შეხვედრას უძღვებოდა "მაქაბისა" და "ჯა-კოს" ხელმძღვანელი, კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი.
მან გვამცნო, რომ სპორტულმა რადიომ საქართველოს სამ ასაკობრივ ჩემპიონატსა და სუპერლიგაში საუკეთესო კალათბურთელები დაასახელა, რომლებსაც მედლები, სიგელები, თასები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ოთხივე
16-წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელი ვილი ისიანი გახდა, რომელმაც შეჯიბრების მსვლელობისას ერთ მატჩში 127 ქულა ჩააგდო.
"შსს აკადემიის" მაისურით ვილის სეზონის საშუალო მაჩვენებელი ასეთი იყო: 29.9 ქულა, 19.3 მოხსნა, 4.1 პასი.
18-წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატში შთამბეჭდავი სტატისტიკა ჰქონდა მაიზერ რევაზაშვილს: 36.5 ქულა, 16.8 მოხსნა, 1.3 პასი.
პირველობის საუკეთესოდ რადიო "ჯა-კომ" სწორედ "მაქაბისა" და საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების წევრი მაიზერი დაასახელა.
სხვათა შორის, შეჯიბრების ბოლო ტურში მან 90 ქულა მიითვალა.
20-წლამდელებში "ჯა-კომ" "შსს აკადემიას" უკანახაზელი რევაზ როგავა გამოარჩია.
რეზო სუპერლიგაშიც საკმარისად იტვირთებოდა, ახალგაზრდებში კი საშუალოდ 19 ქულას, 6.4 მოხსნასა და 5.5 პასს ითვლიდა. იგი საქართველოს ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული.
უმაღლეს ლიგაში სეზონის მიხედვით საუკეთესო სტატისტიკა ჰქონდა სერგო ათუაშვილს, რომელმაც დუშეთის სპორტის სახლისგან საჩუქრად ტელევიზორი დაიმსახურა.
სერგომ გასული სეზონი ირანში კარგად დაიწყო, იანვარში "სოხუმში" გადმოვიდა და იმდენი მოახერხა, რომ დამსახურებულად მიიღო "ჯა-კოსგან" საუკეთესოს ჯილდო. სეპერლიგაში 224 სმ სიმაღლის ათუაშვილი საშუალოდ 19.4 ქულას, 14.1 მოხსნასა და 1.6 პასს აგროვებდა.
ღონისძიების ბოლოს სცენაზე ავიდა ხუთი ძმა რევაზაშვილი, რომელთა ფონდის პრეზენტაცია სწორედ 16 ივნისის შეხვედრას დაემთხვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"