დინამო VS ხუვენტუდი - ახალი ისტორიის დასაწყისი

AutoSharing Option
დღეს, 19 სექტემბერს, საქართველოს სუპერლიგის ჩემპიონი თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის (BCL) გათამაშებაში ჩაერთვება. საკვალიფიკაციო ეტაპზე ორრაუნდიან დაპირისპირებაში მისი მეტოქე ესპანური "ხუვენტუდი" იქნება.

მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში 19:00 სთ-ზე დაიწყება, გულშემატკივრებისთვის კი დასწრება თავისუფალია. ამ გუნდების საპასუხო დაპირისპირება ესპანეთში 21 სექტემბერს ჩატარდება.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი 2017-18 წლების სეზონს განახლებული შემადგენლობით და ლეგიონერებით გაძლიერებული ხვდება. რამდენად კარგად არიან მომზადებულები ერთი თუ მეორე გუნდის კალათბურთელები, სპორტის სასახლეში გამოჩნდება. მანამდე კი წინასამატჩო ამბებს მოგახსენებთ.

ჩვენ
თამაშის წინა დღეს "დინამომ" ღია ვარჯიში გამართა. კალათბურთელები მეტისმეტად მონდომებულები
ჩანან, მათ ხომ საკვალიფიკაციო ეტაპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ მოუწევთ თამაში. "დინამოში" ოთხი ლეგიონერია, ორიც უცხოეთიდან დაბრუნებული - ნიკოლოზ ცქიტიშვილი და გიორგი შარაბიძე. საინტერესო იყო "სკიტასთვის" თვალის მიდევნება ტყორცნებისას - ბურთს იშვიათად აცილებდა. ვერ ვარჯიშობდა საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი ლევან ფაცაცია. ზურგი მაწუხებსო, გვითხრა. "ხუვენტუდთან" მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ნიკოლოზ ცქიტიშვილი:
"21 წელია ქართულ გუნდში არ მითამაშია, "კოლხადან" სლოვენიაში გადავედი და მას მერე არაერთი კლუბი მოვიარე, საქართველოში მხოლოდ ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვთამაშობდი. ნამდვილად სასიამოვნოა, რომ მომეცა თბილისში დაბრუნებისა და "დინამოს" დახმარების შესაძლებლობა. კარგი შემადგენლობაა შეკრებილი და ცოტა მეტი დრო რომ გვქონოდა შესათამაშებლად და სავარჯიშოდ, გუნდს გაცილებით მეტი ამბიცია ექნებოდა. რეალურად ახლაც შეგვიძლია წარმატებით თამაში, თუმცა პირველსავე ეტაპზე ძალიან ძლიერი მეტოქე შეგვხვდა, ალბათ, ყველაზე უკეთესი, რომელთანაც შესაძლოა გვეთამაშა. თუმცა ვეცდებით, არაფერი დავუთმოთ".

მთავარ მწვრთნელ ირაკლი ხოშტარიას უშუალოდ მეტოქეზე ვკითხეთ:

"ხუვენტუდის" შესახებ ამომწურავი ინფორმაცია გვაქვს. მეტ-ნაკლებად ვიცით ყველა კალათბურთელის შესაძლებლობები. ძლიერი შემადგენლობაა, მაღალი დონის ლეგიონერებით. ვიცით, რა დავუპირისპიროთ და როგორ. დანარჩენს უშუალოდ შეხვედრა გვიჩვენებს.

ვახტანგ ნაცვლიშვილი ("დინამოს" პრეზიდენტი):
"ჩვენი გუნდი ინტენსიურად ემზადება "ხუვენტუდთან" მატჩებისთვის. გაიარა შეკრება, ჩაატარა ორი საკონტროლო მატჩი ტრაბზონში, სადაც კარგად გამოჩნდა ჩვენი მინუსები, რომელთა გამოსწორებაზეც მწვრთნელი და კალათბურთელები ბევრს მუშაობენ. ვეცდებით, ღირსეულად დავუხვდეთ ესპანურ მეტოქეს. რთული იქნება, მაგრამ დავიწყეთ "დინამოს" ტრადიციების აღორძინება. სადღეისოდ საწყის ეტაპზე ვართ. შემჭიდროებულ ვადებში გავიარეთ შეკრება. გუნდი თავიდანვე სრულად ვერ შეიკრიბა, ორი კალათბურთელი და ორიც მწვრთნელი საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე იყო. დაგვემატა ნიკა ცქიტიშვილი, რომელიც ძალიან დაგვეხმარება".

ისინი
"დინამომ" ვარჯიში რომ დაასრულა, სპორტის სასახლეში "ხუვენტუდის" კალათბურთელები გამოჩნდნენ. როგორი იყო მათი ვარჯიში, რაზე ამახვილებდა მწვრთნელი ყურადღებას, ვერ მოგახსენებთ, რადგან დაწყებისთანავე გვთხოვეს, დარბაზი დაგვეტოვებინა - დახურულიაო.

მანამდე მთავარი მწვრთნელი დიეგო ოკამპო მოკლე ინტერვიუზე დაგვთანხმდა.

- "დინამოს" შესახებ ბევრი რამ ვიცით. გუნდის მწვრთნელი და ორი კალათბურთელი საქართველოს ნაკრებში რომ თამაშობდა, თვალყურს ესპანეთიდან ვადევნებდით. სხვათა შორის, საინტერესო მატჩები გამოუვიდა საქართველოს. ვიცით ისიც, რომ "დინამო" საქართველოს მოქმედი ჩემპიონია და გასულ სეზონში მხოლოდ სამი მატჩი დათმო. გუნდის ძირითადი ბირთვიც შენარჩუნებულია და რამდენიმე კარგი ლეგიონერია დამატებული. ასე რომ, მატჩს დიდი სიფრთხილით ვეკიდებით, მით უმეტეს, რომ სრული შემადგენლობით არ ვართ.

- მიზეზი?
- ტრავმები. ტომას გიელოს თითი აქვს მოტეხილი, ალექს როუფს მუხლი აწუხებს და არ ვიცით,  ითამაშებს თუ არა. ახალგაზრდული გუნდი ვართ. სეზონი ჯერ არ დაწყებულა და ახლა ვყალიბდებით. საქართველოს ჩემპიონი, თავისი ძლიერი შემადგენლობით და გულშემატკივრები, მიუხედავად იმისა, გაავსებენ თუ არა დარბაზს, ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია იქნება.

- ქართულ კალათბურთზე კიდევ რა იცით?
- "დინამოს" ძველად ჩემპიონთა თასი რომ აქვს მოგებული, აქამდეც ვიცოდი. ქვეყანაზეც სრულფასოვანი წარმოდგენა მაქვს. რამდენიმე წლის წინათ "სევილიაში" ვმუშაობდი და ახალგაზრდა ბექა ბურჯანაძეს ვწვრთნიდი. მან მართლაც ბევრი რამ მიამბო სამშობლოზე. მიხარია, რომ ბექამ "სევილიიდან" წამოსვლის შემდეგ ამდენს მიაღწია. თავიდანვე ეტყობოდა, რომ დიდი პოტენციალი ჰქონდა.

დინამო
მოთამაშე სმ პოზიცია ასაკი ეროვნება
ლაველ ბოიდი 183 უკანახაზელი 23 აშშ
ილია ლონდარიძე 205 ფორვარდი 28 საქართველო
კაელ ტურპინი 213 ცენტრი 27 აშშ
მალიკ სტორი 196 ფრვარდი 27 აშშ
ნიკოლა გაჩეშა 206 ფორვარდი 30 სერბეთი
ლევან ფაცაცია 198 ფორვარდი 28 საქართველო
მიხეილ ბერიშვილი 204 ფორვარდი 29 საქართველო
ნოდარ გოგოძე 191 უკანახაზელი 23 საქართველო
ლევან გრძელიძე 185 უკანახაზელი 23 საქართველო
ზურაბ მაჩალაძე 198 ფორვარდი 25 საქართველო
გიორგი რევაზაშვილი 201 ფორვარდი 27 საქართველო
გიორგი შარაბიძე 210 ცენტრი 27 საქართველო
მწვრთნელი: ირაკლი ხოშტარია

ხუვენტუდი
მოთამაშე სმ პოზიცია ასაკი ეროვნება
ალექს რუოფი 198 ფორვარდი 31 აშშ
პატრიკ რიჩარდი 196 ფორვარდი 27 აშშ
ჟერომ ჯორდანი 215 ცენტრი 30 იამაიკა
დომინიკ მავრა 195 უკანახაზელი 23 ხორვატია
ომარი გუდული 206 ფორვარდი 23 ნამიბია
ტომაშ გიელო 206 ფორვარდი 24 პოლონეთი
შაულიუს კულვეიტისი 206 ფორვარდი 26 ლიტვა
ალბერტ ვენტურა 191 ფორვარდი 25 ესპანეთი
სერჟი ვიდალი 199 ფორვარდი 35 ესპანეთი
სიმონ ბერგანდერი 211 ცენტრი 19 შვედეთი
ნენად დიმიტრიევიჩი უკანახაზელი 19 მაკედონია
ხოსე ნოგუესი 204 ფორვარდი 22 ესპანეთი
ხაბიერი 198 ფორვარდი 20 ესპანეთი
მწვრთნელი: დიეგო ოკამპო

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 20 /
ცქიტიშვილი საქართველოს მოქალაქე აღარ არ არის თუ რა ხდება ნაკრებში რატომ აღარ არის? ბოისაზე მეტ სარგებელს არ მოუტანდა ნაკრებს?
სანდრო
20:46 19-09-2017
0
ცქიტიშვილი და ცინცაძე დაემატნენო და შემადგენლობაში მე ვერ ამოვიკითხე და სხვისი სახელით გამოდიან? :)))
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული