თბილისის "დინამო" საკალათბურთო ჩემპიონთა თასზე: დღეს წილისყრაა!

AutoSharing Option
შვეიცარიის ქალაქ მიესში გაიმართება საკალათბურთო ჩემპიონთა თასის წილისყრა, რომლისადმი ინტერესი ნამდვილად არ გაგვიჩნდებოდა, რომ არა თბილისის "დინამო".

საქართველოს ჩემპიონი ამ შეჯიბრებაში პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება. 2012 წლის შემდეგ სწორედ დინამოელებმა დაარღვიეს "სიჩუმე" და ქართველები ევროსარბიელზე დაგვაბრუნეს. წილისყრა თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

- ვითამაშოთ ევროთასებზე და ეთიოპიასაც აღარ შეგვადარებენ

2017-18 წლების სეზონში ჩემპიონთა თასის ჯგუფურ ეტაპზე 32 გუნდი ითამაშებს, რომელთაგან 8 საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით გავა. მათ შორის მოხვედრას ეცდება "დინამოც". პირველ საკვალიფიკაციოზე მისი სავარაუდო მეტოქეები არიან: "ანტვერპენი" (ბელგია), "ხუვენტუდი" (ესპანეთი),
"ვიტაუტასი" (ლიტვა), "სარატოვი" (რუსეთი), "ბენფიკა" (პორტუგალია), "კალევი" (ესტონეთი), "ლუდვიგსბურგი" (გერმანია), "მინსკი" (ბელორუსი).

ეს რვა გუნდი წილისყრისას შეუწყვილდება: "კაპფენბერგს" (ავსტრია), "სარაევოს" (ბოსნია), "კერავნოსს" (კვიპროსი), "პრიშტინას" (კოსოვო), "სოკოლს" (მაკედონია), "გრონინგენის" (ჰოლანდია), "ლულეას" (შვედეთი), "დინამოს" (საქართველო).

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გამსვლელი გუნდები ორი მატჩის ჯამში გამოვლინდება. პირველი შეხვედრები 19 სექტემბერს გაიმართება, მეორე - 21 სექტემბერს. ცნობილია ისიც, რომ "დინამოს" კალათში მოხვედრილი გუნდები 19-ში შინ ითამაშებენ.

ასე რომ, სექტემბერში ქართველ გულშემატკივარს მოწყენის დრო არ ექნება - ჯერ საქართველოს ნაკრების მატჩებს მიადევნებს თვალს, ევრობასკეტის დასრულების მერე (17 სექტემბერს) კი ჩემპიონთა თასზე "დინამოზე" გადაერთვება.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი 24 და 26 სექტემბერს შედგება. მასში პირველი საკვალიფიკაციოს გამარჯვებული რვა გუნდი დაწყვილდება განთესილებთან: "ფეჰერვარი" (უნგრეთი), "ბაკენი" (დანია), "აკადემიკი" (ბულგარეთი), "ბუდიველნიკი" (უკრაინა), "კატაია" (ფინეთი), "მორნარი" (მონტენეგრო), "ნიჟნი ნოვგოროდი" (რუსეთი), "კლუჟი" (რუმინეთი).

აქვე ჩამოგითვლით მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მონაწილეებს: "ბრიუსელი" (ბელგია), "იუვენტუსი" (ლიტვა), "ესტუდიანტესი" (ესპანეთი), "ნანტერი" (საფრანგეთი), "ორლანდინა" (იტალია), "კარშიაკა" (თურქეთი), "როსა რადომი" (პოლონეთი), "ბონი" (გერმანია).

ჯგუფურ ეტაპზე ადგილები გარანტირებული აქვთ: აეკ-ს (საბერძნეთი), "არისს" (საბერძნეთი), "მონაკოს" (საფრანგეთი), "ბანვითს" (თურქეთი), "ოოსტენდეს" (ბელგია), "ჰოლონს" (ისრაელი), "ტენერიფეს" (ესპანეთი), "ბაიერუთს" (გერმანია), "ნეპტუნასს" (ლიტვა), "ოლიმპიას" (სლოვენია), "ბეშიქთაშს" (თურქეთი), "ნიმბურკს" (ჩეხეთი), "დინამო სასარის" (იტალია), "შალონს" (საფრანგეთი), "კრასნოიარსკს" (რუსეთი), "ოლდენბურგს" (გერმანია), "გაზიანთეფს" (თურქეთი), პაოკ-ს (საბერძნეთი), "აველინოს" (იტალია), "სტრასბურს" (საფრანგეთი), "ზიელონა გორას" (პოლონეთი), "ვენეციას" (იტალია), "ვენტსპილსს" (ლატვია), "მურსიას" (ესპანეთი).

როგორც ხედავთ, საკალათბურთო ჩემპიონთა თასზე სერიოზულმა გუნდებმა მოიყარეს თავი. მაგალითისთვის "ტენერიფეც" გამოდგება, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში ესპანეთის ჩემპიონატს ედგა სათავეში. ასეთ გუნდებთან კარგი ბიუჯეტი და ძლიერი შემადგენლობაა საჭირო.

დღეს რთული სათქმელია, როგორი იქნება დინამოელთა შემადგენლობა, მაგრამ, როგორც კლუბის პრეზიდენტმა ვახტანგ ნაცვლიშვილმა აღნიშნა, გათვლა უფრო ფიბას თასზეა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ვერმოხვედრის შემთხვევაში გუნდები ფიბას თასზე გადაინაცვლებენ და ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული