როგორ "ჩამოართვა" ცეკამ მინაშვილსა და აბაშიძეს მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედალი

AutoSharing Option
გურამ მინაშვილი და გურამ აბაშიძე 1959 წელს მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ და ვერც გახდნენ. ეს მეტად დრამატული ისტორია გურამ მინაშვილმა 2015 წელს მომითხრო:

"1959 წელს ჩილეში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ბრაზილიასთან რთული მატჩი მოვიგეთ (73:64), მახსოვს, 6 ქულა ჩავაგდე. მაშინ სად იყო სამქულიანები, გამთამაშებლისთვის 10 ქულა კარგ შედეგად ითვლებოდა.

ოფლში გაწურული გასახდელის გავლით საშხაპეში შევედი, სადაც სამი კაბინა ერთმანეთისგან მხოლოდ ტიხრებით იყო გამოყოფილი. შევედი და რას ვხედავ: გურამ აბაშიძეს წიხლქვეშ ჰყავს გაგდებული ოლეგ კუტუზოვი...

წამიერად გავიაზრე, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ სცენას: ქართველმა
სცემა რუსი, თანაც კუტუზოვი! - ასეთი ამბის გაჟღერების შემთხვევაში კარგი დღე არ დაგვადგებოდა, საბჭოთა ნაკრებიდანაც მოგვკვეთდნენ და შეიძლებოდა გურამ აბაშიძის მიმართ სანქციებიც გაეტარებინათ. მივეჭერი და ჩვენი "აპოლონა" (გურამის მეტსახელი) კუტუზოვს გამოვაცილე.

მწვრთნელებმა მაინც გაიგეს. 1959 წლის მსოფლიოს პირველობაზე საბჭოთა კავშირის ნაკრებს სტეპან სპანდარიანი წვრთნიდა, თანაშემწედ კი ალექსანდრე გომელსკი მუშაობდა. მათ ყველაფერი გამოიკითხეს, მაგრამ დიდი ანალიზის და ბჭობის შედეგად გადაწყვიტეს, გუნდში მომხდარი უსიამოვნება გუნდშივე დარჩენილიყო.

რამდენიმე გარემოებამ გადაგვარჩინა: გურამ აბაშიძეს თბილი დამოკიდებულება ჰქონდა სპანდარიანთან. მართალია, სასტარტო ხუთეულში ვიყავი, მაგრამ სპანდარიანი "აპოლონას" ჩემზე უკეთ უგებდა. მთავარ მწვრთნელთან მე საქმიანი ურთიერთობა მქონდა. რატომღაც, მგონია, იგივე რომ გამეკეთებინა, არ მაპატიებდა.

გადაგვარჩინეს რუსმა თანაგუნდელებმაც: სიტყვიერად დაგვეხმარა ვიქტორ ზუბკოვი, ხოლო მოსკოვის დინამოელმა ვლადიმირ ტორბანმა გურამ აბაშიძეს მხარი აუბა და კუტუზოვს მანაც გვარიანად უთავაზა.

რა მოხდა ბრაზილიასთან მატჩის შემდეგ, დეტალურად გაგაცანით. გაგიჩნდებოდათ შეკითხვა: რატომ მოხდა? ისიც მოგეხსენებათ, რომ გურამ აბაშიძე ოლეგ კუტუზოვს უმიზეზოდ არ სცემდა. "აპოლონას" მიზეზი რომ ვკითხე, მიპასუხა - შენ შეგაგინაო.

ყველაფერი კი მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნითი მატჩიდან დაიწყო. მექსიკასთან (102:72) მხოლოდ 2 ქულა ჩავაგდე და 5 ფოლი მივიღე. მოკლედ, ისე ვერ ვითამაშე, როგორც მსურდა.

არადა, სტეპან სპანდარიანი თავის სტრატეგიას არასოდეს ღალატობდა - რამდენად ცუდადაც უნდა გეთამაშა წინა მატჩში, თუ სასტარტო ხუთეულის წევრი იყავი, მეორე დღეს მაინც სასტარტოში მოხვდებოდი. ზოგიერთი მწვრთნელი ძირითად ხუთეულს მეტოქის მიხედვით არჩევს, 1959 წლის საბჭოთა კავშირის ნაკრებში კი ასე არ იყო: ხუთეულში ვთამაშობდით მე, მაიგონის ვალდმანისი, იური კორნეევი, მიხაილ სემიონოვი და ვიქტორ ზუბკოვი. გამთამაშებლის პოზიციაზე მცვლიდნენ ოლეგ კუტუზოვი და იური ოზეროვი.

როგორც აღმოჩნდა, მექსიკასთან ჩემი თამაში მეორე დღესაც არ ჰქონდა დავიწყებული კუტუზოვს და ბრაზილიასთან შეხვედრისას სათადარიგოთა სკამზე მჯდომმა შემაგინა. მე მოედანზე ვიყავი და ცხადია, არ გამიგია. სწორედ ამიტომ, ვიდრე საშხაპეში სიტუაცია არ დაწყნარდა, ვერ მივხვდი, რა მოხდა.

თურმე, გურამ აბაშიძეს კუტუზოვის სიტყვები დაუმახსოვრებია და პასუხი მატჩის შემდეგ მოსთხოვა.

საბჭოთა კავშირის ნაკრებმა საწყისი ჯგუფური ეტაპიც სანტიაგოში ჩაატარა და ფინალურიც. ვასპარეზობდით ღია ცის ქვეშ, ჩილეს ნაციონალურ სტადიონზე, რომელიც სპეციალურად 1962 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატისთვის აშენდა, მოგვიანებით კი პრეზიდენტმა პინოჩეტმა სატუსაღოდ გადააქცია.

ბრაზილიისა და პუერტო რიკოს შემდეგ ბულგარეთი (78:58), ჩილე (75:49) და აშშ (62:37) დავამარცხეთ. ეს იყო პირველი შემთხვევა საკალათბურთო ისტორიაში, როცა საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ამერიკის შეერთებულ შტატებს სძლია. 25 ქულის სხვაობით მოგება კი ერთი შეხედვით გასაკვირი იყო. თუმცა, ოკეანისგაღმელები იმდენად დარწმუნებულნი იყვნენ თავის უპირატესობაში, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე საჰაერო აკადემიის გუნდი გამოგზავნეს. ეგონათ, მსოფლიოს ჩემპიონები მაინც გახდებოდნენ, მაგრამ აშშ-ის მხოლოდ ჩვენ კი არა, ბრაზილიამაც სძლია.

ფინალურ ჯგუფში ხუთი მატჩი მოვიგეთ და რჩებოდა ტაივანი, რომელთან 0:100 წაგების შემთხვევაშიც კი მსოფლიოს ჩემპიონობა გარანტირებული გვქონდა.

ფიბა-ს პრეზიდენტმა სსრკ-ტაივანის შეხვედრა განგებ გადაიტანა ბოლოში, რადგან კარგად მოეხსენებოდა პოლიტიკური დავის შესახებ. საქმე ის იყო, რომ ტაივანი დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით, ფორმოზას სახელწოდებით მონაწილეობდა მსოფლიოს ჩემპიონატზე. საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა კი ტაივანს ჩინეთის ნაწილად განიხილავდა და კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ტაივანთან, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანასთან ტოლ-სწორად თამაშს.

ამ კუნძულის გამო მსოფლიოს ჩემპიონატზეც არ გვიშვებდნენ. ჩილეში გასამგზავრებლად გამზადებულებს გამოგვიცხადეს - დაიშალეთ, მსოფლიოზე აღარ მიდიხართო. 2-3 დღით მოსკოვში, სასტუმროში გავჩერდი.
ამასობაში ჩვენი გუნდის მწვრთნელები ცეკაში მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, ჰპირდებოდნენ, რომ ტაივანს ჩილეში არ შეხვდებოდნენ, რადგან იგი სხვა ჯგუფში მოხვდა და წარმოუდგენელი იყო ტაივანის ფინალურ ეტაპზე გასვლა. მართლაც, მის ჯგუფში თამაშობდნენ აშშ და სამხრეთ ამერიკის მოქმედი ჩემპიონი - არგენტინა.

გომელსკისა და სპანდარიანის შრომამ შედეგი გამოიღო და ხელისუფლებამ ჩილეში გაგვიშვა. ოღონდ იმ პირობით, რომ ტაივანს არ უნდა შევხვედროდით.

ბედი არ გინდა? - ქალაქ ვალპარაისოდან სანტიაგოში მოვიდა ცნობა, რომ ტაივანმა არგენტინა დაამარცხა და აშშ-ის ნაკრებთან ერთად ფინალური შვიდეულის საგზური მოიპოვა.

სსრკ-ტაივანი იმიტომაც გადადეს ბოლოსკენ, რომ ჩვენი გუნდის უფროსობას სახელმწიფოს ხელმძღვანელებისგან ტაივანთან თამაშის უფლება მიეღო.

მწვრთნელები მეორე ეტაპის დაწყების პირველივე დღიდან დეპეშას დეპეშაზე აგზავნიდნენ ცეკაში...

გავიდა ერთი დღე, პასუხი არ მოვიდა, მეორე დღესაც იგივე განმეორდა, მესამე დღეც გავიდა და... დადგა მატჩის დაწყების დრო, მაგრამ საბჭოეთიდან პასუხი არ გვეღირსა. არადა, მწვრთნელები გაფრთხილებულები იყვნენ - ტაივანთან არ უნდა გვეთამაშა.

...მსაჯმა მატჩის დაწყების ნიშნად ბურთი მოედნის ცენტრში ააგდო, დაეუფლნენ ტაივანელები, ჩააგდეს და თამაშიც 2:0 მოიგეს. ამ დროს მოედანზე არც ერთი ჩვენგანი არ იყო - საბჭოთა კავშირის ნაკრები მოედანზე არ გავიდა.

გამოუცხადებლობის გამო სსრკ-სა და ასევე სოციალისტურ ბულგარეთს დისკვალიფიკაცია მოგვცეს, ჩემპიონატიც, შესაბამისად, მეექვსე-მეშვიდე ადგილებზე დავამთავრეთ.

საბჭოეთში გამომგზავრებამდე ჩილეს კომუნისტურმა პარტიამ შესანიშნავი სუფრა გაგვიშალა თვალუწვდენელ ვენახში, რომელიც მასვე ეკუთვნოდა. ქართულ ფილმ "ქეთო და კოტეში" რომ ამბობენ: "თუ ქორწილია, ქორწილი იყოს, გუნდით, არქიელითა და გუბერნატორით", სწორედ ასეთი მასშტაბური ღონისძიება გამოვიდა.

შეჯიბრება დამთავრებული გვქონდა და თითო ჭიქა თეთრი ღვინო გავსინჯეთ, ჩილეს ღვინოები ხომ მსოფლიოშია ცნობილი. წვეულების ბოლოს გამოგვიტანეს დიდი ტორტი წარწერით: მსოფლიოს ჩემპიონებს ჩილეს კომუნისტური პარტიისგან...

ამის მიუხედავად, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რას ვგრძნობდი საბჭოთა კავშირში დაბრუნებული: მძულდა პოლიტიკა, რომელმაც საშუალება მომისპო მსოფლიოს ჩემპიონი გავმხდარიყავი. ასეთი შანსი ხომ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში ერთხელ მიეცეს. სპორტულ ბრძოლაში დავამარცხეთ აშშ, ბრაზილია (რომელიც ჩემპიონად აღიარეს) და პოლიტიკური ბრძოლა წავაგეთ, სადღაც ჩინეთის იქით მდებარე პატარა კუნძულთან...

საბჭოთა მთავრობამ საქციელი მოგვიწონა, მოსკოვში, თვითმფრინავის ტრაპზე ისე დაგვხვდნენ, როგორც მსოფლიოს ჩემპიონებს. სპეციალურად ჩვენთვის ოქროს მედლებიც ჩამოასხეს და თითოეულ კალათბურთელს ჩამოგვირიგეს.

...მაგრამ ის ნამდვილი, ჩილეში დამზადებული მედალი მერჩივნა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული