ახალი ფარები, ახალი დარბაზი, ახალი აკადემია

AutoSharing Option
გუშინ, 8 ივლისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი და კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი ეწვივნენ ვაკეში მდებარე "აკადემიას" დარბაზს, რომლის რემონტი ახლახან დასრულდა.

ეს სპორტული ობიექტი ნამდვილი საკალათბურთო კომპლექსია: ორი ახლგარემონტებული დარბაზით, საშხაპეებითა და დიდი სატრენაჟორო ოთახით.

გავესაუბრეთ ბესიკ ლიპარტელიანს.
- გარემონტდა ორი დარბაზი, შესაბამისად, თუ აქამდე "საკალათბურთო აკადემიაში" 100 ბავშვი ვარჯიშობდა, ამიერიდან 200-ს დაიტევს, ეს კი კალათბურთის განვითარების საქმეში წინგადადგმული ნაბიჯია. შეიქმნა კომპლექსი, რაც ნებისმიერი სპორტსმენისთვის აუცილებელია: ორი დარბაზის გარდა კეთილმოეწყო სატრენაჟორო ოთახი, გასახდელები, საშხაპეები. დამონტაჟდა ახალთახალი
ფარები და გათბობის სისტემა. ასე რომ, ახალგაზრდებს ზამთარში გაყინულ დარბაზში აღარ მოუწევთ ვარჯიში.

- სარემონტო სამუშაოები ვინ შეასრულა?
- კომპანია "აკადემიამ" დარბაზის იჯარით აღებისას იკისრა ვალდებულება, რომ სამუშაოებისთვის გაიღებდა 150 ათას ლარს. როგორც ხედავთ, ყველაფერი წესრიგშია.

- რადგან სპორტის სასახლეს კიდევ ერთი სრულყოფილი დარბაზი მიემატა, შეგვიძლია ახალგაზრდულ ასაკში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს ვუმასპინძლოთ?
- სამწუხაროდ, ჯერ მასპინძლობის განაცხადს ვერ შევიტანთ, რადგან "აკადემიას" დარბაზი ტევადობით საჭირო სტანდარტებს არ შეესაბამება. ვიდრე ვერის ბაღის არენა არ შეკეთდება, საერთაშორისო შეჯიბრების მასპინძლობაზე განაცხადს ვერ შევიტანთ.

- ვერის ბაღის დარბაზის რემონტთან დაკავშირებით რაიმე სიახლე ხომ არ არის?
- ვერაფერს ვიტყვი. თუმცა, სასიხარულოა, რომ "სოხუმი" აპირებს კარგი დარბაზის აშენებას, რომელიც 5 ათას გულშემატკივარზე უნდა იყოს გათვლილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული