გურამ მინაშვილი - აზარტი, ჟინი, ბრძოლა...

AutoSharing Option
ქართულ კალათბურთს ვარსკვლავები არასდროს ჰკლებია. შინ თუ გარეთ მათი ვირტუოზული თამაშით მოხიბლული მაყურებელი აღტაცებას ვერ ფარავდა და გასახდელისკენ მიმავალთ ტაშით მიაცილებდა. რჩეულთა შორის განსაკუთრებული ადგილი ეკავა გურამ მინაშვილს - საკუთარი, ყველასგან განსხვავებული ხელწერისა და მანერის მქონე, დირიჟორის ნიჭით დაჯილდოებულ სპორტსმენს, რომელსაც ამიერიდან მხოლოდ წარსულში მოვიხსენიებთ, რადგან რამდენიმე დღის წინათ სამუდამო სასუფეველში გადაინაცვლა.

რამდენჯერ თქმულა და დაწერილა, რომ გასული საუკუნის 40-50-იანი წლები ქართული კალათბურთის ოქროს ხანა იყო. მარტო მოპოვებულ მედლებსა და თასებს როდი გულისხმობენ. კალათბურთში ევროპის პირველი ჩემპიონების -ოთარ ქორქიასა და
ნოდარ ჯორჯიკიას, ასევე, სხვა სახელოვანი ქართველი ოსტატების მიბაძვით, საკალათბურთო ცხოვრება მთელ საქართველოში დუღდა და გადმოდუღდა. განსაკუთრებით, თსუ გამოირჩეოდა, რომელსაც სპორტის დიდი ქომაგი ნიკო კეცხოველი ხელმძღვანელობდა.

ბატონ გურამს, რომელიც ამ ოთხი ათეული წლის წინათ გავიცანი და დავუმეგობრდი, ჩემთვის არაერთხელ უამბნია ჭაბუკობის წლებიდან, სპორტული კარიერიდან საინტერესო ეპიზოდები, რომელთა გახსენება დღესაც არ იქნება კალათბურთის ქომაგებისთვის უინტერესო.

- ბავშვობისას უნივერსიტეტის წინ ვცხოვრობდი, - მითხრა ერთხელ ბატონმა გურამმა, - სასწავლებლის ეზოში ღია მოედნები იყო. ჩვენ, პატარა ბიჭები, მოუთმენლად ველოდით ნოდარ ჯორჯიკიას, ვახტანგ ანანიაშვილის, დავით გოძიაშვილის, გედევან ხელაიას, ცქიტო კალანდაძის, გივი რუხაძის სარბიელზე გამოჩენას. თამაშების საყურებლად უფროსებიც მოდიოდნენ. ყველას ჩვენი კერპი გვყავდა. მე ყოველთვის ნოდარ ჯორჯიკიას ვქომაგობდი. მაშინ რას ვიფიქრებდი, თუ ეს ბრწყინვალე კალათბურთელი და დიდებული პიროვნება ჩემი ერთ-ერთი მასწავლებელი გახდებოდა, მით უმეტეს, მის გვერდით თუ მომიწევდა თამაში...

მეექვსე კლასში ვიყავი, ჩვენს სკოლაში ახალი ფიზკულტურის მასწავლებელი ვახტანგ მარსაგიშვილი რომ მოვიდა. სპორტული სექციები ჩამოაყალიბა. მე კალათბურთი ავირჩიე. იმავე წელს ვახტანგ მასწავლებელმა უნივერსიტეტში ბავშვთა კალათბურთის სექციაში მიგვიყვანა, რომელსაც სამართლიანი და მომთხოვნი მწვრთნელი შალვა დიასამიძე ხელმძღვანელობდა.

უსაზღვრო იყო ჩემი სიხარული, დიასამიძეს რომ მოვეწონე და თავის "ამალაში" მიმიღო. ორი წელი ვიმეცადინე მასთან. საღამოობით უნივერსიტეტის კალათბურთის ღია მოედანზე ვვარჯიშობდი. დილაობით, სკოლაში წასვლამდე ერთი საათით ადრე, მე და ჩემი მეზობლები - თამაზ ტოგონიძე, ილარიონ ხაზარაძე, გიზო გაბესკირია, ასტამურ აჩბა, მირიან თოფჩიშვილი და სხვები, მოედნისკენ გავრბოდით. კარგადაც ვსწავლობდით. რომ გვეზარმაცა, მწვრთნელი ვარჯიშზე არ დაგვიშვებდა.

მართალი გითხრათ, სხვა ჯილდოებზე ნაკლებ როდი მეამაყება საშუალო სკოლის ოქროს მედალი.

- თბილისის "დინამოში" როგორ მოხვდით?
- ჩვენს დროს მოსწავლეთა რაიონული, საქალაქო და რესპუბლიკური პირველობები ჩვეულებრივი ამბავი იყო. ერთ-ერთ ასპარეზობაზე მნახა ძია მიშამ და თავის გუნდში მიმიწვია. გიორგი ავალიშვილის მეოხებით, 1953 წელს თბილისის "დინამოში" აღმოვჩნდი.

- იმ წელიწადს "დინამომ" ჩემპიონობა მოიპოვა, უმედლოდ რატომ დარჩით?
- ჩვიდმეტი წლის ჭაბუკისთვის "დინამოში" ოთარ ქორქიას, ნოდარ ჯორჯიკიას, ჯუმბერ ნიჟარაძის, ლევან ინწკირველის, ალექსანდრე კილაძისა და სხვათა გვერდით თამაში ისედაც დიდი ბედნიერება იყო. თანაც, მე და გურამ აბაშიძე გუნდში ახალბედები ვიყავით და უმეტესად, სათადარიგოთა სკამზე ვისხედით. ჩატარებული მატჩების რაოდენობა მედლების მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა, სამაგიეროდ, სპორტული კოსტიუმებით დაგვაჯილდოეს.

ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერად მიგვაჩნდა თავი. რაც შეეხება სინანულს, ჩემს სპორტულ კარიერაში ყველაზე გულდასაწყვეტი ორმოცდაცხრამეტ წელს მსოფლიოს ჩემპიონობის დაკარგვა იყო. მაშინ სანტ-იაგოში მე და გურამ აბაშიძემ საბჭოთა კავშირის ნაკრების სხვა წევრებთან ერთად ამერიკელებიც კი დავამარცხეთ... მაგრამ ჩვენი ოქროს მედლები პოლიტიკურ ინტრიგას შეეწირა.

გურამ მინაშვილმა "წართმეული" ჯილდოს "საკომპენსაციოდ" იმავე წლის ივნისში სტამბოლის ევროპის ჩემპიონატზე მეორედ მოიპოვა ოქროს მედალი (პირველი - 1957 წელს სოფიაში, მესამედ - 1963 წელს ვროცლავში). ევროპის შემდეგ საკავშირო ნაკრები ტურნეს გასამართავად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ქართველმა კალათბურთელმა იქ მასპინძელთა ქება დაიმსახურა, განსაკუთრებით – დენვერში: საბჭოელებმა პროფესიონალთა ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი "დენვერ თრაკერსი" დაამარცხეს. ძირითადი დრო ფრედ - 82:82 დამთავრდა.

დამატებით ხუთ წუთში გურამ მინაშვილმა მოედანზე ნამდვილი სასწაული მოახდინა: 9 ქულა შესძინა საკუთარ გუნდს, თანაც ბოლო წამებზე საბჭოელთა ფარიდან ასხლეტილ ბურთს პირველი დაეუფლა, დრიბლინგით გაიჭრა მეტოქის მოედნისკენ და ორქულიანი ტყორცნით წერტილი დაუსვა დაძაბულ ორთაბრძოლას. თამაშის შემდეგ საბჭოთა ნაკრების მწვრთნელებთან - სურენ სპანდარიანსა და ალექსანდრ გომელსკისთან ნიუ-იორკის პროფესიონალთა გუნდის მწვრთნელი მივიდა, რომელმაც თავის გუნდში გურამ მინაშვილისა და ვიქტორ ზუბკოვის მიწვევის სურვილი გამოთქვა. ცხადია, მაშინ ამგვარ გარიგებაზე ფიქრიც არ შეიძლებოდა და ამერიკელთა მწვრთნელმა ზრდილობიანი უარი მიიღო.


1958 წელს იტალიაში მაირანოს თასის გათამაშება საბჭოთა ნაკრებმა მოიგო, რაშიც დიდი წვლილი გურამ მინაშვილს მიუძღვის - ყველა მატჩში მეტოქეთა უძლიერეს თავდამსხმელებს მეურვეობდა: ბულგარელებთან შეხვედრაში ხელი არ გაანძრევინა ცნობილ კალათბურთელ პანოვს; იტალიელთა კაპიტან ალეზინს ბურთი კალათში ერთხელაც არ ჩააგდებინა (სხვათა შორის – ალეზინს მინაშვილმა რომის ოლიმპიადაზეც არ მისცა გასაქანი), თავად კი რვა ქულა მოაგროვა. სპეციალურმა ჟიურიმ გურამ მინაშვილი ერთხმად მიიჩნია ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ და სპეციალური ოქროს მედლით დააჯილდოვა.

ბატონი გურამი 1960 წელს კვლავ წარდგა იტალიური "ტიფოზების" წინაშე, ამჯერად - რომის ოლიმპიადაზე.


- ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა ყველა სპორტსმენის ოცნებაა. ბედნიერად მივიჩნევ თავს, რომ ასეთი საშუალება მეც მომეცა. რომის ოლიმპიადაზე ჩვენი ნაკრები ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა, განსაკუთრებით, ჩილეს მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ. ჯგუფში, ბრაზილიელების გარდა, ყველა მეტოქე დავამარცხეთ და მომდევნო ეტაპზე გავედით. ფინალში ოქროს მედლებისთვის ამერიკელებს შევხვდით.

1959 წელს ამერიკაში სტუდენტთა ეროვნული ჩემპიონატი მიმდინარეობდა, ამდენად, სანტ-იაგოში ყველა საუკეთესო მოთამაშე ვერ ჩამოვიდა. რომში ოკეანისგაღმელებს შესანიშნავი გუნდი ჰყავდათ: რობერტსონი, ლუკასი, უესტი, დისჩინგერი - ამ ვარსკვლავებთან ბრძოლაში ვერაფერი გავაწყვეთ და დავმარცხდით - 57:81. ამერიკელებმა მასპინძლებსა და ბრაზილიელებსაც მოუგეს და ჩემპიონობა შეინარჩუნეს, რაშიც ლომის წილი პროფესიული კალათბურთის მომავალ ვარსკვლავებს - ოსკარ რობერტსონსა და ჯერი უესტს ეკუთვნოდათ...

Sportall.Ge

- ოლიმპიური "ვერცხლი", ალბათ, უძვირფასესი ნადავლია თქვენს სპორტულ კოლექციაში...
- ოლიმპიური თამაშების მედალი ყველა სპორტსმენისათვის მეტად საპატიო და სანუკვარია, მაგრამ ჩემს სპორტულ კარიერაში ყველაზე ძვირფას ჯილდოდ მაინც 1962 წელს ჟენევაში თბილისის "დინამოს" მიერ მოპოვებული ევროპის ჩემპიონთა თასი მიმაჩნია; ეს იყო ქართული გენის უმაღლესი გამოვლინება.

გრიგოლ რობაქიძემ, რომელიც ჟენევაში ესწრებოდა ფინალურ მატჩს "რეალთან", დისადმი გამოგზავნილ წერილში ასე შეაფასა ჩვენი გამარჯვება: "მე ძალიან ვღელავდი. გასაგებია: სისხლი! ეს გამარჯვება ქართველების დიდად მნიშვნელოვანია. დავინახე ყამირითგან ამოხეთქილი ძალა ქართული, მაგარი... გამარჯვებულები არ "აყვინჩილებულან" გამარჯვებით. ერთი მათგანის სახეზეც ვერ ამოიკითხავდით: "ხომ გაჯობეთ!" ზრდილად, რაინდულად, ქართულად გაუწოდეს ხელი მოპირდაპირეთ..."

ჩვენს პატივსაცემად გამართულ ბანკეტზე ჟენევაში მცხოვრებმა ქალბატონმა დიკა კედიამ, რომელიც მთელი დღეები გვერდიდან არ მოგვშორებია, შემომთავაზა, ბანკეტიდან გავპარულიყავით და ბატონ გრიგოლს ვსტუმრებოდით, მაგრამ, ხომ იცით, რა დრო იყო, ვერ გავბედე წასვლა.

- ჟენევაში მოპოვებული წარმატების გარდა, თქვენ სამჯერ იყავით ევროპის ჩემპიონი, რომის ოლიმპიადიდან ვერცხლის მედალი ჩამოიტანეთ. 1963 წელს რიო-დე-ჟანეიროში მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეთ, მრავალ საერთაშორისო მატჩში მიგიღიათ მონაწილეობა. ყველაზე მეტად რომელი შეხვედრა დაგამახსოვრდათ?
- ის მატჩი, საკავშირო სპარტაკიადაზე 1959 წელს საქართველოს ნაკრების სამმა კალათბურთელმა ხუთ ლატვიელს რომ მოუგო. მერედა, არ იკითხავთ, ვინ დავამარცხეთ - ვალდმანისი, კალნინში, მუიჟნიეკსი, გულბისი, დავიდისი, კრუმინში - აღიარებული ოსტატები. კალათბურთის ისტორიაში ეს არის უნიკალური და განუმეორებელი შემთხვევა.

მახსენდება ერთი მატჩიც: რომის ოლიამპიადაზე თამაშის დამთავრებამდე ორი წუთით ადრე ფრანგები ოთხნი დარჩნენ ხუთი ჩეხის წინააღმდეგ და სამი ქულით წააგეს ორთაბრძოლა.

- თქვენ 1967 წელს კალათბურთს თავი დაანებეთ. ხომ არ ფიქრობთ, რომ ნაადრევად ჩამოშორდით სარბიელს?
- ცხოვრებაში მე ჩემი პრინციპები მქონდა, ბევრს ვვარჯიშობდი, ხშირად მარტოც, მკაცრ რეჟიმს ვიცავდი, ვერ ვიტანდი სიზარმაცეს. სამოციანი წლების ბოლოს შევატყვე, რომ უწინდებურად ვეღარ ვუძლებდი დატვირთვებს. ახალგაზრდები კი კაპიტნისაგან იღებდნენ მაგალითს. მწვრთნელი ჩემ გამო სხვებსაც ვერ საყვედურობდა. ასე გაგრძელება აღარ შემეძლო. ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე გუნდიდან წასვლა.

* * *
ერთხელ გურამ მინაშვილზე რომ ვსაუბრობდით, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზურაბ საკანდელიძემ მითხრა: "პატარა ვიყავი, გურამ მინაშვილის თამაში რომ ვნახე. იმდენად მომეწონა, მისი გავლენით მეც მცველი გავხდი. 1963 წელს, როცა "დინამოში" ჩავირიცხე, საკავშირო ჩემპიონატზე გამგზავრების წინ ჩემმა უფროსმა ძმამ ანზორმა ჩემი თავი გურამს ჩააბარა. მაშინ გავიცანი იგი ახლოს და მას შემდეგ მისგან ყურადღება არ მომკლებია.

მეც გულისყურით ვაკვირდებოდი მის თამაშს. საოცრად მოქნილი იყო, საკუთარი რეაქციის მართვა შეეძლო, მოედანზე იწვოდა, მეტოქის შიში არ ჰქონდა, ხშირად პარტნიორის შეცდომების გამოსწორებასაც ახერხებდა.

იგი ორგანიზატორული ნიჭითაც გამოირჩეოდა. კაპიტანმა შესანიშნავად იცოდა თანაგუნდელთა ძლიერი და სუსტი მხარეები, რასაც კარგად იყენებდა მოედანზე. თავისი აზარტული თამაშით ბრძოლის ჟინს ჩვენც გვიღვიძებდა. ბევრი რამ ვისწავლე მისგან. მსგავსი კალათბურთელი იშვიათად მინახავს. სამწუხაროა, რომ გურამმა ნაადრევად დატოვა სარბიელი".

აქტიურ სპორტს კი ჩამოშორდა, მაგრამ გურამ მინაშვილს საყვარელი სახეობისთვის ზურგი არასდროს შეუქცევია: წლების განმავლობაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრას ხელმძღვანელობდა და მაშინაც კალათბურთით ცოცხლობდა, მერეც - როცა დამსახურებულ პენსიაზე გავიდა.

ხშირად ესწრებოდა ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს, საქართველოს ნაკრების თამაშები არ გაუცდენია. უსაზღვროდ უხაროდა ჩვენი ბიჭების ბოლოდროინდელი წარმატებები. მოუთმენლად ელოდა წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს, მაგრამ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული