყვარულსა და პატივისცემას.რეალურად ეს არის შენი წარმატების საფუძველი.მიხარია რომ დაუფასე დედ-მამას შენი წარმატებისთვის გაწეული ღვაწლი.გისურვებ ყოველივეს საუკეთესოს.
gulshematkivari
17:43 29-12-2016
0

სიახლეები პოპულარული