ესპანეთის საკალათბურთო ნაკრები საკუთარ მოედანზე პოლონეთისგან მარცხს გადაურჩა

AutoSharing Option
13 აგვისტოს საკონტროლო მატჩი გამართეს ევრობასკეტზე საქართველოს მომავალმა მეტოქეებმა - ესპანეთმა და პოლონეთმა, რომლებიც ქალაქ კასტელონში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

პოლონელებმა გმირულად იბრძოლეს და მხოლოდ 4 ქულის სხვაობით - 66:70 წააგეს.

მატჩი მოსამზადებელი იყო და მის შედეგს ყურადღება არ ექცევა, თუმცა პოლონელებს რომ მოეგოთ, ეს არ იქნებოდა ცალ ყურში გასატარებელი ამბავი, რამეთუ ესპანეთი ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ვერცხლისპრიზიორია, პოლონეთი კი...

ესპანეთს აკლია რამდენიმე წამყვანი მოთამაშე, თუმცა რა ნაკლოვანებაზეა საუბარი, როცა გუნდში არიან ხოსე კალდერონი, რუდი ფერნანდესი, მარკ გასოლი, რიკი
რუბიო, სერხიო როდრიგესი, ვიქტორ კლავერი...

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მაღალ ეშელონებში თამაშისას სერჟ იბაკას, ჯუან კარლოს ნავაროს, პაუ გასოლის გამოცდილება და ძალა ესპანელებს ნამდვილად დასჭირდებათ და ვინძლო, სექტემბრის მეორე ნახევარში ევროტახტრევანიდან ჩამოსვლაც მოუწიოთ.

ყოველ შემთხვევაში, როცა პოლონეთი მატჩის უმეტეს ნაწილს შენსავე მოედანზე გიგებს და მხოლოდ ბოლო წუთებზე ახერხებ გამარჯვების მოპოვებას, რა შემადგენლობა და ტიტულებიც გინდა გაგაჩნდეს, მშვიდად ვერ იქნები.

ალბათ, მაინც არ ჩაუთვლიან პასივში პოლონეთთან ამ 4-ქულიან მოგებას ხუან ანტონიო ორენგას, რომელსაც წუხელ ესპანეთის ნაკრებში სამწვრთნელო დებიუტი ჰქონდა.

მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 21:13 მოუგეს სლავებს, თუმცა მეორეში მაცეი ლამპემ და ტომას კელატიმ პოლონელებს ლიდერობა მოაპოვებინეს. პრემისლავ კარნოვსკიმ ფარქვეშ ტოლი არ დაუდო მარკ გასოლს, ხოლო პოლონეთმა დიდი შესვენებისთვის 4-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა - 35:31.

მესამე მეოთხედში მთლიანად სლავები ლიდერობდნენ და გადამწყვეტი პერიოდის წინ 4-ქულიანი უპირატესობაც შეინარჩუნეს.

პოლონეთი კბილებით იცავდა ლიდერობას, თუმცა სერხიო ლულისა და ხოსე კალდერონის სამქულიანებმა, ასევე, ბოლო წამებზე მარკ გასოლის მიერ შესრულებულმა ზუსტმა საჯარიმოებმა ესპანეთი წაგებას და სირცხვილს გადაარჩინა.

ესპანეთი 14 აგვისტოს მადრიდში დაბრუნდება, ხოლო 17 აგვისტოს ლა კორუნიაში გერმანიას ამხანაგურად გაეჯიბრება.

ამხანაგური მატჩი. ესპანეთი. კასტელონი. 13 აგვისტო
ესპანეთი 70:66 პოლონეთი
21:13, 10:22, 14:14, 25:17

ესპანეთი: კალდერონი (16), რუბიო, ფერნანდესი (11), კლავერი (2), გასოლი (14), როდრიგესი (11), ლული (4), როი (2), აგილარი (5), მუმბრუ (3), სან ემეტერიო (2), გაბრიელი, მარტინი

პოლონეთი: კოჟარეჯი (2), კელატი (8), ზამოისკი (5), იგნერსკი (12), ლამპე (18), პონიტკა (4), ჩილინსკი (4), ჟუბარგა (4), კარნოვსკი (6), კულიგი (3), ვაჟინსკი (3), ჰრიშანიუკი

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული