ბზარი კალათბურთის ფედერაციაში - ამის დროა წინასაევრობასკეტოდ?!

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატი, რომლისთვისაც საქართველოს ნაკრები აქტიურად ემზადება, 4 სექტემბერს დაიწყება.

ზუსტად 25 დღით ადრე საკალათბურთო საზოგადოებაში დიდი ბზარი გაჩნდა, რაც ფედერაციის დათქმულმა ყრილობამ კიდევ უფრო გააღრმავა.

ერთი მხარის თქმით, ყრილობა ჩატარდა, მეორის მტკიცებით - არა. ისღა დაგვრჩენია, მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრობით და დასკვნები თავად მკითხველმა გამოიტანოს.

* * *

10 აგვისტოს, 14 საათისთვის საქართველოს კალათბურთის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა უნდა გამართულიყო, რომლის მთავარი მიზანი ახლად შექმნილი წესდების განხილვა და დამტკიცება უნდა ყოფილიყო. ყრილობაზე გამოცხადდა 31 დელეგატი (32-დან), მაგრამ...

კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა,
გამგეობის წევრმა მერაბ რატიშვილმა გამგეობის გადაწყვეტილება გაგვაცნო:

- საქართველოს კალათბურთის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობის წინა დღეებში განხორციელდა გაუგონარი ზეწოლა ყრილობის დელეგატებზე სხვადასხვა თანამდებობის პირთა და ორგანიზაცია "კალათბურთელთა კავშირის" მხრიდან.

ყრილობისთვის მიუღებელი და აუტანელი გარემოს შექმნის გამო საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ყრილობა გადაიდო.

ამის შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი, გამგეობის სხვა წევრები და დელეგატთა ერთი ნაწილი დარბაზიდან გავიდა.

* * *

ცხადია, ყველას აინტერესებს კონკრეტული ფაქტები, რა სახის ზეწოლა იყო, თუმცა ამაზე მოგვიანებით; აკი ვთქვით, მოვლენებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით უნდა მივყვეთ.

დარბაზში დარჩენილებს იურისტმა შეახსენა, რომ თუ კვორუმი შედგებოდა, ყრილობა შეიძლებოდა ლეგიტიმურად გაგრძელებულიყო.

დარბაზში 18 დელეგატი აღმოჩნდა და ყრილობა გაგრძელდა (ლეგიტიმური იყო თუ არა, ეს სხვა სტრუქტურამ უნდა დაადასტუროს. ჩვენი საქმეა, მკითხველს შაბათის მოვლენების რეპორტაჟი შევთავაზოთ).

სიტყვა ითხოვა თბილისის "დინამოს" წარმომადგენელმა გვანცა ომიაძემ:

- მინდოდა ნიკოლოზ დერიუგინის წერილი გამგეობის წევრების თანდასწრებით წამეკითხა, მაგრამ რადგან ამის საშუალება არ მომეცა, თქვენ გაგაცნობთ. ბატონმა ნიკოლოზმა გამგეობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

"თბილისის კალათბურთის ფედერაციის" დელეგატმა ირაკლი ხოშტარიამ განაცხადა:

- რაც შეეხება ზეწოლის ფაქტს, ეს არის ჩემთვის შეურაცხყოფა, იმიტომ, რომ როცა ადამიანი რაღაცას ამბობს, არგუმენტირებული უნდა იყოს, უნდა დაასაბუთოს. შეგიძლიათ ყრილობის თითოეულ დელეგატს ჰკითხოთ, ხორციელდებოდა თუ არა მათზე ზეწოლა.

ერთსაათიანი მსჯელობის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც კალათბურთის ფედერაციის ახალ წესდებაში სპორტის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებაზე იმუშავებს.

ასევე, შეთანხმდნენ, რომ ახალი ჯგუფი იმუშავებს წესდებაში საპრეზიდენტო დროის განსაზღვრაზე - ერთ ადამიანს ორ ოთხწლიან ვადაზე მეტით პრეზიდენტობის უფლება არ უნდა ჰქონდესო.

* * *

შეგახსენებთ, რომ ჯგუფმა ივლისში წესდების პროექტზე უკვე იმუშავა. მასში ფედერაციის, სპორტის სამინისტროსა და "კალათბურთელთა კავშირის" წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

განხილვის შემდეგ სპორტის სამინისტრომ ფედერაციას რეკომენდაციის წერილი გაუგზავნა. როგორც "კალათბურთელთა კავშირში" აცხადებენ, რეკომენდაციები ახალ წესდებაში არ იყო გათვალისწინებული.

მოკლედ, ყველა გზას არჩევნებთან მივყავართ - კალათბურთის ფედერაციის არჩევნები ოქტომბერში გაიმართება.

მთავარი, რაზეც მხარეები ვერ თანხმდებიან, დელეგატთა რაოდენობაა. კალათბურთელთა კავშირი მოითხოვს, რომ 2013 წელს, დაახლოებით ორთვიან ვადაში შექმნილ ორგანიზაციებს არჩევნებში ხმის უფლება არ უნდა ჰქონდეთ.

* * *

ყრილობის დასრულების შემდეგ მივაკითხეთ კალათბურთის ფედერაციას, რათა პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანთან უფრო დეტალურად გვესაუბრა თუნდაც ზეწოლის ფაქტებზე.

- ერთი კვირის განმავლობაში ყრილობის დელეგატებზე ზეწოლა არაერთხელ განხორციელდა.

გაუგონარი რამ მოხდა წუხელ. რეგიონების წარმომადგენელ დელეგატებს იბარებდნენ მიშა ახვლედიანის ("კალათბურთელთა კავშირის" პრეზიდენტი) ოფისში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ურჩევდნენ, საერთოდ არ ჩამოსულიყვნენ ყრილობაზე.

ამის შესახებ დელეგატებმა კალათბურთის ფედერაციას წერილობითაც მოგვმართეს. დღეს ერთ ფაქტს დავასახელებ: კახეთის რეგიონიდან, კერძოდ, თელავის სასპორტო ორგანიზაციიდან ნოდარ იანქოშვილი იყო მოვლინებული.

მოულოდნელად ვიღებთ წერილს, რომლის თანახმად, ბატონი ნოდარი "კალათბურთელთა კავშირის" წარმომადგენელმა დავით საყვარელიძემ შეცვალა. თავად განსაჯეთ, რასთან გვაქვს საქმე.


როგორც კალათბურთის ფედერაციაში გვითხრეს, გამგეობა ორშაბათს შეიკრიბება და სწორედ ის მიიღებს ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით შესაბამისი სტრუქტურებისადმი მიმართვის გადაწყვეტილებას.

* * *

ფედერაციის პრეზიდენტს სპორტის სამინისტროს რეკომენდაციებზეც ვკითხეთ.

როგორც მან გვითხრა, წესდების განხილვისას ფედერაციას იურისტი გოჩა სვანიძე წარმოადგენდა.

- სამუშაო ჯგუფი ზოგ რამეზე შეთანხმდა, ზოგზე - ვერა. მიმდინარეობდა მსჯელობა 10 საკითხზე, რომელთაგან რვა მათი გავიდა. სპორტის სამინისტროს რეკომენდაციების 80 პროცენტი გათვალისწინებულ იქნა და წესდებაშიც ცვლილებები შევიდა.

* * *

დასაწყისშიც დავწერეთ, ერთი მხარის აზრით, შაბათს ჩატარებული ყრილობა, რომელსაც 18 დელეგატი ესწრებოდა, ლეგიტიმური იყოო.

საინტერესოა, რას ფიქრობენ ამაზე ფედერაციაში: გამგეობამ გამოაცხადა - ყრილობა გადადებულიაო.

თუ თვლიან, რომ ყრილობა მართლაც ჩატარდა, წავიდნენ და იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციაში გაატარონ.

ახალ სამუშაო ჯგუფში ფედერაციის მხრიდან ორი ადამიანი, იურისტი და გენერალური მდივანი მერაბ რატიშვილი მიიწვიეს. ბატონი მერაბი მოვლენებს ასე გამოეხმაურა:

- არ ვიცი, რა სხდომა იყო და არც ის ვიცი, ვინ მიიღო გადაწყვეტილება. ყრილობა არ ჩატარებულა.

ინფორმაცია არ მაქვს ახალ სამუშაო ჯგუფზე და რომც მქონდეს, გადაწყვეტილებებს პირადად არ ვიღებ; როგორც გამგეობის წევრი, ვემორჩილები კალათბურთის ფედერაციის გამგეობის გადაწყვეტილებას.


ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა დასძინა:

- ყველა უნდა შეეშვას კალათბურთის სამყაროს და დააცადოს არჩევნების მშვიდად ჩატარება.

არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს საკალათბურთო საზოგადოებამ. ამიტომ ყველა, სამინისტრო იქნება, საკრებულო, გამგეობა თუ გუბერნია, კალათბურთის ოჯახში ხელები არ უნდა აფათუროს, თუ სურთ, მხარში დაუდგნენ კალათბურთს განვითარების საქმეში.


* * *

შაბათის მოვლენებს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი იმავე დღეს გამოეხმაურა:

- ორ მხარეს შორის დაპირისპირება არსებობს. ვცდილობთ, ისინი ერთმანეთის გვერდით დავსვათ.

გამოინახოს კომპრომისი, რომ ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები ნორმალურ პირობებში ჩატარდეს. შექმნილ მდგომარეობაში, ვფიქრობ, ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა იკისროს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა ხდება?რატომ არ ისვენებს ახვლედიანის ბიჭი.....დადოს და გვაჩვენოს მისი გაკეთებული საქმეები ქართული კალათბურთისთვის (საერთოდ თუ არსებობს ასეთი ბუნებაში)
0
ცუდად დაამთავრებს ლიპარტელიანი როგორც ვატყობ
ნამო
19:18 12-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული