ნაბიჯი საკალათბურთო საზოგადოებაში დაძაბულობის განსამუხტავად

AutoSharing Option
20 აგვისტოს სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-ში გაიმართა პრესკონფერენცია, რომლის დაწყებამდე გადმოგვცეს პრესრელიზი:

"საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წევრები 2013 წლის 10 აგვისტოს, "საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის" VII (რიგგარეშე) ყრილობის მონაწილე დელეგატები ვითვალისწინებთ რა საკალათბურთო საზოგადოებაში ხელოვნურად შექმნილ დაძაბულ მდგომარეობას, განმუხტვის მიზნით, მოვითხოვთ ეროვნული ფედერაციის მხრიდან გაჟღერებული ცილისმწამებლური ბრალდებების სამართლებრივ დასაბუთებას; წინააღმდეგ შემთხვევაში, ყრილობის მონაწილე 32-ივე დელეგატისთვის ბოდიშის საჯაროდ მოხდას.

აქვე გვსურს დავძინოთ, რომ ეროვნული ფედერაციის წესდების საქართველოს კანონმდებლობასთან და ფიბას მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას არავითარი კავშირი არ აქვს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლასთან
და ხდება მხოლოდ ამ თემით მანიპულირება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, დღეს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობას გადაეგზავნება 2013 წლის 10 აგვისტოს ლეგიტიმურად გამართული ყრილობის ოქმი შემდგომი სამართლებრივი ქმედებების განსახორციელებლად ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე.

სწორედ ეს ნაბიჯი განმუხტავს ხელოვნურად შექმნილ დაძაბულობას.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წევრების სახელით, ვუსურვებთ ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულ გამოსვლას."

ლევან გეგეშიძე:
- კალათბურთის ფედერაციის გამგეობამ მოიწვია ყრილობა, რომელიც შემდეგ გამგეობის წევრებმა დატოვეს და დარბაზიდან გავიდნენ.

შესაბამისად, იმის თქმა, რომ ჩვენ ვინმეს ვუპირისპირდებით, არ შეიძლება. ყრილობა ლეგიტიმურად გაგრძელდა და შეგვეძლო კატეგორიული გადაწყვეტილებების მიღებაც, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ.

სწორედ იმიტომ, რომ საქმის ზედმეტად გართულება არ გვსურს. ჩვენთვის მთავარია, კალათბურთის ფედერაციის წესდება შეესაბამებოდეს როგორც ფიბა-ს, ასევე ქართულ კანონმდებლობას.

გიორგი ანთაძე:
- ფედერაციის მოქმედი წესდების მიხედვით, ყრილობა, რომელზეც კვორუმი დაფიქსირდა, ლეგიტიმურია. ამიტომ შედგა ყრილობის ოქმი, რომელიც ნოტარიულად დამოწმდა და გაეგზავნება კალათბურთის ფედერაციას ყრილობაზე მიღებული საკითხების სისრულეში მოსაყვანად და რეესტრში გასატარებლად.

დავით საყვარელიძე:
- ფედერაციამ სისრულეში უნდა მოიყვანოს ყრილობის მიერ გადაწყვეტილი საკითხები: ახალ წესდებაში გაითვალისწინოს სპორტის სამინისტროს რეკომენდაციები, შეიტანოს ცვლილება საპრეზიდენტო ვადის ორ ოთხწლიან ვადამდე შემცირებაზე (ამჟამინდელი საკალათბურთო კანონმდებლობით, პრეზიდენტს კანდიდატურის წამოყენება რამდენჯერაც სურს, იმდენჯერ შეუძლია). ამასთანავე, ყრილობის გადაწყვეტილებით შეიქმნება ჯგუფი, რომელიც წესდების სრულყოფაზე იმუშავებს.

ვახტანგ ნაცვლიშვილი:
- თბილისის კალათბურთის ფედერაციის მხრიდან ყრილობას ირაკლი ხოშტარია ესწრებოდა. მანაც დააფიქსირა ჩვენი პოზიცია და ახლაც გავიმეორებ: თუნდაც იმის თქმა, რომ ჩემზე ზეწოლა იყო, უკვე შეურაცხყოფაა. კალათბურთის ფედერაციას უნდა ჰქონდეს გამართული წესდება, რომლითაც ხვალაც და ათწლეულების შემდეგაც იხელმძღვანელებენ. თუ სამართლიანობა მოითხოვს, რომ 2013 წელს წარმოქმნილი ორგანიზაციები ხმის უფლებას არ ფლობდნენ, თბილისის ფედერაცია მზადაა, მანდატი დათმოს, თუმცაღა ექვსი თვის განმავლობაში უქმად არ ვყოფილვართ, 150 ათასი ლარი გავიღეთ სხვადასხვა ტურნირისა და ღონისძიების ორგანიზებაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ზაზა ფაჩულია: რიკი ჰიკმანი ევრობასკეტზე სათანადოდ დაგვეხმარება
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის განცხადება
ბზარი კალათბურთის ფედერაციაში - ამის დროა წინასაევრობასკეტოდ?!
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვატო ნაცვლიშვილი ჯერ ნაცებიდან არ გამომძვრალხარ შე ნაბიჭვარო და უკვე ქოცებს ეტენები შე პროპკა ზეწოლა იყო აბა არ იყო?????
vaso
09:27 23-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული